Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა ხარაძე - სტუდენტი


2 აგვისტო, კვირა
გვიან გამეღვიძა. ორი კვირაა, ნორმალურად არ მძინებია. გუშინ ჩამოვედი სოფლიდან, სადაც ჩემს ძმაკაცებთან ერთად ვიყავი წასული დასასვენებლად.
ნახევრად მძინარი, ტელევიზორს მივუჯექი. იქვე ვისაუზმე. ცოტა ხნის შემდეგ თათა მოვიდა. ვისაუბრეთ. მერე სასეირნოდ წავედით. მიყვარს თბილისში ფეხით სიარული, განსაკუთრებით მომწონს მთაწმინდიდან ღამის ქალაქის ყურება. საოცრად ვმშვიდდები.
საღამოს, სახლში რომ დავბრუნდი, საწოლთან გაზეთი “კვირის პალიტრა” დამხვდა. გამახსენდა, დედამ მთხოვა - წაიკითხე, შენისთანა ბიჭზეაო. წამოვწექი და კითხვა დავიწყე.
“პირველად ღმერთს ჰქონდა სახე, სათვალეს და ულვაშს ატარებდა და ერქვა სახელი” – ასე იწყება დავით ქართველიშვილის მოთხრობა, რომლის მთავარი გმირი 18 წლისაა და აფხაზეთის ომში აპირებს წასვლას. ჩუმად, არავის ემშვიდობება. მახსენდება, შარშან, 8 აგვისტოს, ყველას დავემშვიდობე: ომში მივდივარ-მეთქი – არავინ დამიჯერა.
მე კი წავედი გლდანის სამხედრო კომისარიატში, მოხალისედ მინდოდა ჩავწერილიყავი. უარი მითხრეს – პატარა ხარო. დიდი ჩხუბის შემდეგ - ჩემი თანატოლები რეზერვისტები არიან და მიჰყავთ, მე რატომ ვარ პატარა-მეთქი - ჩამწერეს და დამაიმედეს, დაგირეკავთო. არც დაურეკავთ და არც დამიცდია. მე და ჩემი მეგობარი, გიორგი, ჩავსხედით მატარებელში და წავედით გორში, იმ იმედით, რომ იქ ჩემს ამხანაგებს, რეზერვისტებს ვნახავდი და მათთან ერთად ვიქნებოდი.
თავისუფლების დღიურები - ნიკა ხარაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:11:27 0:00
...გორში საღამოს 5 საათზე ჩავედით. რაღაც შენობაში მივედით ქალაქის ცენტრში, მგონი მედიაცენტრი იყო, და ჟურნალისტებს ვთხოვეთ, ცხინვალისკენ რომ წავიდოდნენ, ჩვენც გავეყოლებინეთ. უარი გვითხრეს და სხვა შენობაში გაგვაგზავნეს. იქ მართლაც რეზერვისტები დაგვხვდნენ. იმ ბატალიონს ვეძებდით, სადაც ჩვენი მეგობრები გვეგულებოდა. გვითხრეს, ეგ ბატალიონი გორში არ არისო. სავარაუდოდ, ცხინვალისკენ წაიყვანესო. ჰოდა, მე და გიორგიმაც გადავწყვიტეთ, ცხინვალისკენ წავსულიყავით.
იქით მიმავალ მანქანებს მივყვებოდით. ჩამოგვსხამდნენ, სხვას გავყვებოდით... გზადაგზა ცხინვალიდან გორისკენ მომავალი სამხედრო მანქანები და ჯარისკაცები გვხვდებოდნენ. ვკითხეთ, უკან რატომ ბრუნდებით-თქო. სხვა ჯარმა შეგვცვალაო, გვითხრეს. ეტყობა, რომ არ შეგვშინებოდა. ბოლო შემხვედრმა მანქანამ ერგნეთის საგუშაგომდე მიგვიყვანა, მძღოლმა გვთხოვა, არ შეხვიდეთ ცხინვალში, უკან დაბრუნდითო, მაგრამ არ დავუჯერეთ, ვუთხარით, რომ ჩვენს მეგობრებთან გვინდოდა ყოფნა.
ერგნეთიდან გზა ფეხით გავაგრძელეთ. სროლის ხმა არ ისმოდა, მაგრამ დავინახეთ - ერთი სოფელი იწვოდა.
დედაჩემმა დამირეკა, სად ხარო. სახლში არ იცოდნენ, სად წავედი... ამ დროს მობილური დამიჯდა.
