Accessibility links

logo-print
ძალოვან მინისტრებთან შეხვედრაში, რომელიც 12 აგვისტოსაა დაგეგმილი, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. ”ალიანსი საქართველოს” სახელით ამ შეხვედრაზე მივა ირაკლი ალასანია, რომელიც დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებულ პოლიტპატიმართა სიას წარადგენს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ შეხვედრის მთავარი თემა სწორედ პოლიტპატიმრები და, ზოგადად, პოლიტიკური რეპრესიები იქნება.

12 აგვისტოს ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან დაგეგმილ შეხვედრაზე ირაკლი ალასანია ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობის ერთგვარი წარმომადგენელი იქნება. პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების მიმართ გატარებული რეპრესიები ის მთავარი თემაა, რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ამ ფორმატის შეხვედრაზე უნდა განიხილონ. ესაა ასევე თემა, რომელზეც ”ალიანსში” შემავალ პარტიებსა და სხვა ოპოზიციონერებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. პოლიტპატიმართა ერთიანი სიაც, როგორც 11 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე მოძრაობა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ეკა ბესელიამ თქვა, მან პირადად გადასცა ირაკლი ალასანიას შს მინისტრისათვის წარსადგენად.

თუმცა, ამისდა მიუხედავად, ოპოზიციაში დღემდე არსებობს მსგავსი შეხვედრების მიმართ უნდობლობა. ეს სწორედ ის მოტივია, რის გამოც არაერთი პოლიტიკური ძალა ხელისუფლების შემოთავაზებას არ დასთანხმდა. ეკა ბესელია ერთ-ერთია, ვისაც ასეთი მკვეთრი პოზიცია აქვს: ” ხელისუფლება არ იძლევა ნდობის შექმნისთვის არანაირ წინაპირობას, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებმა მიიღოს არა პიარაქციის სახე, არამედ იყოს შედეგზე ორიენტირებული. რეალური სურათი ისაა, რომ, თუ ორი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანი გაათავისუფლეს, დააპატიმრეს მის ნაცვლად ათჯერ მეტი. ხვალინდელ შეხვედრაშიც არ ვაპირებთ ჩვენ მონაწილეობის მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტპატიმრების თემა ჩვენთვის პრიორიტეტულია.“

ეკა ბესელია თავისი პოლიტიკური ძალის სახელით ამბობს, რომ დააკვირდება ამ შეხვედრას და დაელოდება მის შედეგს. თუ ცვლილება იქნა სისტემური ხასიათის და რამდენიმე ადამიანის გათავისუფლებით არ შემოიფარგლა, დიალოგის პროცესში ისიც ჩაერთვება. მანამდე კი ბესელია გამოდის ინიციატივით, შეიქმნას მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელშიც პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ექსპერტები, უფლებადამცველები მხოლოდ უკანონოდ დაპატიმრებულთა საქმეებზე იმუშავებენ: ”ეს ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს, დადებს დასკვნებს და მიაწოდებს ძალოვან უწყებებსა და საერთაშორისო საზოგადოებას იმ პირთა დაზუსტებულ სიას, რომლებიც იმყოფებიან პატიმრობაში.“

ეს ჯგუფი უნდა იყოს, ბესელიას სიტყვებით, ხიდი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ირაკლი ალასანიას ატანენ საკუთარ გზავნილს კონსერვატორებიც. თუმცა მისი ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა, მსგავსი შეხვედრებისგან კონკრეტულ შედეგს ნაკლებად ელის: ”ბევრი ასეთი შეხვედრა გაიმართა, მაგრამ არც ერთი არ დასრულდა რაიმე შედეგით. თუმცა ჩვენ მივესალმებით, თუ ხვალინდელი შეხვედრა შეცვლის ამ ნეგატიურ დინამიკას.“

ირაკლი ალასანიას გარდა, შეხვედრაზე მივა ”მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძეც, რომელიც 6 აგვისტოს ასევე ესწრებოდა უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომას. ტყემალაძის მოსაზრება ასეთია:

”ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელისუფლებას გადავადგმევინოთ ის ნაბიჯები, რომლებიც პოზიტიურად მიაჩნია ოპოზიციას. ყველანაირი ხერხი უნდა იხმაროს ოპოზიციამ და, პირველ რიგში, კონსტრუქციული დიალოგის და კონსულტაციის. თუნდაც რამდენიმე შემთხვევა გამოიძიონ და გამოუშვან რამდენიმე უდანაშაულო ადამიანი. ეს ხომ უკვე დადებითი შედეგი იქნება?”

დღის განმავლობაში კომენტარს არ აკეთებდა პარტია „თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია, რომელსაც ასევე ელიან ძალოვანებთან შეხვედრაზე. თუმცა, როგორც მისმა პრესმდივანმა გვითხრა, მან, შესაძლოა, გადაწყვეტილება შეცვალოს.

მემარჯვენეებსაც დასაშვებად მიაჩნიათ, ხელისუფლებას გამოსწორების შანსი მისცენ. ახლების ერთ-ერთი წევრი, მანანა ნაჭყებია, ამბობს, რომ პოლიტიკური რეპრესიების მასშტაბები იმდენად დიდია ოპოზიციის მიმართ, რომ გამოსავალი ან ხელჩართული ომია, ან ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ დათმობაზე წასვლა: ”უკვე ძალიან სახიფათო ზღვრამდე მივიდა ეს ყველაფერი და, ცხადია, ჩვენ გვირჩევნია ეს პროცესი დასრულდეს მშვიდობიანად და ხელისუფლებამ აღიაროს, რომ არ შეიძლება ასე უსწორდებოდე პოლიტიკურ ოპონენტებს და დროა, რომ ვინც ამ რეპრესიების მსხვერპლი გახდა, დაუბრუნდეს ოჯახს და გააგრძელოს ნორმალური ცხოვრება. სწორედ ამიტომ დასთანხმა შეხვედრას ირაკლი ალასანია. არის მეორე მომენტიც: იგივე დასავლეთი, აშშ, გარკვეულ ტესტს უწესებენ მიხეილ სააკაშვილს და ამბობენ, რომ ჩვენ უნდა ვნახოთ, ამ ადამიანებს შეუძლიათ თუ არა დემოკრატიის საფუძვლის შექმნა ქვეყანაში. თუ ჩვენ ამის შანსს არ მივცემთ, ვერასოდეს ამას ვერ გავიგებთ. ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ ეს შანსი.”

შეხვედრაზე არ მივა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე. მერაბიშვილთან საუბარს არც ”ხალხის პარტია” და ”ეროვნული ფორუმი” აპირებს. უცნობია ნინო ბურჯანაძის პარტიის, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“, გადაწყვეტილება.

რაც შეეხება ე.წ. რეპრესირებულთა და პოლიტპატიმართა სიას, როგორც ეკა ბესელიამ გვითხრა, 2009 წლის 9 აპრილამდე პოლიტიკური ნიშნით 76 ადამიანი იყო დაპატიმრებული, 2007 წლის ოქტომრიდან დღემდე კი - 115 და რიცხვი, მისივე თქმით, დღითი დღე იზრდება.

აღიარებს თუ არა ხელისუფლება ამ ფაქტს და გაათავისუფლებს თუ არა ამ ადამიანებს, ამას, სავარაუდოდ, 12 აგვისტოს შეხვედრა გამოაჩენს.
XS
SM
MD
LG