Accessibility links

logo-print

როგორ ემზადება გორი აგვისტოს ომის წლისთავის აღსანიშნავად


გორში აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით განსაკუთრებით ემზადებიან, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება მოსაწყობი ღონისძიებების ბოლო დეტალებს ერთმანეთს უთანხმებს. წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები 6 აგვისტოს, ღამის 12 საათზე, გორის ციხეზე კოცონის დანთებით დაიწყება და 8 აგვისტომდე გაგრძელდება. მთავარი ღონისძიებები 7 აგვისტოს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და საეპარქიო ტაძართან გაიმართება, შუადღისთვის კი გორის ციხესთან მებრძოლ გმირთა მემორიალი გაიხსნება. წინასწარი ინფორმაციით, ამ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება. გიორგი ოჩიაურის მიერ შესრულებული “წინაპარ მებრძოლთა მონუმენტი” თბილისის ვაკის პარკიდან გორის ციხესთან გადმოიტანეს. მებრძოლთა ქანდაკებები ციხის ანსამბლში კარგად ჩაჯდა. ამჟამად მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო სამშენებლო და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოთა მწარმოებლის გივი ზანგალაძის ინფორმაციით, 7 აგვისტოსთვის ყველაფერი მზად იქნება.

7 და 8 აგვისტოს გორში გამოფენები, სიმფონიური და კამერული მუსიკის კონცერტები გაიმართება. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურაბ ჩხეიძე არ გამორიცხავს, რომ უკვე შედგენილ პროგრამას რამდენიმე ღონისძიება კიდევ შეემატოს.

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ 7 აგვისტოს ქართველი სტუდენტები სტალინის ძეგლთან შეიკრიბებიან და მოითხოვენ, საბჭოთა კავშირის ბელადის მონუმენტი გორის ცენტრალური მოედნიდან მუზეუმის ტერიტორიაზე გადაიტანონ.
XS
SM
MD
LG