Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის გაღრმავების მთავარ მიზეზად საქართველო ცხადდება


დმიტრი მედვედევი
დმიტრი მედვედევი
განცხადება, რომელიც, შავი ზღვის ფონზე, შავებში გამოწყობილმა რუსეთის პრეზიდენტმა 10 აგვისტოს ბრაზიანი ტონით გააკეთა, ექსპერტებმა კრემლის მორიგ მუქარად და ძალის დემონსტრირების მორიგ მცდელობად აღიქვეს. დმიტრი მედვედევი ამ ეტაპზე თავს იკავებს რუსეთის ახალი ელჩის უკრაინაში გაგზავნისგან, რის მიზეზადაც კიევის ბოლოდროინდელ არამეგობრულ საქციელს ასახელებს. მიზეზებს შორის პირველ ნომრად სახელდება საქართველო. კონკრეტულად ვისთვის და რის თქმა სურდა რუსეთის პრეზიდენტს?

განცხადების ტონითა და შინაარსით ადვილი მისახვედრია, რომ მედვედევი ძალიან გაბრაზებულია უკრაინაზე და ამისთვის მას, როგორც თავად ამბობს, არაერთი მიზეზი აქვს: ”ოფიციალურმა კიევმა დაიკავა აშკარად ანტირუსული პოზიცია სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან სამხრეთ ოსეთზე სამხედრო თავდასხმის საკითხში. სწორედ უკრაინული იარაღით ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას და რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებს. ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული ფუნდამენტური შეთანხმებების დარღვევით, გრძელდება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მუშაობის შემაფერხებელი პოლიტიკა... ეს ყოველდღიურად გრძელდება. სამწუხაროდ, არ ცხრება რუსული ენის გამოდევნის კამპანია უკრაინის მასობრივი საინფორმაციო საშუალებებიდან, განათლების სფეროდან, კულტურიდან, მეცნიერებიდან...”

უკრაინისთვის წაყენებულ ბრალდებებში კრემლის ლიდერი მთავარ აქცენტს საქართველოზე აკეთებს და სწორედ იმ თემასთან მიმართებით, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ერთხელ უკვე გახდა სკანდალის მიზეზად უკრაინის პოლიტიკურ ძალებს შორის. შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ვიქტორ იანუკოვიჩის ოპოზიციური პარტიის - „რეგიონების“ - წარმომადგენელმა, უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა ვალერი კონოვალიუკმა უკრაინის ხელისუფლებას ბრალი დასდო საქართველოსთვის იარაღის კანონდარღვევებით მიწოდებასთან დაკავშირებით. უკრაინის სამხედრო გაყიდვების მაკონტროლებელი კომისიის თავმჯდომარე კონოვალიუკი იუშჩენკოს ხელისუფლებას აბრალებდა იმასაც, რომ უკრაინა საქართველოს საკუთარი თავდაცვის რისკის ქვეშ დაყენებისა და ბიუჯეტთან არაპირნათელი ანგარიშსწორების თანხლებით ეხმარებოდა. ხმაური შედარებით მინელდა მას შემდეგ, რაც უკრაინის უშიშროების სამსახურმა საკითხის შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ დეპუტატ კონოვალიუკის ბრალდებები სიმართლეს არ შეეფერება.

რუსეთის უკიდურესი გაღიზიანების მიუხედავად, უკრაინა არასოდეს უარყოფდა, რომ საქართველოს იარაღს - და, ძირითადად, თავდაცვითი ტიპის იარაღს - აწვდიდა. კიევს არ გაუთვალისწინებია კრემლის ლიდერების მოწოდება, რომ საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო დაწესებულიყო და რომ ქვეყნებს, რომლებიც ამ მოწოდებას არ დაემორჩილებოდნენ, მოსკოვი სანქციების ენით დაელაპარაკებოდა.

”უკრსპეცექსპორტი” რომ საქართველოს თავდაცვითი იარაღით კვლავაც ამარაგებს, ეს ივლისის დასაწყისში კომპანიის ხელმძღვანელმა სერგეი ბონდარჩუკმა უკრაინული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუშიც დაადასტურა. მისი თქმით, პროცესში ” მთავარ როლს არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ინტერესი თამაშობს”: საქართველოსთან გაფორმებული კონტრაქტების წყალობით, შესაძლებელი ხდება უკრაინული საწარმოების მუშაობა, ”რაც ამ კრიზისის პირობებში მეტად აქტუალურია.” ”ჩვენ ვასრულებდით და კვლავაც ვასრულებთ ადრე დადებული კონტრაქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. და ასე გავაგრძელებთ მანამდე, ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭო ამის ამკრძალველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს”, - აღნიშნავს ”უკრსპეცექსპორტის” ხელმძღვანელი სერგეი ბონდარჩუკი.

რუსეთის მუქარანარევ მოთხოვნას, საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე მსოფლიო ემბარგო დაწესდეს, მიუღებლად მიიჩნევს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი.

საქართველოს შეიარაღებაზე ემბარგო არ არსებობს. საქართველოს შეიარაღებაზე ემბარგო არ უნდა არსებობდეს. საქართველოს აქვს თავდაცვის უფლება და ჩვენ ამას მტკიცედ ვემხრობით. ჩვენი პოზიციაა, დავეხმაროთ მათ მოიპოვონ უკეთესად თავის დაცვის შესაძლებლობა. და იმ დროს, როცა ჩვენ ამ საკითხის სხვადასხვა ასპექტს განვიხილავთ, სანქციებით რუსების მუქარას ანგარიშს ვერ გავუწევთ და ეს მუქარა ვერც საქართველოსთან მისი თავდაცვის სფეროში ჩვენს თანამშრომლობაზე იმოქმედებს.” - ეს განცხადება ფილიპ გორდონმა გააკეთა 4 აგვისტოს შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ საგანგებო მოსმენაზე, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოში სიტუაციის შეფასებას, აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ.

ამავე მოსმენაზე საქართველოს თავდაცვის სისტემებით მომარაგების პერსპექტივა არც ალექსანდრ ვერშბოუმ გამორიცხა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ვაშინგტონს საქართველოს თავდაცვის სფეროს გადაიარაღებაში მონაწილეობა არ მიუღია, რისიც არ სჯერათ მოსკოვში. 5 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ვერშბოუს სიმართლეში ეჭვი შეიტანა და თქვა, რომ შეერთებული შტატები ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოს რევანშისთვის გამიზნულ იარაღს აწვდიან.

დავუბრუნდეთ რუსეთის პრეზიდენტის მიერ შავი ზღვის ფონზე გახმაურებულ პრეტენზიებს. ისინი დმიტრი მედვედევმა თავის უკრაინელ კოლეგას რამდენიმე დღის წინ საგანგებო წერილის სახით გაუგზავნა, ხოლო 10 აგვისტოს, როგორც თავად ამბობს, საჭიროდ ჩათვალა ვიდეო-განმარტებებიც გაევრცელებინა. ჩანაწერიდან ასევე ირკვევა, რომ კრემლის ლიდერი სასტიკად უკმაყოფილოა ევროპისთვის გაზის მიწოდების თაობაზე, რუსეთის გვერდის ავლით, უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმებით. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ რუსული კომპანიები მუდმივ, მიზანმიმართულ წინააღმდეგობას აწყდებიან უკრაინის ხელისუფლების მხრიდან.

მედვედევის ბრაზიან კომენტარს რუსეთის იმპერიალისტური, აგრესიული პოლიტიკის შესაბამისს, ლოგიკურს უწოდებენ თბილისში. განცხადება 11 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმაც გააკეთა და თქვა, რომ ”საგარეო პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტებად კრემლს აქვს არჩეული შანტაჟი, აგრესია და დაშინება ამა თუ იმ ფორმით.”

თუმცა 10 აგვისტოს განცხადებაში დმიტრი მედვედევი მხოლოდ მუქარით არ შემოფარგლულა. იქვე, როგორც ეს კრემლს სჩვევია, მედვედევი სიყვარულს უხსნის უკრაინაში მცხოვრებ ხალხს - ზოგიერთი ფუნქციონერის კომპლექსებისა და ილუზიების მიუხედავად, ჩვენ თქვენთან ურთიერთობებს გავუფრთხილდებითო... ექსპერტებისთვის უკვე დიდი ხანია აშკარაა, რომ უკრაინასა და საქართველოსთან კრემლს ერთი და იმავე ტიპის სიყვარული აკავშირებს და აგვისტოს ომის შემდეგ ბევრი მათგანი იმასაც ამბობდა, ახლა უკრაინის ჯერი დადგაო.

მართლაც, დადგა თუ არა უკრაინის ჯერი?

მოსკოვიდან კიევში ელჩის გაგზავნის შეჩერება უკრაინის რადაში ზოგიერთმა დეპუტატმა მუქარისა და ომის გამოცხადების წინაპირობად აღიქვა. ამგვარი მოსაზრება ქართული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ერთ-ერთმა დეპუტატმაც გამოთქვა და პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობის სასწრაფოდ ჩართვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. თუმცა ექსპერტები იმედოვნებენ, რომ, მუქარის მიუხედავად, საქმე ამ ეტაპზე ომამდე არ მივა და კრემლი უკრაინის 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მკვეთრი მოძრაობებისგან თავს შეიკავებს. ომს პრაქტიკულად გამორიცხავს უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი:

”რუსეთი ფსონს დადებს არჩევნებზე და, არჩევნების ძალით, შავი ფულით შეეცდება უკრაინაში მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც იქნებიან, ერთი მხრივ, ლოიალური რუსული პოლიტიკის მიმართ და, მეორე მხრივ, შესაძლოა, სწორედ კრემლის ინტერესების გამტარებელი.”

ის, რაც 10 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის პირით ითქვა, უკრაინასა და საქართველოზე მეტად, შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ნატოს გასაგონად ნათქვამად მიაჩნია თენგიზ ფხალაძეს, გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარეს:

”რუსეთი დღეს იბრძვის გავლენის სფეროების მოსაპოვებლად და სწორედ ამის თქმა უნდოდა, მე ვფიქრობ, მედვედევს, რომ სწორედ ეს ტერიტორიები არის რუსეთის გავლენის სფერო და რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს ტერიტორიები დარჩეს რუსეთის გავლენის სფეროებად. ”

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსოფლიომ სასწრაფოდ უნდა გააცნობიეროს რუსეთის პრეტენზიული პოზიცია - ”ძლიერი ვარ, ესე იგი, მართალი ვარ” - და მსოფლიო თანამეგობრობამ სასწრაფოდ უნდა იფიქროს ეფექტიანი პრევენციული მექანიზმის შექმნაზე.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG