Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი მსოფლიოს მოუწოდებს, აღიაროს აფხაზეთი


ასე ეგებებოდნენ პუტინს აფხაზეთში
ასე ეგებებოდნენ პუტინს აფხაზეთში
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი დღეს აფხაზეთს ეწვია. ეს არის მისი პირველი ვიზიტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. ვიზიტი დაიწყო იმით, რომ პუტინმა ყვავილების გვირგვინით შეამკო აფხაზეთში 1992-93 წლების ომის მსხვერპლთა მემორიალი, რის შემდეგაც იქ მყოფ აფხაზებს მიმართა: “მადლობას მოგახსენებთ თქვენი სიმამაცისა და სიმტკიცისთვისო”. შეკრებილებმა მადლობითვე უპასუხეს - რუსეთის მხარდაჭერისთვის. ამის შემდეგ, მეგობრობა ნაკლებად ტრადიციული ფორმითაც გამოიხატა: საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პუტინი აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშთან ერთად ეწვია სამშობიაროს, სადაც მის სტუმრობამდე რამდენიმე წუთით ადრე ტყუპი ბიჭი გაჩენილიყო. საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან იმასაც, რომ ახალშობილებს ვლადიმირი და დმიტრი დაარქვეს...

გასულ თვეში, როცა რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ცხინვალში ჩავიდა (სხვათა შორის, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა: “შეერთებული შტატები აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ სურს სამხედრო კონფლიქტის განახლებაო”), გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალე მოსოკვიდან აფხაზეთში ვიზიტიც განხორციელდებოდა, თუმცა, იქ პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ჩავიდოდა.

ამდენად, პუტინის ვიზიტი, რომელიც ცხინვალში მედვედევის 13 ივლისის ვიზიტს ერთ თვეში მოჰყვა, მოულოდნელი არ ყოფილა. და შემთხვევითი, სავარაუდოდ, არც პუტინის ამ ვიზიტისთვის შერჩეული თარიღია: 12 აგვისტოს 1 წელი შესრულდა სარკოზის შუამავლობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერიდან. ლაპარაკია შეთანხმებაზე, რომელიც რუსეთის მხარეს, როგორც ცნობილია, არ შეუსრულებია და რომლის შესრულებასაც ის, თუ პუტინის განცხადებებით ვიმსჯელებეთ, არც აპირებს.

ვლადიმირ პუტინი და სერგეი ბაღაფში
“მომავალ წელს უსაფრთხოების საკითხების მოსაგვარებლად, ანუ ჩვენი სამხედრო ბაზისა და აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის მოსაწყობად, ძალიან დიდი ფულს გამოვყოფთ - დაახლოებით 15 მილიარდ რუბლს”, განაცხადა პუტინმა აფხაზ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.

ამდენად, იმის ნაცვლად, რომ აღდგეს ე.წ. “მედვედევ-სარკოზის შეთანხმების” შესაბამისად, აღდგეს მდგომარეობა, რაც 6 აგვისტოსთვის, სამხედრო კონფლიქტის დაწყებამდე არსებობდა, ანუ აღდგეს სტატუს კვო ანტე, რუსეთის პრემიერი აფხაზეთში რუსული ბაზისა და აფხაზეთის “სახელმწიფო” საზღვრების მოწყობისთვის მილიონობით დოლარის გამოყოფაზე ლაპარაკობს.

დღესვე პუტინმა სოჭში განაცხადა (ჯერ კიდევ სოხუმში გამგზავრებამდე) - საქართველოს უნდა ესწავლა შარშანდელი გაკვეთილი, რამდენად სახიფათოა ძალის გამოყენებაო. ზოგადად, “საქართველოს მხრიდან აგრესიის” თემაზე პუტინის არაერთი მითითება მიანიშნებს, რომ მოსკოვისთვის კვლავაც მტკივნეულ საკითხად რჩება საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია.

“დღეს პრაქტიკულად მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს სიმართლე: აღიარა, რომ აგრესორი იყო სწორედ საქართველოს ხელმძღვანელობა, ხოლო მსხვერპლი იყვნენ სამხრეთელი ოსები და აფხაზეთის მოსახლეობა”, განაცხადა დღეს პუტინმა. რამდენად დამაჯერებელია ეს განცხადება - რუსეთის პოლიტიკის მისამართით კრიტიკის, საქართველოში მისი სამხედრო ინტერვენციის საერთაშორისო დაგმობის ფონზე - თავადა განსაჯეთ. ასეა თუ ისე, ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რუსეთის და ნიკარაგუის გარდა, როგორც ცნობილია, არავის უღიარებია.

მოსკოვი მაინც არ ზოგავს ფულსა და ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი პოზიციების გასაძლიერებლად, რაც აფხაზების სიმპათიის განაღდებაზე ზრუნვასაც გულისხმობს. პუტინის სიტყვებით, მოსკოვი განაგრძობს აფხაზეთის მხარდაჭერას სოციალურ სფეროში - მოდით, პირდაპირ ვთქვათ: განვაგრძობთ პენსიების გადახდასო, დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

პენსიების კონტექსტში პუტინი აფხაზეთის პასპორტიზაციის საკითხსაც შეეხო: “არიან აფხაზეთის მცხოვრებლები, რომლებისთვისაც საკმარისია შიდა რუსული პასპორტის ქონა. ესენი სწორედ ის პენსიონერები არიან, რომლებიც ამ დოკუმენტებს იღებენ პენსიების გაფორმების მიზნით. და ამის გაკეთება უფრო იოლია, ეს კეთდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით. ხოლო ის მოქალაქეები, რომელთაც სურთ ჰქონდეთ რუსეთის საზღვარგარეთული პასპორტები, ეს უფრო რთულია, რადგან, საგარეო საქმეთა სამინისტროს, უბრალოდ, არა აქვს საკმარისი ტექნიკური შესაძლებლობები. თუმცა, აქ არ იქნება არანაირი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური შეზღუდვები.”

აფხაზეთში ვლადიმირ პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით, ჩვენი რადიო დაუკავშირდა სოხუმელ ჟურნალისტ ბესლან კმუზოვს და მას ვიზიტის შეფასება სთხოვა. კმუზოვის აზრით, ვიზიტი - გარდა იმისა, რომ აფხაზეთისადმი რუსეთის განუხრელი მხარდაჭერის დემონსტრირებას ემსახურება - აფხაზეთის ამჟამინდელი ლიდერის მხარდაჭერადაც უნდა მივიჩნიოთ.

“ჩემი აზრით, პუტინის ვიზიტი ამჟამად მოქმედი მთავრობის მხარდაჭერას ნიშნავს. დეკემბერში აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს და რამდენადაც ოპოზიცია აშკარად არის განწყობილი მოქმედი პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის წინააღმდეგ, პუტინი ცდილობს ყველას დაანახოს, რომ მას უკმაყოფილო არ არის, რომ ამ მთავრობის მიერ რუსეთთან გაფორმებული შეთანხმებების თაოსანი სწორედ რუსეთია, და რომ ყველაფერი იმ კალაპოტით მიედინება, რომელიც ხელს აძლევს რუსეთის ფედერაციას. შესაბამისად, აფხაზეთის საზოგადოების შიგნით რაიმე კონფლიქტების საფუძველი არ არსებობს”.

ჩვენი რადიოს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში აფხაზმა ჟურნალისტმა ბესლან კმუზოვმა ისიც განაცხადა, რომ რიგითი აფხაზები პუტინის ვიზიტს უკავშირებენ მათი დამოუკიდებლობის მეტი ქვეყნის მიერ ცნობის იმედს.
XS
SM
MD
LG