უკვე მერე გავიგე, რომ დედაჩემი და მამაჩემი გორის დაბომბვაში მოჰყვნენ, სამჯერ ჩავიდნენ ჩემს საძებნელად გორში. საბედნიეროდ, არაფერი დაუშავდათ.
ტრასიდან გადავუხვიეთ და რაღაც სოფელში შევედით. დაღამდა... ბნელში დავინახეთ, ვიღაც სიგარეტს ეწეოდა. ჩვენ თვითონ მივუახლოვდით, ექვსნი იყვნენ. მკლავზე თეთრი ლენტები ეკეთათ და იარაღი ჰქონდათ ასხმული. ქართულად გვკითხეს, ვინ ვიყავით და იქ რა გვინდოდა, რაღაცნაირი აქცენტი ჰქონდათ. გაგვჩხრიკეს და პირადობა და მობილურები წაგვართვეს. მერე რაღაც გარაჟში შეგვიყვანეს, იქიდან - ოთახში. მერე ჩაგვკეტეს და წავიდნენ.
ცოტა ხანში შემოვარდნენ სხვები და მე და გიორგის კონდახებით ცემა დაგვიწყეს. ამათ სამხედრო ფორმა ეცვათ. რვა კაცამდე იქნებოდნენ. დიდხანს გვირტყამდნენ.
აზრზე როცა მოვედი, ლოგინის ქვეშ ვიყავი, თუმცა გონება არ დამიკარგავს...
ისევ კითხვას ვაგრძელებ და თან ვფიქრობ. ჩემი მოგონებები და მოთხრობის სიუჟეტი ერთმანეთში იხლართება. ისე ჩამეძინა, ვერც გავიგე.

3 აგვისტო, ორშაბათი
ისევ გვიან გამეღვიძა. დღეს არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ. მთელ დღეს ალბათ ტელევიზორთან გავატარებ. შუადღისას ვახო მოვიდა. ერთი თვეა, არ მენახა. სოფლის ამბებს ვუყვები. ჩემს სოფელთან (ხარაგაულის რაიონის სოფელი ფარცხნალი) ოთხი კილომეტრის სავალზე, მთის მწვერვალზე, XII საუკუნის ეკლესიის ნანგრევები იყო. ამ ადგილს კახორს ეძახიან, კახორის წმინდა გიორგის ეკლესია.
გადმოცემის თანახმად, თამარ მეფეს ორი კახელისთვის წმინდა ქვები გაუტანებია. სად უნდა წაეღოთ ეს ქვები, არ ვიცი. ის ორი კახელი ამ მთაზე დაიღუპა, სადაც მალევე ეკლესია აუშენებიათ. სახელიც ორ კახელს უკავშირდება (კახორი). კეთილი ადამიანების ძალისხმევით, ეს ეკლესია აღადგინეს და წელს, 27 ივნისს, წირვა ჩატარდა. ჩვენს სოფელში ამ დღეს კახორობას ეძახიან, საეკლესიო კალენდრის მიხედვით კი კვირიკობის დღესასწაულია. კახორობას მაგარი წვიმა წამოვიდა, ისევე, როგორც შარშან. კახორზე რომ ახვიდე, ოთხი კილომეტრი ფეხით უნდა იარო მთაში. მე ჩათქმული მქონდა და ფეხშიშველი ავედი. საოცარი შეგრძნებაა. ძალიან ახლოს ხარ ღმერთთან.
შარშან წვიმდა კახორობას. მაშინ თითქმის ყველას გაუჭირდა კახორზე ასვლა. მე რაღაც ძალამ შემაძლებინა და ფეხით ავედი.
ცხინვალში ტყვედ რომ ვიყავი, ხშირად მახსენდებოდა ეს ამბავი და ძალას მაძლევდა. ჩემი 19-დღიანი ტყვეობის შემდეგ სასწაულებრივი გადარჩენა ამ ამბავს დავუკავშირე და მაშინ ჩავიფიქრე, მომავალ წელს ფეხშიშველი ავალ-მეთქი.
...იმ ოთახში კარგა ხანს ვიყავით. დროდადრო შემოდიოდნენ და გვცემდნენ. მერე სამი ქართველი ბიჭი შემოიყვანეს. გიორგი, ლაშა და გოგიტა. ესენიც სცემეს და მერე ყველანი მოპირდაპირე სახლის კიბის ქვეშ გადაგვიყვანეს. გვესმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა. მერე გარეთ გამოგვიყვანეს, თავზე მაისურები გადაგვაფარეს და ირონიულად გვეუბნებოდნენ - ქართველები მოვიდნენ თქვენს წასაყვანადო. რაღაც ხიდზე გაგვიყვანეს, პირქვე დაგვყარეს და იარაღი დაგვადეს. დახვრეტას გვიპირებდნენ. ზოგი ამბობდა, დავწვათო. ხან რუსულად ლაპარაკობდნენ, ხან ქართულად. იშვიათად - ოსურად. მერე რაღაც მანქანა მოიყვანეს და ცხინვალში ჩაგვიყვანეს რომელიღაც შენობის სარდაფში და საკანში შეგვყარეს. მგონი, 9 აგვისტო იყო. ზუსტად არ მახსოვს...
ვახოს, ალბათ, გული გავუწყალე, თუმცა ყურადღებით მისმენს. საერთოდ, იშვიათად ვიხსენებ ტყვეობის ამბებს, მაგრამ ახლა, 8 აგვისტო რომ ახლოვდება, სულ თავში მიტრიალებს ომის დღეები და ჩემდაუნებურად ბევრს ვფიქრობ მაშინდელ ამბებზე.
მართალია, ის დღეები საშინელი კოშმარივით მახსოვს, მაგრამ ოსების მიმართ აგრესია მაინც არ მაქვს. მათ შორისაც არის კარგი და ცუდი, ბოროტი და კეთილი. ასე მგონია, ისინი ჩვენზე მეტად არიან სიტუაციის გაუგებრობის და უსამართლობის ტყვეობაში მოქცეულნი.
როგორც ვფიქრობდი, დღევანდელი დღე სახლში გავატარე, თუმცა ბევრი სტუმარი მივიღე და გავისტუმრე. ეს ჩემი ოჯახისთვის ჩვეულებრივი ამბავია. სულ ხალხმრავლობაა და მიდი-მოდიან.

4 აგვისტო, სამშაბათი
წუხელ ფიქრებში ჩამეძინა. გათენდა დილა. დღეს ბორჯომში მივდივარ, სოფელი ტბა. ამბობენ, ძალიან მაგარი ბუნებააო. ველოდები 4 საათს.
მე და ვახომ ბაზარი და ბაზრობა მოვიარეთ. ყველაფერი ვიყიდეთ, რაც საჭირო იყო. სახლიდან გამოსვლისას, დედა გზას გვილოცავს და გვმოძღვრავს: “აბა, თქვენ იცით, ჭკვიანად იყავითო!”
ძალიან მიხარია! ვაგზლის ქაოსს და სიბინძურეს ყურადღებას არ ვაქცევ, თუმცა ჩემი გული ფორიაქს იწყებს. თავშიც ქაოსია. ნეტა რა მჭირს? უკვე მატარებელში ვსხედვართ. მგზავრებს დაღლილი სახეები აქვთ, მაგრამ არა შეშინებული, როგორც შარშან. მაშინ ყველა თავისიანებს ეძებდა, ომი იწყებოდა.
მე და გიორგი ამ (უფრო სწორად, ასეთი) მატარებლით გორში მივდიოდით და ორივეს გვეშინოდა, მაგრამ ერთმანეთს არ ვუმხელდით. შიშს ჩვენს მეგობრებთან ყოფნის ჟინი ფარავდა. არ ვიცოდით, რა გველოდა წინ. არ ვიცოდით, სად აღმოვჩნდებოდით. ახლა კი ვიცი, რომ იქ, სადაც მივდივართ, ჩემი და და მეგობრები მელოდებიან და ძალიან მიხარია და მეჩქარება.
ჩავედით. ჩავედით, მაგრამ “კუკუშკამ” გაგვასწრო. რა ვქნათ, არ ვიცით. ერთი ღვთისნიერი კაცი გამოჩნდა და სახლში შეგვიყვანა. სუფრაც გაგვიშალა და მერე გამოგვაცილა. ამ კაცმა ჩვენი ტყვეობის მეგობარი, ზაზა გამახსენა, რომელიც ყოველთვის გვანუგეშებდა და საჭმლით გვამარაგებდა. მაშინ ზაზა ღმერთის გამოგზავნილს ჰგავდა. საჭმელზე მეტად მისი თანადგომა გვასულდგმულებდა.
