Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”წითელი ჯვრის” ექსპერტი ჟენევის კონვენციების მნიშვნელობაზე საუბრობს


ჟენევის პირველი კონვენციის დოკუმენტი, რომელიც 1864 წელს გაფორმდა
ჟენევის პირველი კონვენციის დოკუმენტი, რომელიც 1864 წელს გაფორმდა

ზუსტად 60 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რეალობაში, 1949 წლის 12 აგვისტოს, გამოქვეყნდა ჟენევის ოთხი კონვენცია. პირველი სამი ადრე არსებული წესების გაფართოებულ ვერსიებს წარმოადგენდა დაჭრილ ჯარისკაცებთან, მეზღვაურებსა და ომის ტყვეებთან მოპყრობის შესახებ, მეოთხე კი შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქალაქეების მდგომარეობას ეხებოდა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ბევრი აღნიშნავდა, რომ ჟენევის კონვენციები მოძველდა და ისინი არ ესადაგება ვითარებას, როდესაც ერთ მხარეს სახელმწიფო, მეორე მხარეს კი შეიარაღებული ექსტრემისტების ჯგუფი დგას. კონვენციების მესამოცე წლისთავთან დაკავშირებით ჩვენი რადიოს კორესპონდენტი რონ სინოვიცი „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილეს კნუტ დორმანს ესაუბრა.

კანონები არსებობს, პრობლემა მათი შესრულებაა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:42 0:00

რა განაპირობებს 60 წლის წინ, მეორე მსოფილიო ომის შემდეგ გამოქვეყნებული ჟენევის კონვენციების აქტუალურობას ჰუმანიტარული კანონმდებლობისთვის დღევანდელ დღეს? - ეს იყო პირველი შეკითხვა, რომელიც ჩვენმა რადიომ კნუტ დორმანს დაუსვა:

”ზოგადად, საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის და, კონკრეტულად, ჟენევის კონვენციების არსებობის მთავარი მიზანი ექსტრემალურ ვითარებაში - მაგალითად, ომის დროს - ბარბაროსობის შეზღუდვა გახლავთ. ანუ აღიარებულია, რომ ომს შეზღუდვები უნდა დაუწესდეს და ეს შეზღუდვები განსაზღვრულია ჟენევის კონვენციებში, ისევე როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის სხვა დოკუმენტებში. ჩვენი რწმენით, ჟენევის კონვენციების მთავარი პრინციპები დღეს ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ, როდესაც ისინი შეიქმნა.”

კნუტ დორმანს ვთხოვეთ დაეზუსტებინა, კონკრეტულად რა განაპირობებს მათ აქტუალურობას:

”თუკი შეიარაღებული კონფლიქტების დროს ადამიანების ტანჯვას გააანალიზებთ, დაინახავთ, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა მკვლელობა. შეგხვდებათ წამების, ცუდად მოპყრობის, ტყვედ აყვანის, ადამიანების დაკარგვის, სექსუალური ძალადობის, გაუპატიურების და მსგავსი ქმედებების შემთხვევები. ჟენევის კონვენციები და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის სხვა ხელშეკრულებები კი ამგვარ ქმედებებს კრძალავს.”

2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ ბევრი აღნიშნავდა, რომ ჟენევის კონვენციები მოძველდა, რომ ისინი არ ესადაგება ვითარებას, როდესაც ერთმანეთს სახელმწიფო და შეიარაღებულ ექსტრემისტთა დაჯგუფება უპირისპირდება. როგორ პასუხობთ ამგვარ კრიტიკას?

”დიახ, ეს ასეა. მართლაც, იყვნენ ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჟენევის კონვენციები მოძველდა 11 სექტემბრის შემდეგ. მაგრამ ამგვარი ბრალდებებისა და ინტენსიური გამოკვლევების მიუხედავად, არავის წარმოუდგენია კონკრეტული ანალიზი, მაინც რა აკლდა ჟენევის კონვენციებს და რა იყო დასამატებელი. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ჩვენ თვითონ ჩავატარეთ ანალიზი და რამდენიმე სფეროში განმარტებები შევიტანეთ.”

ეს განმარტებები, კნუტ დორმანის თქმით, უწინარესად, თანამედროვე შეიარაღებულ კონფლიქტებში ”მშვიდობიან მოქალაქეებს” და ”მებრძოლებს” შორის განსხვავების დადგენას ეხებოდა.

მაინც როგორ საზღვრავს „წითელი ჯვარი“ მშვიდობიანი მოსახლის მებრძოლად ქცევის მომენტს? - ეს იყო რადიო თავისუფლების შემდეგი შეკითხვა.

”პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, ვინ წარმოადგენს მოსახლეს, რომელიც ბრძოლაში პირდაპირ მონაწილეობს. ჩვენი განსაზღვრებით, მშვიდობიანი მოსახლეები ისინი არიან, ვინც არ შედის სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში და არ არის წევრი შეიარაღებული ჯგუფისა, რომელიც კონფლიქტის რომელიმე მხარეს ეკუთვნის და ბრძოლის წარმოების ფუნქციას ასრულებს. [ომში] სამიზნეს ჯარისკაცები და შეიარაღებული ჯგუფების წევრები უნდა წარმოადგენდნენ, თუმცა გარკვეული შეზღუდვები აქაც მოქმედებს.”

რას გვეტყვით პირზე, რომელიც არ არის სამხედრო ძალის ან შეიარაღებული დაჯგუფების წევრი? რა შემთხვევაში ხდება ის საბრძოლო მოქმედებების ”პირდაპირი მონაწილე” და, შესაბამისად, კარგავს ჟენევის კონვენციით თავის დაცვის უფლებას? - ვკითხეთ კნუტ დორმანს.

”მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩართულობის ყველა ფორმა, რაც სამხედრო კონფლიქტისას აუცილებლად გვხვდება, არ აკარგვინებს მოსახლეობას შეტევისგან თავდაცვის უფლებას. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ბრძოლაში ჩართულობა პირდაპირია. მაგალითად, შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც მოქალაქეები შეიარაღებულ პირებს საკვებს ან თავშესაფარს აძლევენ. ამ სიტუაციაში, ცხადია, ბრძოლაში პირდაპირი ჩართულობა არ გვაქვს და, შესაბამისად, არც დაცულობა იხსნება. მეორე მხრივ, თუკი მოქალაქე ბრძოლაში ჩაებმება და ადამიანების მოკვლას, დაჭრას ან საგნების განადგურებას დაიწყებს, ეს უკვე პირდაპირი ჩართვა იქნება.”

შეერთებული შტატების წინა, ჯორჯ ბუშის, ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ გუანტანამოს ციხეში დაკავებული ალ-ყაიდის და თალიბანის წევრები ”ომის ტყვეები” არ იყვნენ, იმიტომ რომ ისინი არ წარმოადგენდნენ სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და, შესაბამისად, მათზე ჟენევის კონვენციები ვერ გავრცელდებოდა. როგორი იყო თქვენი პოზიცია ამ დისკუსიაში? - ვკითხეთ ”წითელი ჯვრის” წარმომადგენელს:

”მაშინდელი დისკუსია ეხებოდა საკითხს, თუ როგორი იურიდიული დაცვა უნდა შეხებოდა ამ პირებს. ჩვენ აშკარად ვხელმძღვანელობდით ძალადობრივი სიტუაციების გამიჯვნის არსებული პრინციპით. საქმე თუ შეიარაღებულ კონფლიქტთან გაქვთ, მაშინ ჟენევის კონვენციებში გათვალისწინებული დაცვის მექანიზმები უნდა მოქმედებდეს. თუკი შეიარაღებული კონფლიქტი საერთაშორისო არ არის, მაშინ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობით და ადამიანის უფლებების კანონით უნდა იხელმძღვანელოთ. ამ საკითხთან მიმართებით აზრთა მნიშვნელოვანი სხვადასხვაობა მართლაც არსებობდა, რაც უკავშირდებოდა კანონის სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას შეერთებული შტატების ადმინისტრაციის და სხვა ძალების - მათ შორის, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის - მხრიდან.”

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG