Accessibility links

Cyxymu ერთ დღეში გახდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველი ბლოგერი. 34 წლის ეკონომისტს, სოხუმიდან დევნილ გიორგის, ჰაკერებმა რამდენიმე საიტზე ერთდროულად შეუტიეს - ამ თავდასხმამ კი არა მხოლოდ მისი გვერდები, არამედ მთლიანად საიტები გამოიყვანა მწყობრიდან. ამ საიტების ასობით მილიონი მომხმარებელი ვერ ახერხებდა თავის გვერდებზე შესვლას. პრობლემები შეექმნათ „ფეისბუკსა“ და „ლაივჯორნალს“. განსაკუთრებით კი „ტვიტერი“ დაზარალდა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მთლიანად გათიშული იყო.

ეს შეტევა განსაკუთრებით მოულოდნელი თავად გიორგისთვის აღმოჩნდა. თავიდან მან თავდასხმები საკუთარ ბლოგთან ვერ დააკავშირა. მხოლოდ მაშინ დაიჯერა, როდესაც „ფეისბუკისა“ და „ტვიტერის“ წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს - ჰაკერები სწორედ Cyxymu-ს ბლოგებს უმიზნებდნენო.

თავდასხმა იმიტომაც იყო მოულოდნელი, რომ გიორგი „ფეისბუკის“ და „ტვიტერის“ აქტიური მომხმარებელი არ გახლავთ. ის, ძირითადად, „ლაივჯორნალზე“ წერს ხოლმე, დანარჩენ საიტებზე კი ისე, უბრალოდ, სანახავად დარეგისტრირდა და იქ აქტიური არც ყოფილა.

„ლაივჯორნალი“ ერთ-ერთი პირველი სოციალური ქსელია, რომელსაც დღეს განსაკუთრებით აქტიურად რუსეთში იყენებენ. საიტი 2007 წელს რუსულმა მედიაკომპანია „სუპმა“ შეიძინა და მასში 800 ათასზე მეტი რუსია დარეგისტრირებული. 2009 წლის 22 აპრილს „ლაივჯორნალზე“ საკუთარი გვერდი რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმაც გახსნა.

გიორგიმ Cyxymu-ს მეტსახელით წერა ამ საიტზე ოთხი წლის წინათ დაიწყო. ის რუსულ ენაზე წერდა. ძირითადად, სხვა დევნილებს აკავშირებდა ერთმანეთთან და სოხუმის ძველ და ახალ ფოტოებს დებდა. თუმცა შარშან, აგვისტოში, მისმა გვერდმა ახალი ფუნქციაც იკისრა - ომის დაწყებისას რუსმა ჰაკერებმა ყველა სახელმწიფო საიტი და საინფორმაციო სააგენტოს საიტი დაბლოკეს. „ხალხს ინფორმაციის მიღება სურდა და მეც ვცდილობდი დამეწერა, თუ რა ხდებოდა საქართველოში. თვით „ვაშინგტონ პოსტმა“ იმ დროს დაწერა, რომ მე გამოვაქვეყნე პირველად, თუ როგორ შედიოდა რუსეთის ჯარი გორში მაშინ, როდესაც უკვე ხელმოწერილი იყო ექვსპუნქტიანი შეთანხმება“, - იხსენებს ბლოგერი.

გიორგიზე პირველი კიბერშეტევა რამდენიმე თვის წინ განხორციელდა. მაშინ თავდასხმის მასშტაბი ნაკლები იყო - ჰაკერებმა მხოლოდ მის „ლაივჯორნალის“ გვერდს შეუტიეს. თუმცა ამ თავდასხმამ, რომელმაც მაშინ თითქმის ყურადღების გარეშე ჩაიარა, Cyxymu-ს პრობლემები მაინც შეუქმა - საიტმა მისი გვერდი დროებით გათიშა.

გიორგი ჰყვება, რომ ერთი კვირის წინ, ვიდრე Cyxymu -ზე ხელმეორე, უფრო მძლავრი შეტევები დაიწყებოდა, ის ბლოგზე გასული წლის მოვლენების ქრონოლოგიას იხსენებდა. თუმცა არ აცალეს.

იმის გაგება, თუ ვინ დგას შეტევების უკან, თითქმის შეუძლებელია. ნოდარ დავითური, ვებდეველოპერი, სტუდია ომეგას დირექტორი, რომელიც თავადაც წერს ბლოგს როკოს მეტსახელით, გვიხსნის, თუ როგორ მოქმედებენ ჰაკერები.

