Accessibility links

logo-print

ერთკვირიანი გამოცდა ხელისუფლებისა და ოპოზიციისათვის


ირაკლი ალასანია შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ

ირაკლი ალასანია შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ

ძალოვანი სტრუქტურებისა და ოპოზიციის შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა შეხვედრას პოზიტიური, წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდეს და იმედი გამოთქვეს, რომ ერთმანეთისთვის მიცემულ ერთკვირიან ვადაში თანამშრომლობა გაგრძელდება. ერთი მხრივ, ხელისუფლება გადახედავს იმ მოთხოვნებს, რაც მათ წინაშე ოპოზიციამ ამ სამუშაო შეხვედრაზე წამოაყენა, ოპოზიციას კი ექნება საშუალება 24 საათის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდეს ძალოვან მინისტრებთან და ინფორმაცია მიიღოს.

12 აგვისტოს შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და ძალოვან მინისტრებს შორის ერთ საათს გაგრძელდა. როგორც დაიგეგმა, ამ სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი იყო. პარტიებმა ე.წ. რეპრესირებულთა სიები შინაგან საქმეთა მინისტრს გადასცეს. ამ უკანასკნელმა კი საქმეების შესწავლისა და წერილობითი პასუხისათვის ერთკვირიანი ვადა ითხოვა. „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, 6 აგვისტოს უშიშროების გაფართოებული სხდომის შემდეგ, ამ შეხვედრას პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა პოლიტიკური დევნის კონკრეტული ფაქტების განხილვის პროცესისი წინ წასაწევად:

”შეთანხმება შედგა, რომ ის კონკრეტული მასალები, რომელიც გადაეც შინაგან საქმეთა მინისტრს, მათი მხრიდან შესწავლილი იქნება და დაახლოებით ერთ კვირაში კონკრეტული პასუხიც გვექნება.”

ალასანიამ ახსენა კიდევ ერთი შეთანხმება, კერძოდ, ოპოზიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის 24 საათიანი კავშირი, რაც იმაში გამოიხატება, რომ, თუ პოლიტიკური დაჭერები კვლავ გაგრძელდება, ოპოზიციას ექნება საშუალება სწრაფად დაუკავშირდეს ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელობას, ყოველგვარი ბარიერების გარეშე. მომავალ ერთ კვირას ალასანიამ გამოცდის კვირა უწოდა:

”ეს ერთი კვირა იქნება გამოცდა ორივე მხარისთვის. ვნახავთ, როგორ ამართლებს ასეთი შეთანხმებები.”

შსს მინისტრს ვანო მერაბიშვილს თავისი სათქმელი რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა უთხრა:

”მე ვუთხარი ბატონ მერაბიშვილს, რომ საჭიროა ამ სისტემის დემონტაჟი და რომ ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ მასში. რომ არა მხოლოდ ის ხალხი გაამართლონ, ვინც დღეს უკანონოდ იდევნება, არამედ ასეთი რამ საერთოდ აღარ იყოს შესაძლებელი ამ ქვეყანაში.“

შეხვედრით კმაყოფილი იყო პარლამენტის ვიცე-სპიკერი საპარლამენტო უმცირესობიდან პაატა დავითაიაც, რომელმაც ძალოვან მინისტრებს ასევე წარუდგინა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების სია:

” მეც დავაყენე მოძრაობა “ 9 აპრილის“ დაკავებული აქტივისტების საკითხი და შესაბამისი სიაც გადავეცი; მთავარ პროკურორსაც მივწერე წერილი, რომ ეს საქმე განიხილონ, ანუ მე ყველა იმ ბერკეტს ვიყენებ, რაც, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გამაჩნია.”

დაძაბული ურთიერთობების განულებასა და დიალოგის პროცესის თავიდან დაწყებაზე საუბრობდა ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია, რომლის თქმითაც, სანამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ომი გრძლდება, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი ადამიანები კვლავ საპატიმროებში რჩებიან:

”ჩვენ ერთმანეთს ურთიერთკომპრომისების საშუალება უნდა მივცეთ, კარგი გაგებით, და წავიდეთ დათმობებზე. შევაჩეროთ ეს წნეხი ერთმანეთზე და გავანულოთ ეს ურთიერთობა.”

შეხვედრაზე მივიდა ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძეც, რომელსაც ვკითხეთ, გაიზიარა თუ არა, საერთოდ, ხელისუფლების ძალოვანმა შტომ პოლიტიკური პატიმრების არსებობის ფაქტი, იყო თუ არა საუბარი იმაზე, რომ ასობით ადამიანი სწორედ მათი პოლიტიკური სიმპათიების გამოა დაკავებული:

”შეიძლება მათ პირდაპირ არ გამოაცხადონ, რომ პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ, მაგრამ თუ გარკვეულ სანქციებს გადასინჯავენ, რომლებიც ვერანაირ სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს, და მათი მხრიდან იქნება რამის შეცვლის მზაობა, ეს იქნება ნიშანი, რომ სახელმწიფო მანქანა უარს იტყვის ამ ტერორისტულ მეთოდებზე.”

მოგვიანებით კომენტარი შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმაც გააკეთა. მან ამ შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და ხელისუფლების გახსნილობაზე ისაუბრა.

12 აგვისტოს შეხვედრის მიმართ ყველაზე სკეპტიკურად მაინც სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იყო განწყობილი, შესაბამისი არგუმენტაციით:

” მე კი ვიცი, რომ არასწორ ადგილას მოვედი, რადგან აქ იგეგმება ყველაფერი და ხორციელდება, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა ვთქვათ მანამ, სანამ შედეგს არ მივაღწევთ.”

ყველა ის ინფორმაცია, რაც სოზარ სუბარმა შსს მინისტრს კიდევ ერთხელ მიაწოდა, მისი თქმით, მშვენივრად იცის ყველა ძალოვანმა მინისტრმა, თუმცა რეაგირება არც ერთ საქმეს არ მოჰყვება. შესაბამისად, სახალხო დამცველს შეხვედრის დადებით შედეგებზე საუბარი გაუჭირდა.

ასე რომ, წინ კიდევ ლოდინის ერთი კვირაა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ ერთ კვირას ისინი მოთმინებით დაელოდებიან და მათი შემდგომი ნაბიჯებიც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა შინაარსის იქნება შსს-ს წერილობითი პასუხი.
XS
SM
MD
LG