Accessibility links

პირველადი ჩარიცხვა - კვირის ბოლოს სააპელაციო პროცესი დასრულდება


ერთიანი ეროვნული გამოცდების სარეგისტრაციო პროცესი. ცენტრში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია

ერთიანი ეროვნული გამოცდების სარეგისტრაციო პროცესი. ცენტრში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია

ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდები 2009-ის პირველადი ჩარიცხვების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ ნაშრომების გასწორების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. სააპელაციო განაცხადების მიღება 10 აგვისტოს შეწყდა, მიმდინარე კვირის ბოლოს კი, სავარაუდოდ, სააპელაციო პროცესიც დასრულდება. ეროვნული გამოცდების ცენტრის წინასწარი გათვლებით, გამოცდები 2009-ის დასრულების ერთი თვის თავზე, 17 აგვისტოს, პრაქტიკულად ნათელი იქნება საბოლოო შედეგები. იმავე კვირაში უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული აბიტურიენტების სიები გამოქვეყნდება.

აბიტურიენტებმა და მათმა გულშემატკივრებმა, ალბათ, კარგად იციან, რომ ეროვნული გამოცდები 2009-ის შედეგად უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა სია, რეიტინგული სია და ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსების გარდა, გაზეთ „კვირის პალიტრაშიც“ გამოქვეყნდება. აბიტურიენტები ინფორმაციას მიიღებენ ასევე რესურსცენტრებში. ამ დღემდე, გამოცდების ეროვნული ცენტრის გათვლებით, დაახლოებით ერთი კვირა დარჩა. ჩარიცხულთა სიების გამოქვეყნებას მშვიდად ელის თიკო მჭედლიძე.

გამოცდების შედეგებით მისი კმაყოფილების ერთ-ერთი ნიშანია ისიც, რომ მას სააპელაციო საბჭოსთვის არ მიუმართავს, მისი, დაახლოებით, 800 თანატოლისაგან განსხვავებით. სწორედ ამდენი სააპელაციო განაცხადი შევიდა საბჭოში. მათგან 300-მდე ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომებს შეეხება. როგორც ამ დისციპლინაში სააპელაციო კომისიის წევრი ნელი ბაბუნაშვილი განმარტავს, ნაშრომების გასწორებას არ ესწრება აბიტურიენტი; საბოლოოდ მოიშალა ძველი, ეროვნულ გამოცდებამდე არსებული პრაქტიკაც, როდესაც საგამოცდო ნაშრომში მიღებული ნიშნის შეცვლის მოთხოვნით საპრეტენზიო კომისიას აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა აკითხავდა. აპელაცია თამაშს და სეირს აღარ წარმოადგენს, გვითხრა ნელი ბაბუნაშვილმა, რომელიც თავისი მრავალფეროვანი პრაქტიკიდან იხსენებს ერთ, საბჭოთადროინდელ, შემთხვევას, როდესაც პრორექტორის დახმარება დასჭირდა მომჩივანისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ დავით გურამიშვილი საბჭოთა პოეტი არ იყო. როგორია აპელაციის პროცესი დღეს?

„აპელაცია არის ჩვეულებრივი, - გვითხრა ნელი ბაბუნაშვილმა. - სხვადასხვა აბიტურიენტი სხვადასხვა დავალებას აპროტესტებს, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ. ყველაზე ხშირად, რა თქმა უნდა, სწორია გასწორება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც შეცდომა ტექნიკურია და ქულას ვუმატებთ ხოლმე.“

გამოცდების ეროვნული ცენტრის შეფასებით,მიმდინარე წელს ტესტები თითოეულ საგამოცდო დისციპლინაში სირთულით არ გამოირჩეოდა, თუმცა გაიზარდა იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ვერ მოახერხეს და კონკურსს გამოეთიშნენ. საქმე ისაა, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი წელს საშუალოდ 15-დან 25 ქულამდე გაიზარდა.ზღვარი 5 000-მდე აბიტურიენტმა ვერ გადალახა, რაც ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის აზრით, იმას ნიშნავს, რომ შეუვსებელი დარჩება დაახლოებით ათასამდე ადგილი. არითმეტიკა მარტივია: კონკურსში მონაწილეობდა 29 000-მდე აბიტურიენტი, აკადემიურ მიმართულებებზე ჩასარიცხთა რაოდენობა კი 25 000-ითაა განსაზღვრული. აქვე შევნიშნავთ, რომ პირველად ჩარიცხვას, წინა წლების დარად, წელსაც მეორადი ჩარიცხვა მოჰყვება. განაცხადების შეტანა მეორადი ჩარიცხვისთვის მხოლოდ იმ აბიტურიენტებს შეუძლიათ, რომელთაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ სასურველ ფაკულტეტებზე ვერ ჩაირიცხნენ. რაც შეეხება სრულ სახელმწიფო და წილობრივ დაფინანსებას, რომელიც უნარ-ჩვევების ტესტების შედეგებთანაა დაკავშირებული, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ სრული დაფინანსებისთვის საჭირო გამსვლელ ქულაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

„აქ საუბარია კონკურსზე. 29 000 აბიტურიენტიდან, შედეგების მიხედვით, 1000-მდე საუკეთესო დაფინანსდება სრულად. ეს საუკეთესო რომელი ქულიდან დაიწყება, ბუნებრივია, საბოლოო შედეგებზეა დამოკიდებული.“

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ამბობს, რომ წელს უნარ-ჩვევებში 100 ქულა არ დაწერილა და საუკეთესო მაჩვენებელი 97 ქულაა. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა ერთი სასწავლო წლისთვის 2250 ლარს შეადგენს, წელსვე გაიცემა ნაწილობრივი დაფინანსება როგორც აკადემიური ფაკულტეტების, ისე უმაღლესი პროფესიული პროგრამებისთვის. სამაგისტრო გამოცდების შედეგების მიხედვით, სახელმწიფო ასევე 2250 ლარის ფარგლებში 1000-მდე მაგისტრანტს დააფინანსებს.
XS
SM
MD
LG