Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსების დამოკიდებულება აშშ-ის, ევროკავშირის, უკრაინისა და საქართველოს მიმართ


რუსეთის პრეზიდენტი უკრაინას “აშკარად არამეგობრულ და ანტირუსულ პოლიტიკაში” ადანაშაულებს. ამ შინაარსის ბრალდებას მოიცავს წერილი, რომელიც პრეზიდენტმა მედვედევმა უკრაინელ კოლეგა ვიქტორ იუშჩენკოს გაუგზავნა. რამდენად “არამეგობრულად” და “ანტირუსულად” აფასებენ მოსკოვში საქართველოს პოლიტიკურ კურსს, ეს თავისთავად ცხადია ომით და ომის შემდეგ რუსეთის ლიდერების არაერთი განცხადებით, რომ გამორიცხავენ საქართველოს პრეზიდენტთან მოლაპარაკების შესაძლებლობას. ასეთია რუსეთის ხელისუფლების პოზიცია ორ მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში.

რაც შეეხება უკრაინასა და საქართველოს მიმართ რუსეთის რიგითი მოქალაქეების დამოკიდებულებას, მისი, აგრეთვე აშშ-ისა და ევროკავშირისადმი დამოკიდებულების გარკვევა სცადა რუსეთში უდიდესმა ორგანიზაციამ, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს აწარმოებს - “იური ლევადას ანალიტიკურმა ცენტრმა” (ანუ “ლევადას ცენტრმა”) 17-20 ივლისს ჩატარებული გამოკითხვით, რომლის შედეგებიც დღეს გამოქვეყნდა.

თავისთავად ჩამონათვალი - შეერთებული შტატები, ევროკავშირი, უკრაინა და საქართველო - საყურადღებოდ მივიჩნიეთ: რატომ აღმოჩნდა ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დროს, შეერთებულ შტატებისა და ევროკავშირის გვერდით?

როცა ამ შეკითხვით მივმართეთ ლევადას ცენტრის დირექტორ ლევ გუდკოვს, მან მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გამოკითხვის ერთ-ერთი მიზანი იყო შარშანდელი აგვისტოს ომისადმი დამოკიდებულების გარკვევა. ხოლო ამ მხრივ, და ზოგადად, საგარეო-პოლიტიკურ დაძაბულობას რაც შეეხება, ლევადას ცენტრი რეგულარული გამოკითხვებით ცდილობს, დაადგინოს, როგორია რუსეთში მოსახლეობის პოზიცია შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, საქართველოსთან, უკრაინასთან მიმართებით.

ლევ გუდკოვი
“ეს გამოკითხვა მოიცავდა რამდენიმე ბლოკს, მთელ რიგ შეკითხვებს სამხრეთ კავკასიაში რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, შეკითხვებს ჩეჩნეთზე და სხვა პრობლემებზე”, - გვითხრა გუდკოვმა.

რეპრეზენტაციული გამოკითხვის ფარგლებში, რომელიც ლევადას ცენტრმა 17-20 ივლისს ჩაატარა, რუსეთის 46 რეგიონის 128 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 1600 ადამიანს სთხოვეს გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება, როგორც უკვე ვთქვით, აშშ-ის, ევროკავშირის, უკრაინისა და საქართველოს მიმართ. გაირკვა, რომ მაისის შემდეგ (ანუ ორი თვის მანძილზე) ყველას მიმართ გაუმჯობესდა რუსების დამოკიდებულება. ევროკავშირისა და აშშ-ის შემთხვევაში დადებითი დამოკიდებულება აღემატება უარყოფითს, უკრაინასთან მიმართებით კეთილგანწყობილების და არაკეთილგანწყობილების რაოდენობა დაახლოებით ერთნაირია, საქართველოს შემთხვევაში კი საგრძნობლად ჭარბობს უარყოფითი შეფასება. მაისში საქართველოსადმი ძირითადად ცუდ, ან ძალიან ცუდ დამოკიდებულებას გამოხატავდა გამოკითხული რუსების 69 პროცენტი, ახლა მათი რიცხვი 63 პროცენტია.

“ლევადას ცენტრის” დირექტორის განმარტებით, “ეს დინამიკა ძირითადად ასახავს ოფიციალური პროპაგანდის ხასიათს. რადგან დღეს, პრაქტიკულად ყველა მასობრივი საინფორმაციო საშუალება (პირველ რიგში, ტელეარხებს ვგულისხმობ) ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება. და ეს არის მთავარი ფაქტორი, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე მოქმედებს. ჩვენ გარკვეულწილ, პროპაგანდის ეფექტის გაზომვით ვართ დაკავებული”. როგორც გუდკოვი აღნიშნავს, ალტერნატიული წყაროები - დამოუკიდებელი პრესა, ან ინტერნეტი - რასაკვირველია, არსებობს, მაგრამ ისინი ძალიან მოკრძალებულ როლს ასრულებს. “მათ ჰყავთ საკუთარი აუდიტორია, მაგრამ ვერ გაუწევენ კონკურენციას მთავარ არხებს. მთავარია ოფიციალური პროპაგანდის ძლიერი ზემოქმედება”, დასძენს ამბობს “ლევადას ცენტრის” დირექტორი.

ლევ გუდკოვი აღნიშნავს აგრეთვე, რომ, როგორც ივლისში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, ძირითადი პოზიციები, თუ შეფასებები არ შეცვლილა. ერთადერთი თვალშისაცემი ცვლილებაა გამოკითხულ რუსებს შორის იმ ადამიანების რიცხვის შემცირება, რომლებიც აშშ-ის ხელმძღვანელობას აკისრებენ პასუხისმგებლობას აგვისტოს ომის დაწყების გამო: თუ ერთი წლის წინ, გამოკითხულების თითქმის ნახევარი, 49 პრცოენტი მიიჩნევდა, რომ საქართველოს ზურგს უკან იდგა შეერთებული შტატები, რომელიც ცდილობდა რუსეთის გაძევებას გავლენის ტრადიციული სფეროებიდან, ახლა ასე ფიქრობს მარტო 34 პროცენტი. სხვა პოზიციები, სხვა მოსაზრებები კი, პრაქტიკულად, არ შეცვლილა.

“ერთადერთი - გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, ვისაც გაუჭირდა პასუხის გაცემა, ანუ ხალხის გარკვეულმა ნაწილმა უკვე დაკარგა ინტერესი იმის მიმართ, რაც ამ რეგიონში ხდებოდა,” ამბობს გუდკოვი.
XS
SM
MD
LG