Accessibility links

logo-print
ქართული პრესა 12 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემდგარი შეხვედრის შესახებ წერს. ”ერთი კვირა ოპტიმიზმის გამოსაცდელად”, ”რეალური დიალოგი თუ მორიგი ფუჭი გასროლა?”, ”მერაბიშვილთან ლაქუცა პოლიტიკოსები მივიდნენ”, ”ვანო იყო მკვლელი, გახდა მხსნელი” - ეს სათაურებია. ახლა თავად კომენტარებსა და შეფასებებზე.

”რეზონანსი” წერს: ”უკვე დიდი ხანია, ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ პოლიტიკურ ტერორზე საუბრობს. თუმცა ეს ვითარება არათუ არ იცვლება, არამედ უფრო მეტად იხვეწება. თუკი რამდენიმე თვის წინ ხელისუფლება ანგარიშსწორებას პირდაპირ ოპოზიციის ლიდერების მისამართით ცდილობდა, ახლა აქცენტი ოპოზიციური პარტიების ისეთ წევრებზე კეთდება, რომლებიც საზოგადოებისთვის მაინცდამაინც ცნობილები არ არიან, მაგრამ პარტიის ფუნქციობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ”, - წერს ”რეზონანსი”, რომელშიც ქვეყნდება ინტერვიუები ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერ ირაკლი ალასანიასთან და სახალხო დამცველ სოზარ სუბართან. ალასანია ამბობს, რომ მან და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მერაბიშვილს გადასცეს პატიმართა სია, რომელიც ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ მოწოდებული სიებისგან იყო შედგენილი. ”თუკი ამ პროცესმა ჩაიარა პოზიტიურად, რა თქმა უნდა, ეს უკვე გააჩენს იმ მინიმალურ ნდობას, რომ შედგეს შინაარსიანი საუბარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ეს გახდება სწორედ იმის საფუძველი, რომ საუბარი გავაგრძელოთ პოლიტიკურ საკითხებზე” , - ამბობს ალასანია. სოზარ სუბარმა უთხრა: ”პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავებას ხელისუფლება არ აღიარებს. თქვეს, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ყველა ამ დაკავებულზე ჩვენს პოზიციას მოგაწვდით, რა მტკიცებულებები გვაქვს და რას ფიქრობენ მათზე.”

პარტია ”თავისუფლების” ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, ხელისუფლებასთან ოპოზიციის კონტაქტის საფუძველს ასე ხსნის: ”ეს არის დასავლეთის მოთხოვნა ჩვენდამი, რომ შევხვდეთ მათ და ველაპარაკოთ. თუ ხელისუფლება იმდენად გაკეთილშობილდება, რომ ახლა არჩევნებს დანიშნავს, მე პირადად ამას მივესალმები, თუმცა ნაკლები იმედი მაქვს, რომ დაინიშნება ახალი არჩევნები ან კიდევ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება. ჩვენ არ გვინდა ვალაპარაკოთ დასავლელი კოლეგები, რომ ჩვენ ვართ მარგინალები და მოთხოვნებში ჩამოუყალიბებლები.” - ინტერვიუს სანდრო ბრეგაძესთან ”ალია” ბეჭდავს.

”ყოველთვის იყვნენ ქართულ პოლიტიკაში ადამიანები, რომლებიც ელაქუცებოდნენ ხელისუფლებას, რომლებიც ყოველთვის ეძებდნენ იოლად მისასვლელ გზას და საკუთარი უსაფრთხოებისთვის უფრო თბილ ადგილს. ასეთი პოლიტიკოსი დღეს ქართულ პოლიტიკაში ისე კარგად ჩანს, რომ ამას დიდი მაძიებლობა არ სჭირდება. ამიტომ ჩემთვის არანაირი ავტორიტეტის მატარებელი არ არიან ასეთი ადამიანები, ვანო მერაბიშვილთან მივლენ თუ სააკაშვილთან შეხვედრაზე.” - ეს არის ნაწყვეტი ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერთან, ეკა ბესელიასთან, ინტერვიუდან, რომელიც ”ახალ თაობაში” ქვეყნდება.

12 აგვისტოს შეხვედრაზე ”ყველა სიახლე” წერს: ”გამოდის, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებისგან პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტის მყარი გარანტია მაინც ვერ მიიღო. საინტერესოა, რომელ დემოკრატიულ ან ევროპულ ქვეყანაში ეხვეწება პოლიტიკური ოპოზიცია შსს-ს, ჩემი აქტივისტების პოლიტიკური დაპატიმრების შემთხვევაში, 24-საათიან კავშირზე მამყოფეო. ამის შემდეგ ცოტა გულუბრყვილოდ გამოიყურება დავით უსუფაშვილის განცხადება, რომ აუცილებელია იმ სისტემის დემონტაჟი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით პატიმრებს წარმოშობს. უსუფაშვილის სურვილი რომ შესრულდეს, მაშინ ხელისუფლებამ ის ტოტი უნდა მოჭრას, რომელზეც ასე მყარად არის წამოსკუპებული”, - წერს ”ყველა სიახლის” ავტორი. ამავე გაზეთში დღეს ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან, რომლის დიდი ნაწილი აფხაზეთის საკითხს ეხება.
XS
SM
MD
LG