Accessibility links

logo-print

მოსკოვი კიევს ანტირუსულ პოლიტიკაში ადანაშაულებს


რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინა აშკარად არამეგობრულ და ანტირუსულ პოლიტიკაში დაადანაშაულა. პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთვის ამ შინაარსის წერილის გაგზავნის აუცილებლობა დიმიტრი მედვედევმა საკუთარ ვიდეობლოგში განმარტა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მან უკრაინელ კოლეგას ორი ქვეყნის კრიზისული ურთიერთობით გამოწვეული შეშფოთება გაუზიარა. მოსკოვისადმი კიევის არამეგობრული დამოკიდებულების ერთ-ერთ მაგალითად პრეზიდენტმა მედვედევმა შარშანდელი აგვისტოს ომი მოიყვანა და განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთზე სააკაშვილის რეჟიმის თავდასხმისას უკრაინამ ანტირუსული პოზიცია დაიკავა“. მედვედევი აღნიშნავს, რომ ისინი, ვინც კიევიდან ქართულ არმიას იარაღს აწვდიდნენ და მსგავსი მოქმედების შეწყვეტას არ აპირებენ, თბილისთან ერთად დანაშაულის პასუხისმგებლები არიან. უკრაინისადმი რუსეთის პრეზიდენტის პრეტენზიათა შორისაა ნატოში გაწევრიანების კურსიც, რომელიც მედვედევის შეფასებით, ოფიციალურმა კიევმა უკრაინის მოქალაქეთა აზრის გაუთვალისწინებლად აირჩია. ამავე ვიდეობლოგში რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ხელისუფლება რუსული კომპანიებისთვის პრობლემების შექმნაში დაადანაშაულა და იმედი გამოთქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინის ახალი ხელისუფლება რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კურსს აირჩევს.
XS
SM
MD
LG