...მერე გავიგე, რომ ეს იყო ცხინვალის “კაპეზე”. რომ მიგვიყვანეს, უკვე იმდენად ნაცემები ვიყავით, რომ სულ გვეძინა. საკანში დღის შუქი არ შემოდიოდა და დღე და ღამე აგვერია.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავით იქ. მერე კარი გაიღო და მე და გიორგი ცალ-ცალკე ციხის უფროსთან დაკითხვაზე აგვიყვანეს. უფროსს ჰამლეტი ერქვა, დაკითხვას ვინც გვიტარებდა - კოლია. მერე რაღაც არ მოეწონათ და ორივემ ცემა დაგვიწყო კონდახებით. ასე, 20 წუთი გვცემდნენ. მერე საკანში დაგვაბრუნეს. მერე ისევ გამიყვანეს დაკითხვაზე. მეუბნებოდნენ - თქვი, რომ რეზერვისტი ხარო. წინ ცელოფანის პარკი დამიდეს და კეფაზე იარაღი მომაბჯინეს - უნდა დავეხვრიტეთ. მერე ერთმანეთში ოსურად რაღაც ილაპარაკეს და საკანში დამაბრუნეს. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე – გაგვიყვანდნენ, გვცემდნენ და დაგვაბრუნებდნენ საკანში...
ამ ფიქრებში გართული, სოფელს მივუახლოვდი. ჩემს მეგობრებს, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდათ ჩვენი ჩასვლა. ისევ სუფრას შემოვუსხედით და ახლა უკვე დილამდე...

5 აგვისტო, ოთხშაბათი
კარგა ხნის გათენებული იყო, რომ დამეძინა. ალბათ 5 საათზე გავიღვიძე. საჭმლის და სასმელის დანახვაც აღარ მინდა! ერთი სული მაქვს, მასპინძლის ნაქები ბუნება დავათვალიერო. მოლოდინს გადააჭარბა - ღმერთო, რა ლამაზია ყველაფერი! დავდივარ გაოგნებული. ყველგან მისვლა და ყველაფრის ნახვა მინდა, მაგრამ უკვე ბინდდება და სახლში უნდა დავბრუნდე. გოგამ და თამუნამ (ჩემმა მასპინძლებმა) პარკში გამატარეს. უცებ ვიღაც მომიტრიალდა და ჩამეხუტა: “ნიკა, შენ ხარ? ცოცხალი ხარ?” ყვირის და თან გულში მიკრავს. ვიფიქრე, ვიღაც გიჟია-მეთქი, ვერ ვცნობ. თანდათან ყველაფერი მახსენდება. შარშან მატარებელში დაგვემგზავრა გიორგი დედასთან ერთად. ჩვენთან ერთად უნდოდა წამოსვლა. მითხრა, დედას ვერ მივატოვებ, სახლში ჩავიყვან და მოგძებნითო. მერე თურმე ბევრი გვეძება, მაგრამ ვერ გვიპოვა. ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ ისე დავშორდით ერთმანეთს, ტელეფონის ნომრებიც კი არ გვიკითხავს არც ერთს.
...ცხინვალის ციხის სარდაფში 7 საკანი იყო. და ერთი საპირფარეშო. პატარა საკანში 18 კაცი ყოველთვის ვიყავით, ხანდახან - მეტიც, და საკანში რომ ვერ ვეტეოდით, დერეფანში გვეძინა. მე, ძირითადად, ბეტონის იატაკზე მეძინა, იმიტომ რომ საკანში ორი ორსართულიანი „ნარი“ იყო და იქ იმათ ვაწვენდით, ვინც დაჭრილი ან ძალიან ნაცემი იყო.
წითელი ჯვარი რომ შემოვიდა, ასე, 23 აგვისტო იყო. მათმა წარმომადგენლებმა სახლში დაგვარეკინეს. მანამდეც ერთხელ მოვახერხე დარეკვა. სამუშაოდ გავყავდით ქალაქში და ვიღაც სოსომ დამარეკინა - ვის ეზოსაც ვალაგებდი, იმან. სამუშაოდ ყოველდღე გავყავდით, ძირითადად ქუჩებს გვასუფთავებინებდნენ ნანგრევებისგან. ძალიან გამიმართლა, რომ გვამების დასამარხად არ გამიყვანეს...
სახლში აფორიაქებული დავბრუნდი. არაფრის თავი არ მაქვს. ერთი სული მაქვს, დავწვე და დავიძინო, რომ ამ საშინელ მოგონებებს დავაღწიო თავი. როდის გაივლის ეს დღეები? აგვისტოს მოახლოებამ თითქოს მოშუშებული ჭრილობები განმიახლა. უნდა დავიძინო. ყველაფერი კარგად იქნება.

6 აგვისტო, ხუთშაბათი
დილით ადრე გამეღვიძა. დღეს თბილისში წამოსვლა გადავწყვიტეთ. ყველა თავის ტანსაცმელს ეძებს. ერთმანეთს ვაფრთხილებთ, რომ რამე არ დაგვრჩეს. ტრაპეზობა მე დამავალეს. გავაკეთე საჭმელი. ყველამ შემაქო. მოეწონათ ჩემი გაკეთებული.
