Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის ლიდერები შავ ზღვაზე სეირნობასა და მსოფლიოს გაკრიტიკებას განაგრძობენ


(მარცხნიდან) ვლადიმირ პუტინი და დმიტრი მედვედევი
(მარცხნიდან) ვლადიმირ პუტინი და დმიტრი მედვედევი
მილიონობით დოლარი, რომელსაც, რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის დაპირებისამებრ, კრემლი მის მიერ დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებულ აფხაზეთში დახარჯავს, ისევ კრემლის ინტერესების გამყარებას მოემსახურება. სხვა მხრივ კი, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს მოსკოვი, ძირითადად, ჯერ ისევ დამოუკიდებლობის ილუზიებით კვებას სთავაზობს და იქ ცინიკურად ინვესტორებს ეპატიჟება. შექმნილი სიტუაციით კმაყოფილი ჩანს პუტინ-მედვედევის ტანდემი, რომელმაც 12 აგვისტოს, პუტინის სოხუმიდან დაბრუნების შემდეგ, სოჭში დროის მხიარულად გატარება გადაწყვიტა. რას ეუბნება კრემლი მსოფლიოს?

პუტინისა და მედვედევის სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი ტანდემი სოჭის ქუჩებში 12 აგვისტოს ღამით გამოჩნდა და ძალიან გამხიარულდა კიდეც ხალხის გაოცებული სახეების დანახვით. შემდეგ ისინი კაფეში შევიდნენ და დროის მხიარულად გატარება იქ გააგრძელეს. ამ ყველაფრით კრემლის ლიდერები, ალბათ, იმის დემონსტრირებასაც ცდილობდნენ, რომ პუტინის ჩასვლამ სოხუმში სასურველი შედეგი გამოიღო. მოსკოვში ამ აქციას ”ვიზიტს” უწოდებენ, თბილისში კი სიტყვა ”ვიზიტს”, გასაგები მიზეზების გამო, ბრჭყალებში სვამენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ საგარეო უწყება ”გამოხატავს მკაცრ პროტესტს კავკასიის რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის ესკალაციის კიდევ ერთ მცდელობასთან დაკავშირებით და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას აიძულოს რუსეთი პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს და უპირობოდ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები - მათ შორის, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის სასწრაფო დეოკუპაცია.”

შემთხვევითი არ არის, რომ პუტინი სოხუმში სწორედ 12 აგვისტოს ჩავიდა, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ხელმოწერის წლისთავზე, და ამით კრემლმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ შარშანდელ დაპირებებს წელს მის მიერ შექმნილი ახალი რეალობა ცვლის. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ფიქრობს, რომ, საერთაშორისო თანამეგობრობის გამოწვევის გარდა, პუტინს იქაურების გულის მოგებაც აქვს განზრახული:

”აფხაზეთში სიტუაცია არის დაძაბული. იქ არსებულმა მოსახლეობამ გაიაზრა, რომ მათ სრული ასიმილაცია ელოდებათ. მათი ჩამოცილება ხდება სხვადასხვა სტრუქტურიდან. ცხადია, ამაზე მათ აქვთ ბუნებრივი პროტესტი.”

რა გააკეთა პუტინმა შოთა მალაშხიას მიერ ნახსენები პროტესტის მისანელებლად? მან ფორმალური პროცედურები გაიარა, სამშობიაროში ახალდაბადებული ტყუპები - ვალოდია და დიმა - მოინახულა, პენსიების დარიგების გაგრძელების პირობა დადო და კიდევ რამდენიმე მილიონი დოლარის დახარჯვის გეგმაც ახსენა, თუმცა სულ სხვა მიზნისკენ მიმართული: “მომავალ წელს უსაფრთხოების საკითხების მოსაგვარებლად, ანუ ჩვენი სამხედრო ბაზისა და აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის მოსაწყობად, ძალიან დიდ ფულს გამოვყოფთ - დაახლოებით 15 მილიარდ რუბლს.”

ექსპერტებისთვის აშკარაა, რომ სამხედრო ბაზის ასაშენებლად და ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი აფხაზეთის საზღვრების გასამაგრებლად დაპირებული მილიარდები აფხაზეთის ბედის ანაბარად მიტოვებული უბრალო მოსახლეობისთვის დიდი ვერაფერი ნუგეშია. სამაგიეროდ, ეს სავსებით აკმაყოფილებს კრემლის იმპერიალისტურ ამბიციებს. უკეთესი ცხოვრების პერსპექტივას, სოხუმში გაკეთებული განცხადებების მიხედვით, რუსეთის პრემიერ-მინისტრი აშკარად უცხოელ ინვესტორებს უკავშირებს, მაგრამ ამის აღიარება ბოლომდე მაინც უჭირს. ვლადიმირ პუტინი ინვესტორებს აფხაზეთში ჩვეული გონორით ეპატიჟება და ემუქრება კიდეც - თუ არ იჩქარებთ, მოგვიანებით ყველაფრის ძვირად ყიდვა მოგიწევთო.

თბილისი კი შეახსენებს მოსკოვს, რომ უცხოელი ინვესტორების აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის საკითხს კრემლი არც ახლა წყვეტს და ვერც მოგვიანებით გადაწყვეტს. უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი ლაპარაკობს კანონზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ:

”სრული სუვერენიტეტი ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით ეკუთვნის საქართველოს, იმიტომ რომ, საერთაშორისო სამართლის თანახმად, რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული ეს ტერიტორიები. შესაბამისად, არავითარი ეკონომიკური საქმიანობა არ შეიძლება განხორციელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისე, რომ ეს არ იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი.”

ცხადია, რომ რუსეთი არად დაგიდევს საერთაშორისო სამართალს და, გაღმა გამოდავების პრინციპით, ამტკიცებს, რომ საქართველოს რევანშისტულ მიზნებს ზოგიერთი ქვეყანა იარაღით მომარაგებით უწყობს ხელს. ამ ქვეყნების სიაში სახელდება შეერთებული შტატები და უკრაინა. სწორედ საქართველოსთვის გაწეული სამხედრო დახმარება დაასახელა 10 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმ პრეტენზიებს შორის, რომელთა გამოც კიევში ელჩის გაგზავნის პროცესიც კი შეაჩერა.

ასეთი მკაცრი ტონით კრემლი ჯერჯერობით ვერ ელაპარაკება ვაშინგტონს, თუმცა საქართველოს შეიარაღებასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს მასაც ხშირად უყენებს ხოლმე სხვადასხვა ტრიბუნიდან. ვაშინგტონი კი საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს კომენტარი ”ინტერფაქსის” მიერ 13 აგვისტოს გამოქვეყნებული ინტერვიუს ფარგლებში. ვერშბოუმ აღნიშნა, რომ, ”შარშანდელი აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, ამერიკას საქართველო სასიკვდილო იარაღით აღარ მოუმარაგებია” და რომ ”ძალისხმევა მიმართული იყო და ახლაც მიმართულია საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ, სამხედრო რეფორმის გატარებისკენ.” თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, მისი თქმით, ”არაფერი გამოირიცხება”.

ამავე ინტერვიუში ალექსანდრ ვერშბოუ გარკვევით ამბობს იმასაც, რომ ”საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და სრული უფლება აქვს იზრუნოს საკუთარი საზღვრების უსაფრთხოებაზე”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG