Accessibility links

logo-print
7 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან ომის წლისთავი აღნიშნა. ღონისძიებები საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა. ყველგან ჭარბობდა სახელმწიფო დროშა და პატრიოტული რიტორიკა. რადიოსადგურები მთელი დღის განმავლობაში სამშობლოსადმი მიძღვნილ სიმღერებს გადასცემდნენ.

ქართული ტელევიზიებისთვის შვიდ აგვისტოს ისეთ ადამიანს რომ ეცქირა, ვინც შარშანდელი ომის შედეგები არ იცის, დანამდვილებით იტყოდა, რომ საქართველო მოგებული ომის წლისთავს აღნიშნავდა.
საზოგადოების საჯარო პროტესტი ამ ფაქტს არ გამოუწვევია, რასაც, სულ მცირე, ორი მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, თითქმის არ არსებობს სივრცე, სადაც შეიძლება გონივრული დისკუსია გაიმართოს იმის შესახებ, თუ რამდენად სწორად ვაფასებთ შარშანდელ ომს, რამდენად გვაქვს გააზრებული მისი შედეგები და რამდენად ადეკვატურად აღვნიშნავთ ომის დაწყებიდან ერთი წლის თავს. ამგვარ დისკუსიაში მკაფიოდ გამოჩნდებოდა საზოგადოების განწყობა. მეორეც, წაგებული ომის აღნიშვნა დროშების ფრიალით ჩვენი რეალობისთვის ახალი არ არის. ჯერ კიდევ შარშან, თორმეტ აგვისტოს და პირველ სექტემბერს ხელისუფლებამ ქვეყნის მოსახლეობა იმგვარ ღონისძიებებში ჩააბა, რომლებიც თავისი ფორმით უფრო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ კარნავალს ჰგავდა, ვიდრე პროვოკაციაზე წამოგებული და მძიმედ დაზარალებული ქვეყნის ბუნებრივ რეაქციას. ამიტომ, ჯაჭვი და კონცერტი დიდი სიახლე აღარ ყოფილა საქართველოს მოსახლეობისთვის და საზოგადოების გულგრილობის ახსნა ამ ფაქტორითაც შეიძლება.

ჩუმი თანხმობის წიაღში მაინც გამოკრთა ჩუმი პროტესტი და ეს მოხდა „რადიო თავისუფლების“ ვებსაიტზე, რომელიც თითოეულ ადამიანს საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმის საშუალებას აძლევს. შემოგთავაზებთ ანონიმი ავტორების ორ კომენტარს, რომლებიც 7 აგვისტოს საზეიმო აღნიშვნის შემდეგ ჩვენი რადიოს ბლოგებზე გამოქვეყნდა:

პირველი კომენტარი: „იქნებ სექტემბერში აღგვენიშნა დიდი პომპეზურობით კრწანისის ბრძოლაში დამარცხების 214 წელი? ან გარნისის ბრძოლაში ჯალალედინთან დამარცხების 784 წელი? ან ჯალალედინის მიერ თბილისის აღების 783 წელი? ან თემურლენგის მიერ თბილისის აღების 623 წელი?“

მეორე კომენტარი: „დიდი გულისტკივილით ვუყურებდი გუშინ თეატრალურ წარმოდგენას. ქართველები თეატრალური ხალხი კი ვართ, მაგრამ გლოვის ზეიმად გადაქცევა უზნეობაა. სამწუხაროდ, ზომიერების გრძნობა დავკარგეთ (დაგვაკარგვინეს). მე, პირადად, ძალიან შემრცხვებოდა იმ ხალხისა, რომელთაც ის არ აკმარეს, რომ ძვირფასი ადამიანები დაუხოცეს, ათასჯერ მონასმენი სისულელეები ასმენინეს, ტაშიც აკვრევინეს და კიდევ ერთხელ დააწყვიტეს ნერვები.“

და მაინც, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ, ასეთი მრავალრიცხოვანი საზეიმო ღონისძიებით აღენიშნა შარშანდელი ომის წლისთავი?

ამ კითხვის პასუხად ორი მოსაზრება არსებობს. პირველი (ყველაზე გავრცელებული) ისაა, რომ ხელისუფლებამ წლისთავის პომპეზური აღნიშვნით ომში დამარცხების ტვირთი საბოლოოდ მოიხსნა. ამ კონტექსტში მოისმენთ რუსულ-ქართულ ტერმინსაც: „გააპრავა“. ხელისუფლების მხრიდან ამგვარი მცდელობის გამორიცხვა შეუძლებელია, ოღონდ, საკითხავია, ვის თვალში გაიმართლა თავი ხელისუფლებამ? ვის აუჩუყა გული მორიგმა ჯაჭვმა და კოცონმა? განა პრეზიდენტის მომხრეებად ისევ მისივე მომხრეები არ დარჩნენ?

მეორე მოსაზრებაც არსებობს: რომ ხელისუფლებამ 7 აგვისტოს აღნიშვნა ოპოზიციას დაასწრო და რომ ხელისუფლების შთამბეჭდავი ღონისძიებების გამო, აზრი დაკარგა ოპოზიციის პროტესტმა. სინამდვილეში, ოპოზიცია შვებულებაშია და 7 აგვისტოსთვის დაპირებული გრანდიოზული საპროტესტო მიტინგიც, ამ თუ სხვა მიზეზით, კარგა ხნის წინ ჩაიშალა.

რაკი არსებული ვერსიები დავიწუნე, საკუთარს შემოგთავაზებთ. შარშანდელი ომის მომდევნო დღეებში მიხეილ სააკაშვილი შოკირებული იყო მარცხით, რადგან მანამდე იგი მუდმივი გამარჯვებების რიტმში ცხოვრობდა. ვერც საქართველოში და ვერც უცხოეთში ბევრი ადამიანი ვერ იფიქრებდა, რომ პრეზიდენტი ომში მყისიერი მარცხით გამოწვეულ ჭრილობებს მალევე მოიშუშებდა, ხალხის პროტესტსაც მშვიდობიანად გაუმკლავდებოდა და ომის დაწყება-დამთავრებიდან ერთი წლის თავზე კვლავაც ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი იქნებოდა თავის ქვეყანაში. არადა, სწორედ ეს მოხდა. ხელისუფლება არ მალავს, რომ ომიდან ერთი წლის შემდეგ უფრო მყარად ფლობს ძალაუფლებას, ვიდრე – ომამდე.

ამიტომ, პირადად მე 7 აგვისტოს ზეიმი გაცილებით გულწრფელი და ღრმად მოტივირებული მგონია, ვიდრე – ზედაპირული და ხალხის მოსატყუებლად შეთხზული. ხელისუფლებას ეზეიმება და ზეიმობს! – უფრო ზუსტი ახსნა რაღა უნდა იყოს?!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG