Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლბრუკი: აშშ-ის სტრატეგია ავღანეთში მხოლოდ იარაღით ბრძოლა არ არის


რიჩარდ ჰოლბრუკი
რიჩარდ ჰოლბრუკი
ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა რიჩარდ ჰოლბრუკმა საზოგადოებას წარუდგინა თავისი თანამშრომლები, რომლებიც თალიბანისა და ალ ყაიდად წოდებული ტერორისტული ქსელის დასაძლევად აშშ-ის სტრატეგიას ემსახურებიან. მათივე ამოცანაა ავღანეთს გაძლიერებასა და სტაბილურობის მიღწევაში დაეხმარონ. “ამერიკული პროგრესის ცენტრში” გამართულ ფორუმზე, ვაშინგტონში, ჰოლბრუკმა, სხვათა შორის, თქვა, რომ გასათვალისწინებელია ასევე ავღანეთის მეზობლების როლი რეგიონში. აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა ამ ფორუმზე ირანის ფაქტორზე ილაპარაკა.

ჰოლბრუკის თქმით, ავღანეთის დასავლელ მეზობელს განსაკუთრებული გავლენა აქვს ავღანეთის დასავლეთში, მეტადრე, ჰერათის პროვინციაში: “ჩვენ ვითვალისწინებთ გეოგრაფიასა და მის რეალობას. ყველამ აქ მსხდომთა შორის, ვინც ჰერათში ყოფილა, - ეშლი ბუმერმა და სხვებმა, რომლებიც მახლდნენ იქ მოგზაურობისას, - იცის, რომ ჰერათი კულტურული და ეკონომიკური ორბიტაა, სადაც ირანს პოლიტიკური გავლენა აქვს. ირანს ლეგიტიმური უფლება აქვს ავღანეთის საკითხის მოგვარებაში თავისი როლი შეასრულოს, მაგრამ ისურვებს თუ არა ამ როლის თამაშს, სხვა გადამწყვეტ ფაქტორებზეა დამოკიდებული.”

ჰოლბრუკი შეეხო ირანის კონსტრუქციულ როლს რეგიონში და გაიხსენა სტაბილური მთავრობის შენარჩუნებაში ჰამიდ კარზაისთვის გაწეული დახმარება მისი მმართველობის პირველ პერიოდში, გაიხსენა ასევე პაკისტანისთვის 330 მილიონი დოლარით მხარდაჭერის პირობა. კულტურული, კომერციული და პოლიტიკური კავშირების გარდა, ჰოლბრუკმა ისაუბრა ირანისთვის მნიშვნელოვან კიდევ ერთ სფეროზე, სადაც ასევე სურს ირანს კონსტრუქციული ჩარევა. ესაა ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანა ავღანეთში, სადაც გლეხობა მიღებული შემოსავლით მეამბოხეებს ეხმარება. ჰოლბრუკის ინფორმაციით, ავღანური წარმოშობის ჰეროინი ხელს უწყობს ირანში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვის ზრდას:

“სავარაუდოდ, ირანს (იქ ეს უდიდესი პრობლემაა), პროცენტულად, მოზრდილებს შორის ნარკოტიკების ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოში. ნარკოტიკი იქ ავღანეთის საზღვრის გავლით შედის და ეს ირანის შეშფოთების მთავარი საგანია. ნარკომანების რიცხვი ირანში, თუ არ ვცდები, 5 მილიონია, ან მეტიც. და ეს პრობლემა ამ ქვეყანაში ყურადღების ცენტრშია.”

რიჩარდ ჰოლბრუკმა ვაშინგტონში განაცხადა ასევე, რომ ნარკოტიკების პრობლემა აწუხებს რუსეთსაც. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების - ბარაკ ობამასა და დმიტრი მედვედევის - შეხვედრისას რუსულ მხარეს შეშფოთება გამოუთქვამს ავღანეთიდან იქ ნარკოტიკების იმპორტის თაობაზე.

ჰოლბრუკის თემა იყო ასევე 20 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში. მან ისაუბრა აშშ-ის მცდელობაზე უზრუნველყოფილ იქნეს უსაფრთხოება, და თქვა, რომ მისი გუნდის პოლიტიკური მიზანია, სხვათა შორის, კორუფციასთან ბრძოლა, ყოფილი ანტისამთავრობო მეამბოხეების ამნისტია და რეგიონალური და ადგილობრივი მმართველობის განმტკიცება. ჰოლბრუკის თქმით, ამ პრობლემებს სათანადოდ ვერ მიეხედება, სანამ ავღანეთის მოქალაქეები, ნატოს ჯარის ხელშეწყობით, არ აირჩევენ ახალ მთავრობას და არ მიანიჭებენ მას შესაბამის მანდატს. “ყველა ეს საკითხი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მეამბოხეთა წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში. ჩვენ ამ პრობლემებზე ვმუშაობთ, მაგრამ სანამ არჩევნების შედეგად, ვინც უნდა მოიგოს ის, მთავრობა დაკანონდებოდეს, არჩევნების უსაფრთხოებას უნდა დავუთმოთ მთავარი ყურადღება.”

ჰოლბრუკმა ავღანეთში აშშ-ის სტრატეგიის სხვა ელემენტებზეც ისაუბრა: სოფლის მეურნეობაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნაზე, ასევე ნარკოტიკების აკრძალვაზე არა მხოლოდ ოპიუმის გლეხებისთვის, არამედ მაღალი რანგის გამსაღებლებისთვისაც.

თუმცა, ბოლოს, აშშ-ის წარგზავნილმა ავღანეთში აღიარა, რომ არ არსებობს გარანტია ამ მრავალფეროვანი სტრატეგიის წარმატებისა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG