Accessibility links

logo-print

რამზან კადიროვი: სამხრეთი ოსეთი ამერიკელებისთვის საბაბია, კავკასიაში შემოვიდნენ


რამზან კადიროვი

რამზან კადიროვი

გასულ თვეში გროზნოში მოიტაცეს ცნობილი უფლებადამცველი, ნატალია ესტემიროვა. რამდენიმე საათში ის მოკლული იპოვეს მეზობელ ინგუშეთში. ესტემიროვა ადამიანების მოტაცების, წამების, უფლებების დარღვევის სხვა შემთხვევებს იძიებდა და მის მოკვლისთვის პასუხისმგებლობას, მეგობრები და თანამოაზრეები, ჩეჩნეთის პრეზიდენტს, რამზან კადიროვს აკისრებენ. საერთოდ, კადიროვს ბევრი ადანაშაულებს რესპუბლიკაში განუკითხაობის გარემოს შექმნაში. კადიროვი ბრალდებებს უარყოფს - ასეა ექსკლუზიურ ინტერვიუშიც, რომელიც ჩეჩენმა ლიდერმა რადიო თავისუფლებას მისცა. გუდერმესის რეზიდენციაში კადიროვს ესტუმრნენ ოლეგ კუსოვი, დანილა გალპეროვიჩი და გრეგორი ფაიფერი. მათ კადიროვს სთხოვეს, აღეწერა ჩეჩნეთის აღსადგენად შემუშავებული პროგრამა.

რამზან კადიროვი: "მე პროგრამა არა მაქვს. პროგრამა ჯერ კიდევ მამაჩემის, ჩვენი პირველი პრეზიდენტის მმართველობის დროს შემუშავდა. ჩვენ სრულად ვასრულებთ ყველაფერს, რაც ჩვენმა პირველმა პრეზიდენტმა დასახა, სრულად ვახდენთ ყველა მისი გეგმის რეალიზაციას. რამდენი დაჯდება ეს ყველაფერი და რა სახეს მიიღებს - დღეს ამის თქმა ძალიან ძნელია უძლიერესი ეკონომისტისა და ფინანსისტისთვისაც კი, ყოველ წელს არის სხვადასხვა ეკონომიკური დაღმასვლა და აღმასვლაც არის ხოლმე, ასე რომ რა იქნება ხვალ - არავინ იცის. მაგრამ ერთი რამ ვიცი - რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკას აღვადგენთ, და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში ყველა პრობლემა მოგვარდება. შეიქმნება სამუშაო ადგილები. ჩეჩნეთი იქნება ყველაზე წარმატებული რეგიონი რუსეთის ფედერაციაში."

იხ. რამზან კადიროვის რუსულენოვანი ინტერვიუ:

რადიო თავისუფლება დაინტერესდა იმითაც, რატომ მიაჩნია თავი კადიროვს - ჩეჩნებს შორის - ყველაზე უკეთ კვალიფიცრებულად რეგიონისთვის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მოსატანად.

კადიროვი: "მე გუნდში ვარ, გუნდის წევრი. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის გუნდი. მე ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი ვარ. მე ხალხის მსახური ვარ, ხალხს ვემსახურები."

რადიო თავისუფლების შემდეგი შეკითხვა ეხებოდა ძალადობის პრობლემას, რომელიც უცხოეთში ბევრის თვალში განაპირობებს წარმოდგენას ჩეჩნეთზე. როგორ ფიქრობთ, რატომ არის ასეო - ჰკითხეს ჩვენმა კოლეგებმა რამზან კადიროვს.

კადიროვი: "ველური ძალადობა, ველური საზოგადოება თუ ... -არ ვიცი, ზუსტად როგორ ვთქვა - დასავლეთია! შევიდნენ ერაყში - ხოცავენ, ავღანეთში- ხოცავენ. შედიან პალესტინაში- ხოცავენ. მთლიანად არღვევენ ადამიანის უფლებებს. საკონცენტრაციო ბანაკები. ადამიანის თავისუფლება იქ არსად არ არის. ასეთი სიტყვები თუ წარმოთქვა - უკვე მტრად ითვლება. ჩეჩნეთი - რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ნაწილია. აქ დაცულია რუსეთის ფედერაციის აბსოლუტურად ყველა კანონი. თუ ვინმე ამბობს, რომ ადამიანის უფლებებს ვარღვევთ, მართლაც არის ხოლმე მომენტები - როგორც ყველგან, სადღაც რაღაც არის ხოლმე. ვინც დაარღვია ადამიანის უფლებები- მილიეციელია, თუ სპეც-სამსახურის თანამშრომელი, ჩვენ მას ვსჯით."

ჩვენმა კორესპონდენტებმა კადიროვს შეახსენეს დაპირება, რომ პირადად გაუწევდა მეთვალყურეობას ნატალია ესტემიროვას მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას - არადა, ესტემიროვას კოლეგები სწორედ კადიროვს აკისრებეს პასუხისგმებლობას. რატომ არ სურს ჩეჩენ ლიდერს, რომელიმე დამოუკიდებელ მოღვაწეს მიანდოს გამოძიების ობიექტურობაზე ზრუნვა?

კადიროვი: "მე ვამბობ: თუ კადიროვი დამნაშავეა, თუ კადიროვის ხალხი დამნაშავეა, დაამტკიცონ. რაში ჭირდება კადიროვს ისეთი ქალის მოკვლა, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს? მას არც სინდისი ჰქონდა, არც ღირსება, და მე ის მაინც დავნიშნე საბჭოს თავმჯდომარედ. ვცდილობდი, ვეუბნებოდი: მოდი, ობიექტურად განვიხილოთ საკითხები-მეთქი. მას ეს არ მოსწონდა. არ დადიოდა თათბირებზე, რაღაც სისულეებს როშავდა. გამოვიძახე და ვეუბნები: შენ ქალი ხარ, ჩვენ ვცდილობთ, ხალხისთვის რამე გავაკეთოთ. მაგრამ თუ არ გამოგვდის, ყველაფერს ჩვენ ნუ დაგვაბრალებ. თუ გამოსავალი იცი, მითხარი და მთელ ბიუჯეტს მოგცემ - რესპუბლიკურ ბიუჯეტს, ქალაქის ბიუჯეტს." მესმის, მესმისო. მერე ავიღე და დავითხოვე ის საბჭო. და სად არის ჩემი დანაშაული იმაში, რომ ესტემიროვა მოკლეს? გამოიძიონ კომპეტენტურმა ორგანოებმა და თუ კადიროვი დმნაშავეა, თუ მისი ხალხი დამნაშავეა, დაე, დასაჯონ."

შემდეგ საუბარი საქართველოზე ჩამოვარდა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტებმა კადიროვს ჰკითხეს, როგორ აფასებს იგი შარშანდელი აგვისტოს ომს.

კადიროვი: "სამხრეთ ოსეთი ამერიკელებისთვის საბაბია, კავკასიაში შემოვიდნენ და მთელი კავკასია მიიტაცონ. მერე კი თავიანთი პირობები გვიკარნახონ. სწორად მოიქცა ფედერალური ცენტრი - არ შემოუშვა ისინი. და არც შემოვუშვებთ. მე ვილოცებ, და ყოველთვის ამის წინააღმდეგი ვიქნები. ფედერალურმა ცენტრმა კიდეც რომ გადაწყვიტოს სამხრეთ ოსეთის ჩაბარება, მე ამის წინააღმდეგი ვიქნები. რადგან კავკასია რუსეთის ზღურბლია. რატომ უნდა მივცეთ ვინმეს სამხრეთ ოსეთი ან აფხაზეთი? იყვნენ სუვერენულ სახელმწიფოებად, იყვნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, მაგრამ რუსეთისთვის ისინი მოკავშირე სახელმწიფოები იქნებიან."

ბოლოს რადიო თავისუფლებამ რამზან კადიროვს სთხოვა, ორიოდე სიტყვა ეთქვა თავის დამოკიდებულებაზე ვლადიმირ პუტინისა და დმიტრი მედვედევისადმი. პასუხი ასეთი იყო:

კადიროვი: "პუტინი ჩემი კერპია! მე ის მიყვარს, პატივს ვცემ. მისთვის სიცოცხლეს არ დავიშურებ. ამ ადამიანს სიცოცხლეს ვუმადლი. ამიტომ ეს ჩემია, პირადულია. ხოლო როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეგახსენებთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი დმიტრი ანატოლის ძე მედვედევია, ძლიერი, ბრძენი, მართალი პოლიტიკოსი. სხვანაირი რომ იყოს, გუნდი მას მხარს არ დაუჭერდა. და პუტინმა ერთხელ კიდევ დაამტკიცა, რომ ძლიერი ადამიანია, რომ თავისი ხალხის მსახურია. მან დაუფიქრებლად ჩამოიქვეითა თავი მთავრობის თავმჯდომარედ, და ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ემსახურება თავის ხალხს, თავის ქვეყანას. პუტინისადმი ჩემი დამოკიდებულება არასოდეს შეიცვლება. ის რომ არ გავაწბილო, მას რომ ჩემს გამო გაწითლება არ მოუხდეს, თავს გავწირავ."

გინდათ, პუტინი ისევ პრეზიდენტი გახდესო? - ჰკითხა კადიროვს რადიო თავისუფლებამ ინტერვიუს დასასრულს.

"ძალიან მინდა! მინდა, რომ ის სიცოცხლის ბოლომდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად დარჩეს", იყო პასუხი.

იხ. რამზან კადიროვის რუსულენოვანი ინტერვიუ:
http://www.svobodanews.ru/video/2754.html

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG