Accessibility links

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 12 აგვისტო 2009

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი ქართული პრესის ყურადღების ცენტრში რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობა მოექცა. „ახლა უკრაინის ჯერია?“ - კითხულობს „რეზონანსი“ მოწინავე სტატიაში. გაზეთი წერს, მედვედევის მიმართვას ქართველი პოლიტიკური ექსპერტები პროვოკაციად და უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევის უხეშ მცდელობად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მედვედევის ამ მიმართვაში პანიკის ნიშნები ჩანსო.

ამ თემას პირველ გვერდზე აშუქებს „24 საათიც“. სტატიის სათაურია „დიპლომატიური აგრესია“. გაზეთი ასევე პირველ გვერდზე აშუქებს დღევანდელი ქართული გაზეთების მეორე მთავარ თემას. სტატიის სათაურია „ოპოზიცია შსს-ში სტუმრობისთვის ემზადება“.

„ახალი თაობის“ სტატიას ამ თემაზე ჰქვია „რა კომპრომატებს დაუწყობს მერაბიშვილი ოპოზიციას“. ავტორი ოპოზიციისა და ძალოვანების შეხვედრაზე ასე წერს: „ეს შეხვედრა სამი თვის წინ რომ გამართულიყო, იტყოდნენ, დიდი დღე იყოო. დღეს კი ამგვარი შეხვედრა არავისთვის აღარანაირ მნიშვნელობას აღარ ატარებს, რადგან ყველამ იცის, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგს არავითარი აზრი არა აქვს. უფრო სწორად, ამას ქვეყნისთვის არა აქვს აზრი.“ ავტორი ასკვნის: ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აქამდე გამართული ყველა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ეს ტრადიცია, ალბათ, არ დაირღვევა და ოპოზიცია ისევ იმედგაცრუებული დარჩებაო.

ამასვე ფიქრობს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელთან ინტერვიუსაც ასევე „ახალი თაობა“ აქვეყნებს. „ხელისუფლებას აქვს ძალიან ბევრი რესურსი, მათი ლოზუნგი არის ძალიან მარტივი: მე ცუდი ვარ, მაგრამ ისინი ჩემზე უარესები არიან. ისინი პოზიტივზე აღარ მუშაობენ, რომ საზოგადოებაში თავისი ავორიტეტი გაზარდონო“, - უთხრა გია ხუხაშვილმა „ახალ თაობას“.

მივუბრუნდეთ ისევ „რეზონანსს“, რომელიც ოპოზიციისა და ხელისუფლების ურთიერთობის შესახებ ახალ მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძეს უსვამს შეკითხვებს. რესპონდენტი ამბობს: „ოპოზიციამ ყველა კუთხით უნდა იბრძოლოს. თუ საჭიროა თანამდებობაზე წასვლა, არც ამაზე უნდა ვთქვათ უარი, რადგან ქვეყანაში გაუსაძლისი პოლიტიკური კრიზისია და, აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ როგორმე შევაჩეროთ ეს პროცესი.“

„საქართველოს რესპუბლიკა“ კი პირველ გვერდზე ქართველ სპორტსმენებს მიმართავს. „რამ დაგამუნჯათ?“- კითხულობს გაზეთი. –„ თქვენი კოლეგა, ამირან ბიწაძე, ბნელმა ძალებმა სასიკვდილოდ გადათელეს. ხვალ თქვენი ჯერი დადგებაო“, - აფრთხილებს გაზეთი სპორტსმენებს.
XS
SM
MD
LG