Accessibility links

logo-print
დღევანდელი პრესა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევას ეხმაურება, მაგრამ, ვიდრე ამ თემას შევეხებოდე, ”24 საათში” გამოქვეყნებულ ერთ ინტერვიუზე გეტყვით. გაზეთის კორესპონდენტი ბელორუს პოლიტიკურ მიმომხილველს რომან იაკოვლევსკის ესაუბრა. რესპონდენტი ამბობს, რომ ის ლუკაშენკოსგან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას მოელოდა. ”თუმცა ლუკაშენკოს პროგნოზირება, მისი აბსოლუტური ძალაუფლების პირობებში, შეუძლებელია”, - დასძენს იაკოვლევსკი. ის ბელორუსიის პრეზიდენტის პოზიციას ასე განმარტავს: ”თავად ლუკაშენკო აცხადებს, რომ დიდ თამაშს თამაშობს, რომელიც საქართველოსაც ეხება. იგი შეჰპირდა მოსკოვს იურიდიულ აღიარებას და მას ამის გაკეთების საშუალება აქვს. რუსეთის პატრიარქის დაკრძალვაზე ლუკაშენკო ბაღაფშსა და კოკოითისაც შეხვდა და ამ საკითხის გადაწყვეტას დაჰპირდა. თუმცა თავად ამას თამაშის სხვა ნაწილს უკავშირებს, რომელსაც დასავლეთთან და, კერძოდ, ევროკავშირთან აწარმოებს. ამ თამაშის არსი კრედიტების მიღებაა როგორც ევროპისგან, ასევე რუსეთისგან.”

ახლა, რაც შეეხება ტელევიზიის თემას დღევანდელ პრესაში: ”მოსალოდნელი არჩევანი პირველი არხისთვის” – ეს ”რეზონანსის” სათაურია. ავტორი წერს: ”საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად გია ჭანტურიას დანიშვნამ, რაშიც ბევრს თავიდანვე არ ეპარებოდა ეჭვი, საზოგადოების გარკვეული ნაწილის, დირექტორობის კანდიდატების და ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია... გენდირექტორობის ყოფილმა კანდიდატმა, ეროსი კიწმარიშვილმა, ”რეზონანსთან” საუბარში ბორდის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ”მონური” უწოდა. ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ნათელი გახდა, თუ როგორი მზაობაა საზოგადოებრივ მაუწყებელში დემოკრატიული განვითარებისთვის.“ ”გილოცავთ ყველას, რომ ერთად დავინახეთ ამ მმართველობის ტიპის რეალური სახე”, - უთქვამს კიწმარიშვილს ”რეზონანსისთვის”.

”საქართველოს რესპუბლიკის” პირველი გვერდის სათაურია ”გამჭვირვალე მაიმუნობა”. გაზეთი წერს: ”ვეჭვობთ, ბორდის თუნდაც იმ სამმა წევრმა, ვინც ხმა არავის მისცა, ოდესმე თქვას, ვინ მიიღო გადაწყვეტილება მათ ნაცვლად. 5:0 - ასეთია გიორგი ჭანტურიას ”შთამბეჭდავი გამარჯვების” საბოლოო ანგარიში. ამავე ანგარიშით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამარცხა საკუთარი ხალხი ბინძურ პოლიტიკურ თამაშში, სადაც თვითონ მატჩის ორგანიზატორიც იყო, ერთ-ერთი მხარეც და მსაჯიც! კიდევ ერთხელ დავრწმუნდით: არც ხელისუფლებას და არც ბორდს ჭკუა არ ჰყოფნით იმის მისახვედრად, რომ ასეთ გამარჯვებას ბევრად სჯობს ნაღდი დამარცხება!”

”ახალი თაობა” საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორთან ინტერვიუს აქვეყნებს. ჟურნალისტი მას ეკითხება: ”- რამდენად დამოუკიდებელი იქნებით?”. ჭანტურიას პასუხი: ”პირადად მე არასოდეს მსგავსი პრობლემა არ მქონია. არც იმის მჯერა, რომ გენერალური დირექტორობის დროს მსგავსი პრობლემა მექნება. რა თქმა უნდა, არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს, მითითებები, ზეწოლა განახორციელოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ნებისმიერ მედიასაშუალებაზე. მე ვინც მიცნობს, მან იცის, რომ ადვილი არ არის ვინმემ რაღაც მითითებები მომცეს. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის, რომელი პოლიტიკური პარტიიდან არის თუ საზოგადოებრივი ჯგუფიდან. დიალოგი შეიძლება ყველასთან. რაც სასარგებლოა, ყველამ ერთად გავაკეთოთ კონსენსუსით”, - ამბობს გიორგი ჭანტურია. ამავე ინტერვიუში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი არხზე ჟურნალისტური გამოძიების გამოჩენის პერსპექტივაზე საუბრობს: ”ჟურნალისტური გამოძიება იქნება გაშლილი ყოველმხრივ და ყველანაირად. თუმცა ახალი ჯგუფი არის გასაკეთებელი. ის ადამიანი, ვინც ჟურნალისტურ გამოძიებას აკეთებს, ძალიან კარგად უნდა ერკვეოდეს იმ საკითხში. არ შეიძლება ჟურნალისტური გამოძიება სენსაციაზე გამოკიდებული იყოს. ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ ადამიანებს ცხოვრება დავუნგრიოთ. სერიოზულ და მაღალ დონეზე უნდა გაკეთდეს”, - ამბობს გიორგი ჭანტურია ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში და ვარაუდობს, რომ ”ჟურნალისტური გამოძიების პირველი მასალა” საახალწლოდ იქნება მზად.

”ალია” რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სთხოვს მოსაზრების გამოთქმას საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის არჩევაზე. ეკა ბესელია: ”გარკვეული ზეწოლის შედეგი იყო, რომ ყუბანეიშვილი წავიდა, თუმცა ამით უკეთესი შედეგი ვერ მივიღეთ. ახლა უნდა გავაძლიეროთ საზოგადოების კონტროლი მაუწყებლის მიმართ. არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ჭანტურიას, გააგრძელოს იგივე, რაც ხდებოდა. თუკი ის არ შეცვლის კურსს და საზოგადოების სამსახურში არ ჩააყენებს ტელევიზიას, რაც მალევე გამოჩნდება, ის გაიზიარებს ყუბანეიშვილის ბედს.” ფიქრია ჩიხრაძე: ”დღევანდელი გადაწყვეტილებით, მედიასივრცის ნაციონალიზაციის პროცესი დასრულდა. ”რუსთავი-2”-ისა და ”იმედის” საკითხი დიდი ხანია გარკვეულია და დღეს საზოგადოებას საბოლოოდ ჩამოართვეს ”პირველი არხი” და ასევე გადაუფორმეს ”ნაციონალურ მოძრაობას” ოფიციალურად, ჭანტურიას დანიშვნით.” ”ალია” სოსო შატბერაშვილსაც სთხოვს კომენტარს. ის ამბობს: ”საზოგადოებრივი არხი გარდაიცვალა და გარდაიცვალა საზოგადოებისთვის.”
XS
SM
MD
LG