Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კომფორტულად და იაფად


ბათუმის მერიის ვებგვერდზე საზღვაო, სარკინიგზო თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციაა განთავსებული. ამ საიტიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ ბათუმსა და მის ახლომდებარე რაიონებში 53 ავტობუსი მოძრაობს, მათი შემოყვანა კი აჭარაში რევოლუციის შემდეგ გახდა შესაძლებელი. დღეს, როგორც მგზავრები ამბობენ, ყველაზე მოწესრიგებული ეს სფეროა. ისინი მგზავრობენ კომფორტულადაც და იაფადაც. ბათუმის ფარგლებში მგზავრობა 30 თეთრი ღირს. “ მე ვმგზავრობ იაფადაც და კარგადაც. არ მიხდება ლოდინი”, - ამბობს ბათუმელი შაქრო ანანიძე. ის 20 ნომერს ელოდება და ამბობს, რომ ყველაზე მეტად ეს სფეროა მოწესრიგებული და, აქედან გამომდინარე, ელოდება, რომ პრობლემები არ შეიქმნება. პირიქით, უკეთესი გახდება. პრობლემები გადაადგილებასა და ტრანსპორტის ნაკლებობასთან დაკავშირებით უფრო მეტად სოფლის მცხოვრებლებს აქვთ. მაგალითად, ხელვაჩაურის რაიონში 13 თემია. აქედან გადაადგილების პრობლემა მხოლოდ იმ თემებში არ დგას, სადაც მუნიციპალიტეტის ავტობუსები მოძრაობენ. ესენია: სარფის, გონიოს, ახალშენის და ახალსოფლის თემები. სხვა ადგილებში კი პრობლემის გადაჭრას მთავრობა შარშან შეეცადა, როცა უკრაინული ავტობუსები ჩამოიტანა, მაგრამ ორი-სამი თვის შემდეგ, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებთან დაპირისპირების გამო, ავტობუსებმა მოძრაობა შეწყვიტეს. ეს აღარ განმეორდება, – ამბობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ლორთქიფანიძე. მისი ვარაუდით, დაპირისპირება ისევ იქნება, მაგრამ მოსახლეობის კეთილდღეობის გამო ბევრი რამ უნდა "გადავყლაპოთ".

ხელვაჩაურის რაიონის მსგავსი პრობლემები აქვს ქობულეთის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს, ოღონდ არსებობს იმედი, რომ მთავრობა უახლოეს მომავალში მათთვის 90 ავტობუსს გამოყოფს და რაიონებზე გადაანაწილებს.
XS
SM
MD
LG