Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომის დროს დაღუპული ექიმები გორში გაიხსენეს


შარშან, აგვისტოში, ომმა 4 ქართველი ექიმის სიცოცხლეც იმსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანი, გიორგი აბრამიშვილი, გორის ჰოსპიტლის ეზოში ჭურვის ნამსხვრევით დაიღუპა. ჰოსპიტალში მისი და სხვა ექიმების ხსოვნის პატივსაცემად მემორიალური დაფა ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა გახსნა.

გორელმა ექიმებმა ერთი წლის წინანდელი ამბები გაიხსენეს. თამარ ბოლოთაშვილი ფიქრობს, რომ უმძიმესი დღეები დაჭრილებზე ზრუნვით და ერთმანეთის თანადგომით გადაიტანეს.

ჰოსპიტლის ექთანმა ნანა შაღაშვილმა შარშანდელი აგვისტოს შემდეგ საიდუმლოდ შენახული ამბავი პირველად რადიო თავისუფლებას უამბო. გორის ოკუპაციისას ექთანს ცხინვალიდან ჩამოყვანილი ტყვეების მოვლა ევალებოდა. ნანა შაღაშვილმა ოსი ეროვნების რამდენიმე მოხუცი დასაბანად საკუთარ სახლში წაიყვანა და, როგორც თავად ამბობს, ამით ძალიან ბედნიერი იყო.

გორის სასწრაფო დახმარების ექიმი თამუნა ქარელი რუსული ავიაციის მიერ ქალაქის დაბომბვისას მძიმედ დაიჭრა, მაგრამ, ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმების დახმარებით, გადარჩა და საქმიანობას დღესაც განაგრძობს.

გორის ჰოსპიტლის მთავარი ექიმის ნუკრი ჯოხაძის თქმით, მის თვალწინ ბევრმა ახალგაზრდა ექიმმა ომის დღეებში ტრანსფორმაცია განიცადა და შიში დაძლია.

გორის ჰოსპიტალში, გიორგი აბრამიშვილის მემორიალური დაფის გვერდით, ბოლო 20 წლის განმავლობაში სამხედრო კონფლიქტებისას დაღუპული სხვა მედიკოსების დაფაც გაიხსნა. მასზე 25 ადამიანის სახელი და გვარია ამოტვიფრული.
XS
SM
MD
LG