Accessibility links

რატომ გაზარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს დახმარების მოცულობა


საერთაშორისო სავალუტო ფონდის შენობა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შენობა

ახლახან საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მურილიო პორტუგალომ საქართველოს ეკონომიკის შეფასებისას განაცხადა, რომ, გამოცოცხლების ნიშნების მიუხედავად, ეკონომიკური კრიზისი 2010 წელსაც გაგრძელდება. ამის მიზეზი კი, პორტუგალოს შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკაში არსებული მოულოდნელობებისა და საბანკო სექტორსა და კერძო კაპიტალის შემოდინებასთან დაკავშირებული პრობლემებია. ასეთი პროგნოზის პარალელურად, სავალუტო ფონდმა საქართველოს დახმარების მოცულობა 420 მილიონი აშშ დოლარით გაზარდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყურადღებით აკვირდება საქართველოს ეკონომიკას, რადგან 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ფინანსური დახმარების პროგრამას ახორციელებს. 700 მილიონი აშშ დოლარის დახმარებიდან საქართველომ უკვე მიიღო და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნებას მოახმარა 450 მილიონი. სავალუტო ფონდი და ხელისუფლების ოპონენტი ექსპერტებიც აღიარებენ, რომ, დახმარების წყალობით, ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება მოხერხდა. ეკონომიკის ექსპერტის, ლადო პაპავას, კომენტარი:

ლადო პაპავა
„ჩვენთვისაც გასაგებია, რომ დღეს საქართველო არის დონორების ფინანსურ ძუძუზე მიკრული და ამით იკვებება. ამით არის, რომ ქვეყანა ფეხზე დგას.“

დონორთა ფინანსური დახმარების პარალელურად, გამოცოცხლება შეინიშნება საქართველოს ეკონომიკაში. იზრდება საბანკო ანაბრები და საგადასახადო შემოსავლებიც.

მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის მურილიო პორტუგალოს აზრით, გამოცოცხლების ნიშნების მიუხედავად, კრიზისის ეკონომიკური და ფინანსური გავლენა საქართველოზე 2010 წელსაც გაგრძელდება. ამის მიზეზი კი, პორტუგალოს შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკაში არსებული მოულოდნელობებისა და საბანკო სექტორსა და კერძო კაპიტალის შემოდინებასთან დაკავშირებული პრობლემებია.

ამ მოულოდნელობების თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მთავრობის თხოვნა დააკმაყოფილა და ფინანსური დახმარების მოცულობა 420 მილიონი აშშ დოლარით გაზარდა. ამ თანხას საქართველო 2011 წლის ჩათვლით მიიღებს და ის, ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების გარდა, საბიუჯეტო ვალდებულებების დაფინანსებასაც მოხმარდება. ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ახლა კი „პი–ემ–სი ჯგუფის“ ხელმძღვანელის, ლექსო ალექსიშვილის განცხადებით, სავალუტო ფონდის დახმარების მიზანი შეიცვალა:

„ის იქნება მიმართული ბიუჯეტში საჭიროების მიხედვით და შეავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც წარმოიშობა საგადასახადო შემოსავლების მიუღებლობის შემთხვევაში ან დამატებითი დაფინანსების საჭიროებისას.“

სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი დამატებითი დახმარება დაბალპროცენტიანი კრედიტია და საქართველოს მთავრობას მისი გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში, 3 წლის მანძილზე შეუძლია. ხელისუფლების მიერ ამგვარი დახმარების მიღებას პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ აპროტესტებენ. ყოფილ პრემიერ- მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის პარტიის, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერის, შოთა გვენეტაძის, განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება აუცილებელია საქართველოს ბიუჯეტის წინაშე არსებული პრობლემების დასაძლევად:

შოთა გვენეტაძე
„დაახლოებით 100 მილიონამდე იქნება საბიუჯეტო დახმარება. ის საბიუჯეტო პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში არის საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით, გადაზღვეული იყოს ქვეყნის მდგრადობისთვის. აი, ამ კუთხითაა ეს დახმარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.“

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაზრდილი ბიუჯეტის შესავსებად საერთაშორისო დახმარებას გამოიყენებენ. როგორც ოპოზიციურად განწყობილი, ასევე მთავრობის ლიბერალური რეფორმების მომხრე ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას ურჩევენ, რადგან საბიუჯეტო დეფიციტი სულ უფრო იზრდება. ამავე რეკომენდაციით გამოდის საერთაშორისო სავალუტო ფონდიც, რომელიც საქართველოს მთავრობას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG