Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში კიდევ ერთი უფლებადამცველი მოკლეს


ზარემა სადულაევა
ზარემა სადულაევა
გუშინ საღამოს, როცა გროზნოდან გავრცელდა ცნობა უფლებადამცველისა და მისი მეუღლის მოტაცების შესახებ, ალბათ ბევრს გაახსენდებოდა ერთი თვის წინანდელი ამბავი: როგორ მოიტაცეს, შემდეგ კი მოკლული იპოვეს უფლებადამცველი ნატალია ესტემიროვა. სამწუხაროდ, ეს ორი ამბავი ტრაგიკული დასასრულითაც ერთნაირია... დღეს დილას გავრცელებული ცნობით, მოკლული იპოვეს ზარემა სადულაევა, ჩეჩნეთის ომების მსხვერპლთა დასახმარებლად მოქმედი ჰუმანიტარული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მისი მეუღლეც, ალიკ ჯაბრაილოვი.

პოლიციამ გროზნოს გარეუბანში, მანქანის საბარგულში იპოვა ზარემა სადულაევას და ალიკ ჯაბრაილოვის გვამები. ორივე ცეხცლსასროლი იარაღით არის მოკლული მას შემდეგ, რაც ისინი გუშინ სადულაევას გროზნოს ოფისიდან მოიტაცა რამდენიმე დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა.

ზარემა სადულაევა ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას “გადაარჩინე თაობები” - ორგანიზაციას, რომელიც სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს ჩეჩნეთის ომებში ტრავმირებულ ახალგაზრდებს, მათ შორის ინვალიდ ბავშვებს.

უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ პოლიტიკური აქტიურობით არც თვით სადულაევა გამოირჩეოდა და არც მისი ქმარი, რომელზეც სულ რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა.

ერთი თვის წინ ნატალია ესტემიროვას, ახლა კი სადულაევასა და ჯაბრაილოვის მკვლელობები ცხადჰყოფს, რამდენად სახიფათო საქმეა უფლებების დაცვის, თუ ჰუმანიტარულ სფეროში მუშაობა ჩეჩნეთში. პრეზიდენტ კადიროვის პრომოსკოვური მთავრობა ირწმუნება, რომ ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ ფაქტია, რომ უფლებადამცველებს ვერ იცავენ შეიარაღებული ბანდებისაგან...

უფლებადამცავ ორგანიზაცია “მემორიალის” წარმომადგენელ ალექსანდრ ჩერკასოვის ინფორმაციით, გროზნოში ახალგაზრდა წყვილის გამტაცებლებმა მათ თავი წარუდგინეს ძალოვანი სტრუქტურების მუშაკებად. “ამ მოტაცების კომენტირებისას ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ მათი ინფორმაციით, სადულაევა და ჯაბრაილოვი, ნებაყოფლობით ჩასხდნენ მანქანაში. აბა რა, სროლა უნდა აეტეხათ, როცა მათ წასაყვანად ხუთი შეიარაღებული პირი მივიდა?”

ხალხის ასე, მანქანაში ჩასმა, სადღაც წაყვანა და დახოცვა იმდენად გავრცელებულია ჩეჩნეთში, რომ ლამის ბანალობად შეიძლება ჩაითვალოსო, დასძენს “მემორიალის” წარმომადგენელი. “მისი თქმით, ჩეჩნეთის მეორე ომის პერიოდში ასეა მოკლული ათასობით ადამიანი, მათ შორის სრულიად უდანაშაულო ხალხი”.

“მემორიალმა” ჩეჩნეთში მუშაობა შეწყვიტა ნატალია ესტემიროვას მკვლელობის შემდეგ. წელს, 10 ივლისს მოკლული ესტემიროვა, როგორც ცნობილია, “მემორიალის” ჩეჩნეთის განყოფილებას ხელმძღვანელობდა და ორგანიზაციიას უკვე შეეშინდა თანამშრომლების სიცოცხლის გარისკვის.

ესტემიროვასაგან განსხვავებით, ჩეჩნეთში ძალადობის ბოლო მსხვერპლს, სადულაევასა და ჯაბრაილოვს, არასოდეს გაუკეთებიათ საჯარო კრიტიკული განცხადება პრეზიდენტ კადიროვის მმართველობის წინააღმდეგ. მაგრამ ეს გარემოება ჩეჩნეთში უსაფრთხოების გარანტია არ არის.
XS
SM
MD
LG