Accessibility links

შარშანდელი ომის “რუსული გაკვეთილები”


ანდრეი ნეკრასოვი

ანდრეი ნეკრასოვი

შარშანდელი აგვისტოს ომის წლისთავი მთავარი თემაა რადიო თავისუფლების თითქმის ყველა ეროვნული სამსახურისათვის. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე საუბრობენ რუსი ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი და ცნობილი რუსი კინორეჟისორი ანდრეი ნეკრასოვი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომზე იღებს დოკუმენტურ ფილმს, სახელწოდებით “რუსული გაკვეთილები”.

ანდრეი ნეკრასოვი ავტორია რამდენიმე გახმაურებული დოკუმენტური სურათისა, - “უნდობლობა” და “ლიტვინენკოს საქმე”, - რომლებიც პოლიტიკური მიზეზების გამო რუსეთის ტელეეკრანებზე არ გასულა. ალბათ, რუსეთის კინოგაქირავება ასევე უარს იტყვის მის მესამე ფილმზე, რომელიც საქართველო-რუსეთის ომს ეხება.

ანდრეი ნეკრასოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ფილმის იდეა სპონტანურად არ დაბადებულა:

“მე ყოველთვის მაინტერესებდა ეთნიკური წმენდა აფხაზეთში და მეჩვენებოდა, რომ ის დაუმსახურებლად არის მივიწყებული ან მივიწყებულია სანახევროდ. ეთნიკური წმენდა საქართველოს ტერიტორიაზე - თავისი სისასტიკით შუასაუკუნეობრივი და სრულიად შემაძრწუნებელი. ეს ისტორია მაინტერესებდა როგორც მხატვრული კინოს რეჟისორს, რადგან მიმაჩნდა, რომ იქ არის მასალა მხატვრული ფილმისათვის. მე და ოლგა კონსკაია ვაპირებდით სცენარის დაწერას და საქართველოში ვიყავით 2008 წლის ივლისში. მაგრამ რუსეთშიც, რომ აღარაფერი ვთქვათ კავკასიაზე, ყველასათვის ცხადი იყო, რომ რაღაც უბედურება ახლოვდებოდა.“

რეჟისორ ანდრეი ნეკრასოვის მიერ ნახსენები მსახიობი და პროდიუსერი ოლგა კონსკაია ამა წლის გაზაფხულზე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა. დოკუმენტურ ფილმს, რომელიც შარშანდელ ომს ეხება, ანდრეი ნეკრასოვი უკვე ამთავრებს. რეჟისორის თქმით, ფილმის სიუჟეტი გაგრძელებაა წინა სურათისა, რომელიც ალექსანდრ ლიტვინენკოს – რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი ოფიცრის - მკვლელობის საქმეს ეძღვნება:

“იცი, ალბათ, არსებობს სამწუხარო ჯაჭვი. მას შემდეგ, რაც ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს, მე საშა ლიტვინენკოს ვესაუბრებოდი და ორივემ საკუთარ თავს დავუსვით შეკითხვა: ვინ იქნება შემდეგი? - საშა ლონდონში იყო, მე კი უკან, რუსეთში, წასასვლელად ვემზადებოდი. მაშინ მან მითხრა: არავითარ შემთხვევაში არ წახვიდე, რადგან შემდეგი, შესაძლოა, შენ აღმოჩნდეო. მაგრამ შემდეგი, სამწუხაროდ, თავად საშა აღმოჩნდა. საშას მკვლელობის შემდეგ მეკითხებოდნენ ხოლმე: ვინ იქნება რეჟიმის შემდეგი მსხვერპლიო. როდესაც საქართველოსთან ომი დაიწყო, საკუთარ თავს ვუთხარი: საქართველო აღმოჩნდა შემდეგი მსხვერპლი-მეთქი. Mმაგრამ, ლოგიკური ჯაჭვისა და კავკასიაში რუსეთის ინტერესების გარდა, არსებობს კიდევ ემოციური მომენტი. ვფიქრობ, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში გარკვეულ როლს თამაშობს პუტინისა და მისი გარემოცვის პირადი ზიზღი საქართველოს ხელისუფლებისა და იმ რთული, არაყოველთვის ერთმნიშვნელოვანი, მაგრამ დემოკრატიისაკენ მიმავალი რეფორმების მიმართ, რომლებიც საქართველოში ხორციელდება.”

რუსეთის ხელისუფლების ამ “ემოციურ” დამოკიდებულებას მიიჩნევს შარშანდელი ომის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად ოლეგ პანფილოვიც, ექსტრემალური ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, რომელიც ომის შემდეგ საქართველოს მოქალაქეც კი გახდა:

“მე ყველაზე ძალიან ის მომწონს, რომ ქართველები ყველაზე სწრაფად მიდიან საბჭოთა კავშირიდან. ეს არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც საბჭოთა მენტალობიდან გაქცევის პროცესი ისეთი სწრაფია, რომ ხვდები - თუ არ ახტი ბოლო ვაგონის საფეხურზე, საბჭოთა კავშირში დარჩები. მე ვფიქრობ, სწორდ ის მოვახერხე, რომ ბოლოს კი არა, ბოლოსწინა ვაგონის საფეხურზე ავხტი.”

ოლეგ პანფილოვი
ოლეგ პანფილოვმა, ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორმა, ასევე შეაფასა საქართველოსა და რუსეთის შედეგები პროპაგანდისტულ ომში. პანფილოვი ფიქრობს, რომ საქართველომ საინფორმაციო ომი მოიგო, რადგან სიმართლე ამ ომში საქართველოს მხარესაა. პანფილოვი ამბობს, რომ რუსეთის ინტელიგენცია, რომელსაც ერთი ხმა არ ამოუღია პატარა საქართველოს ოკუპაციაზე, რუსული პროპაგანდის ბურუსიდან გამოდის:

“მათი რაოდენობა ცოტათი იზრდება, რადგან ჯანსაღი აზრი ფეხზე დგება. გადის რაღაც დრო და ადამიანები ხვდებიან, რომ გასულ წელს პროპაგანდა ძალიან უხეში და ძალიან სულელური იყო; გადის დრო და ყველა ხვდება, რომ ეს იყო ნამდვილი ბოდვა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები მზად არიან გამოვიდნენ ქუჩებში და თქვან: “ძირს რუსეთის ტელევიზია, ისინი იტყუებიანო და ასე შემდეგ.”ამას ისინი არ აკეთებენ, მაგრამ მე მეჩვენება, რომ ნელ-ნელა ამის გაცნობიერება ხდება.”

რუსეთის პროპაგანდისტული ბურუსის გაფანტვას ცდილობს რეჟისორი ანდრეი ნეკრასოვი, რომელმაც უკვე მოიფიქრა ფილმის საბოლოო სახელწოდება:

“რუსული გაკვეთილები”. რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა – ეს არა მხოლოდ პოლიტიკაა, არამედ ურთიერთობაა ორი მონათესავე კულტურისა, რომლებიც, დღეს, სამწუხაროდ, სხვადასხვა გზით მიდიანო, ამბობს რეჟისორი ანდრეი ნეკრასოვი:

“თქვენ ამბობდით, რომ საქართველო აზვიადებდა დაღუპული რუსი ჯარისკაცები რაოდენობას, აზვიადებდა ჩამოგდებული თვითმფრინავების რაოდენობას... – იცით, ეს ჩემთვის პროპაგანდა არ არის. ეს არის ტრაბახი, რომელიც დასაშვებია ნებისმიერი მეომრისა და მონადირისათვის. Mმაგრამ, ჩემი აზრით, დღევანდელ საქართველოს ანდა, შესაძლოა, საერთოდ, ქართულ კულტურას აქვს ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი: ყველა პრობლემის მიუხედავად (იქ არის დემოკრატიის პრობლემები, არა ისეთი დიდი, როგორიც რუსეთში, მაგრამ არის პრობლემა ოპოზიციასთან ურთიერთობაში და ასე შემდეგ), ქართულ პოლიტიკასა და კულტურაში არის ის სპონტანური გულწრფელობა, რაც რუსეთში ძალიან ცოტაა. დღევანდელ რუსეთში ცინიზმი მეფობს. ეს გულწრფელობა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, შეცდომების მიუხედავად, მაინც წინ, დემოკრატიისაკენ იაროს. და, ვფიქრობ, ჩვენ, რუსებმა, ეს მათგან უნდა ვისწავლოთ.”
XS
SM
MD
LG