მისი თქმით, Cyxymu -ზე განხორციელდა ეგრეთ წოდებული DDoS შეტევა. ამ დროს ჰაკერები მართავენ ათასობით ინფიცირებულ კომპიუტერს, რომლებიც საიტებს წამში უამრავ უსარგებლო ინფორმაციას აწვდიან. სერვერები ინფორმაციის არანორმალურად დიდ ნაკადს ვერ უძლებს და ითიშება.

შემტევების 90 პროცენტმა არ იცის, რას აკეთებს. მათ პორნოსაიტიდან ან რომელიმე არალეგალური საიტიდან გადმოწერეს პროგრამა, რომელსაც თან მოჰყვა ვირუსი. ეს ვირუსი მიმალულია მათ კომპიუტერში და პროგრამის გამავრცელებლის ბრძანებას ელოდება, რომ რომელიმე საიტზე შეტევა დაიწყოს.

რადგან თავდამსხმელთა რეალურად დადგენა შეუძლებელია, მათ ვინაობაზე მხოლოდ თეორიული მსჯელობაა შესაძლებელი. თავად გიორგის მიაჩნია, რომ შეტევის უკან, მისი მასშტაბების გამო, შეიძლება რუსული სპეცსამსახურები იდგნენ. თუმცა ნოდარ დავითურს ეს ვერსია ნაკლებად სარწმუნოდ მიაჩნია ორი მიზეზის გამო.

პირველია ის, რომ ასეთ თავდასხმას დიდი მობილიზება ან სახელმწიფო სტრუქტურების ჩართვა არ სჭირდება.ამასთან, გლობალური საიტების გათიშვა ამ თემაზე მეტ ადამიანს აალაპარაკებს. „არა მგონია, რომ რუსულ სპეცსამსახურებში ისეთი შტერები ისხდნენ, რომ მსგავსი რამე ვერ გაეთვალათ“, - ამბობს ნოდარ დავითური.

თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც. ევგენი მოროზოვი ტექნოლოგიისა და ახალი მედიის კონსულტანტია, რომელმაც Cyxymu-ს პრობლემებს რამდენიმე სტატია მიუძღვნა. უკანასკნელი სტატია ამ თემაზე გავლენიანი ამერიკული ჟურნალის, Foreign Policy-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ევგენი მოროზოვი ამბობს, რომ ეს ბოლო თავდასხმა იზოლირებული შემთხვევა არ ყოფილა და არსებობს ბევრი სხვა მაგალითი, როდესაც ბლოგერზე კიბერშეტევა განხორციელდა, მაგრამ ეს შემთხვევები არ გახმაურებულა. „მსგავსი შემთხვევები, რაღაც დროის განმავლობაში თავად ბლოგის ავტორებს ურყევს რწმენას თავის საქმეში. მათთვის ძალიან რთული ხდება ბლოგის გაგრძელება, რადგან ამის ფასი უკვე არაპროპორციულად მაღალი ხდება“, - ამბობს მოროზოვი.

მისი აზრით, ამ ჯერზე ჰაკერებს, უბრალოდ, მეტისმეტი მოუვიდათ. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ისიც, რომ „ტვიტერის“ და „ფეისბუკის“ ხელმძღვანელობამ „ლაივჯორნალზე“ პრინციპული პოზიცია დაიჭირა.

გიორგი ამბობს, რომ მის მიმართ გაჩენილი საყოველთაო ყურადღება ბლოგზე მაინცდამაინც არ აისახება. თუმცა მას მაინც მოუწევს ერთი თითქოს მცირე, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა - ადრე ის მხოლოდ რუსულად წერდა, რადგან მკითხველი, ძირითადად, რუსი და უკრაინელი ჰყავდა. ახლა კი ბევრი უცხოელი მკითხველიც გამოუჩნდა და მათთვის ინგლისურად წერა მოუწევს.

ერთი კვირის წინ, კიბერშეტევამდე, Cyxymu-ს ბლოგს „ტვიტერზე“ ორმოცამდე მკითხველი ჰყავდა. დღეს მათი რაოდენობა 2600-ს გადასცდა. მისი „ლაივჯორნალის“ ბლოგზე ადრე დღეში 300-მდე ადამიანი შედიოდა. თავდასხმის შემდეგ ვიზიტორთა რიცხვი გაათმაგდა.
XS
SM
MD
LG