Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიზელი და ბენზინი ერთ ძრავაში


ელექტრომობილებზე ინტენსიური მუშაობის მიუხედავად ავტომანქანების უმეტესობა კიდევ დიდხანს იმუშავებს შიდა წვის ძრავით. მათი ეფექტიანობის გასაზრდელად და, ამავე დროს, მავნე გამონაბოლქვების შესამცირებლად, ამერიკელმა სპეციალისტებმა საცდელ მანქანაში ერთდროულად ორივე გავრცელებული საწვავი - ბენზინი და დიზელი - გამოიყენეს. დეტროიტში, დიზელის ძრავების ეფექტიანობისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ეს მეთოდი ორივე ტიპის ძრავის უპირატესობათა შეჯვარების საშუალებას იძლევა.

“ამ ახალი სტრატეგიით, ბენზინისა და დიზელის შერევით, შეგვიძლია ზუსტად ვაკონტროლოთ საწვავის თვისებები და შიდა წვის პროცესი,” ამბობს როლფ რაიცი, ძრავების მკვლევარი ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტიდან. პირველივე გამოცდებმა აჩვენა, რომ მათი ძრავა, რომელიც ბენზინის და დიზელის საწვავზე მუშაობდა, ბევრად უფრო ეკონომიური იყო და, იმის გამო, რომ მასში ცოტა იყო ბენზინის წილი, საგრძნობლად ნაკლებ მავნე ნივთიერებებს გამოყოფდა.

ამასთან, ცენტრალური მნიშვნელობის სიახლე იყო ის, რომ შეშხაპუნებული დიზელის რაოდენობა ზუსტად რეგულირდებოდა იმის მიხედვით, თუ რა რეჟიმში მუშაობდა ძრავა. ამგვარად შესაძლებელი იყო თვით ძნელად აალებადი დიზელის საწვავის ეფექტიანად დაწვა მისი განსაკუთრებული წნევის ქვეშ მოქცევის გარეშე.

როგორც აღმოჩნდა, საწვავის ერთი მესამედის დასაზოგად, ძრავის ცილინდრებში ბენზინისა და დიზელის შეშხაპუნება სხვადასხვა მოცულობით უნდა მოხდეს ცალ-ცალკე ავზებიდან. ძრავის სრული დატვირთვისას საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა ნაზავს, რომელშიც მხოლოდ 15 პროცენტი დიზელი იყო, ნაწილობრივ დათვირთვისას კი ნახევარ-ნახევარი წილები იყო ყველაზე ეფექტიანი. ამ მეთოდით მოხერხდა გამოუყენებელი სითბოს კარგვისა და მავნე გამონაბოლქვების მკვეთრად შემცირება კონვენციურ დიზელის ძრავასთან შედარებით.

რაიცის გაანგარიშებით, ამერიკის შეერთებული შტატების სატვირთო მანქანების პარკი ამ მეთოდის გამოყენებით საწვავის დაახლოებით ერთი მესამედის დაზოგვას შეძლებდა. “ეს დაახლოებით იმდენი ნავთობია, რამდენის ექსპორტსაც სპარსეთის ყურის რეგიონიდან ვახდენთო”, აცხადებს ძრავის სპეციალისტი.

ვინაიდან ბენზინისა და დიზელის წვის ამ მეთოდისთვის არ არის საჭირო არც მაღალი წნევით შეშხაპუნება და არც მაღალი შემჭიდროვება, რაიცი ფიქრობს, რომ ბენზინ-დიზელის ძრავების წარმოება ეკონომიკურად მომგებიანი უნდა იყოს. საამისოდ საჭიროა ორივე საწვავის შეშხაპუნების ზუსტი კონტროლი იმის მიხედვით, თუ როგორია მართვის რეჟიმი. რაიცის თქმით, ეფექტიანობაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ საკმაოდ იოლად არის შესაძლებელი ემისიის მკაცრად დადგენილი ზღვრის დაცვა.”
XS
SM
MD
LG