საჭმელზე გამახსენდა... საკანში მაძლევდნენ ერთ ჭიქა “გრეჩიხას” და ორ ნაჭერ პურს. როცა სამუშაოდ გავდიოდით, გარეთ თითო კონსერვსაც გვაძლევდნენ, მაგრამ იმათთვისაც უნდა მიგვეტანა, ვინც სამუშაოდ არ გამოსულა და მერე ვინაწილებდით საკანში...
...ავტობუსის გაჩერებისკენ გავემართეთ. ძალიან ცხელა. ავტობუსი სავსეა. იმდენი ხალხია, რომ ვერ ვინძრევით. მატარებელი 4 საათსა და 30 წუთზე გადის. ჯერ ადრეა. როგორც იქნა, დაიძრა. დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ბოლოს ანძაც გამოჩნდა. ეს უკვე თბილისია.
სახლში ძალიან დაღლილი მივედი. მეძინება.

7 აგვისტო, პარასკევი
დღეს 7 აგვისტოა. მთელი დღე ომის ამბები ტრიალებს ტელევიზორში. უცნაური ხალხი ვართ ქართველები. ომი წავაგეთ და ვიზეიმეთ. წლისთავსაც ვზეიმობთ. თან მინდა წავიდე რუსთაველზე, მაგრამ რაღაც უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება. ამ ზეიმის და კონცერტის გამო შარშან ძალიან მაგრად გვცემეს ციხეში. ოსებმა ჩაგვიყვანეს, ჯერ კონცერტს გვაყურებინეს (არ მახსოვს რომელი რიცხვი იყო თბილისში, რუსთაველზე კონცერტი რომ გაიმართა) მერე კარგად გვირტყეს. “თქვენ მთავრობას სულ არ ადარდებთ თქვენი ბედი. ხომ ხედავთ, როგორ ზეიმობენ?!”
იმათ ხომ მიზეზი არ სჭირდებოდათ. ყველაფერზე გვირტყამდნენ. მე რუსული არ ვიცოდი და ამისთვის მცემდნენ. ინგლისური ხო კარგად იცი, რუსული რატომ ვერ ისწავლეო. ხოდა ახლა გადავწყვიტე ე.წ. “მტრის ენა” ვისწავლო. რუსულში მეცადინეობას ვიწყებ და არ ვიცი ამ საქმიდან რა გამოვა. დღეს პირველი გაკვეთილი მაქვს.
27 აგვისტოს დილით სამუშაოდ ვყავდით გაყვანილი ცხინვალში. იქ გვითხრეს, რომ ციხეში უნდა დავბრუნებულიყავით და რომ გვათავისუფლებდნენ. ავტობუსებში ჩაგვსხეს და წამოგვიყვანეს კარალეთის საგუშაგომდე. სამი ავტობუსი გაივსო ტყვეებით და ორი “ბეტეერი” გვაცილებდა. კარალეთთან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაგვხვდნენ და გორში ჩაგვიყვანეს. იქიდან კი თბილისში დავბრუნდით.
საღამოს ეკლესიაში ავედი და სანთლები დავანთე ომში დაღუპული ბიჭების ხსოვნისათვის. სახლში მოვედი და დასაძინებლად დავწექი. ხვალ რადიოში ქალბატონ მარინას უნდა შევხვდე.

8 აგვისტო, შაბათი
დღეს დილიდან საავადმყოფოში ვარ. ბიძაჩემი გულის ოპერაციას იკეთებს და საავადმყოფოში დავაწვინეთ. საავადმყოფოს სუნზე ცუდად ვხდები. ძალიან არ მიყვარს. ისედაც დამძიმებული ვარ ამ დღეებში და ახლა კიდევ ეს. ორი მეგობარი მომიკვდა საავადმყოფოში და მას შემდეგ ვერ ვიტან.
საშინელი ქაოსი დამხვდა. ხალხი წრიალებს, მიდი-მოდის, რაღაცას ველოდებით... პირველ საათზე შეიყვანეს საოპერაციოში. არ ვიცი, ცოტაა თუ ბევრი, მაგრამ ოპერაცია ორ საათში დამთავრდა. კარგად არის. სახლში გავიქეცი და საავადმყოფოს მტვერი და სუნი ჩამოვიბანე, ასე მივდივარ რადიო თავისუფლებაში.
XS
SM
MD
LG