Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ოსთა მიმართ განსხვავებული დამოკიდებულების შესახებ


თეიმურაზ მამსუროვი (მარცხნივ) და ედუარდ კოკოითი
თეიმურაზ მამსუროვი (მარცხნივ) და ედუარდ კოკოითი
ოსების მიმართ მოსკოვის დამოკიდებულებას მხოლოდ გარეგნულად რომ შევხედოთ, მათ მადლობის მეტი არაფერი ეთქმით: ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციაში შედის, საქართველოს ტერიტორიაზე კი კრემლმა დამოუკიდებლად გამოაცხადა რეგიონი, სადაც საბჭოთა პერიოდში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი იყო. რუსეთის ფედერაციიის კრასნოდარის მხარეში, ქალაქ სოჭში, ამ ეთნოსის მდგომარეობა სხვა რამეზე მეტყველებს. პრობლემა უშუალოდ უკავშირდება ერებისადმი მოსკოვის პოლიტიკას, რამდენადაც კრემლი საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციას საქართველოს ხელისუფლების აგრესიისაგან ამ ეთნოსის დაცვით ასაბუთებს.

კრასნოდართან უშუალოდ არ არის კავშირში საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის - დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის - მმართველის, ედუარდ კოკოითის, ნათქვამი, რომელიც თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიდგომას გამცნობთ სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეების მიმართ: იქ, თურმე, თანაბრად ექმნებათ კეთილდღეობა ყველა ეროვნების ადამიანებს. ინტერვიუ კოკოითიმ რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურს მისცა.

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ლიდერმა თეიმურაზ მამსუროვმა ამ ორიოდე კვირის წინ ღია წერილი მისწერა თავისი რეგიონის მეზობელი ოლქის - კრასნოდარის მხარის -გუბერნატორს ალექსანდრ ტკაჩოვს. მამსუროვი წერს, რომ დიდ მღელვარებას იწვევს მასში ფაქტები, რომლებიც აღწერილია სოჭის ოსური თემის მიერ მისთვის გამოგზავნილ წერილში. თავის კრასნოდარელ კოლეგას ის ატყობინებს, რომ სამართალდამცველი ორგანოები არღვევენ ოსური ეროვნების მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს და თავისუფლებებს. ბოლო წლების მანძილზე, წაიკითხავთ იქვე, სოჭში, აგორებულია ტალღა ოსების შევიწროებისა, ღრმავდება მათ მიმართ შეუწყნარებლობა, ეროვნული ნიშნით მათი დევნა სისტემატურ ხასიათს იძენს. მამსუროვი ათეულობით ოსის დაკავებისა და ცემის ფაქტებს აუწყებს ტკაჩოვს. განსასჯელია ასევე უპრეცედენტო შემთხვევა, წერს ღია წერილში ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერი, როცა, ცემის შედეგად, მისი თანამემამულე, შინაგან საქმეთა უწყების ოფიცერი, გარდაცვლილა.

საყურადღებოა ისიც, რომ როცა მამსუროვი, ამ შემთხვევების ჩამოთვლისას, სოჭში მცხოვრებ ოსებს თანამემამულეებს უწოდებს, გულისხმობს არა რუსეთის მოქალაქეობას, არამედ ეთნიკურ მხარეს. არიან თუ არა მამსუროვის თანამემამულეები, მაგალითად, სოჭში საქართველოდან, ხაშურიდან ან თბილისიდან გადასახლებული პირები? მაგრამ ჯერ საბჭოთა კავშირში, ახლა კი რუსეთის ფედერაციაში არაა იოლი ამ პრობლემატიკაში გარკვევა - ვინ ვისი თანამემამულეა, ძნელი დასადგენია ხოლმე. კრასნოდარის მხარეში ეროვნულ უმცირესობებს არასოდეს სწყალობდნენ. ამაზეც წერს, სხვათა შორის, ვალერი ძუცევი ჯეიმსტაუნის ფონდის საინტერნეტო გამოცემა“იურეშა დეილი მონიტორში”. მის სტატიას ჰქვია “რუსეთსა და ოსეთს შორის გახლეჩილი ლოიალურობა”. ოსები რუსეთის და საბჭოთა ხელისუფლების მიმართ ლოიალურ ეთნოსად მიიჩნევიან. საქართველოში ყველაზე გავრცელებული ისტორია, ამ მხრივ, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში, 1918 წლიდან 1921 წლამდე, შიდა ქართლში, ოსებით დასახლებულ რაიონებში ბოლშევიკების მომხრეთა აჯანყებაა. ამის შემდგომ იყო, რომ 1922 წელს რეგიონმა ავტონომიური ოლქის სტატუსი მიიღო, მისი დედაქალაქი კი გახდა ცხინვალი, სადაც იმ პერიოდისთვის ოსი მოსახლეობა უმნიშვნელომდე მცირე იყო.

ღია წერილში ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერი კრასნოდარის გუბერნატორს მიმართავს: ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ვიღაცას არ მოსწონს სოჭის ტერიტორიაზე ჩვენი ყოფნა; იქ ათასი ოსი ცხოვრობს და მათი მიზანმიმართული განდევნა ხდება ქალაქიდან და, თანაც, ეს - ზამთრის ოლიმპიადისთვის გახურებული მზადებისასო. ოლიმპიადას თუ რატომ ახსენებს მამსუროვი, ამაზე პასუხი აქვს ვალერი ძუცევს,რომელიც თავის სტატიაში წერს, ოსების საჩივარში გარკვევას ის ართულებს, რომ ეთნიკური ოსი თეიმურაზ ბოლოევი “ოლიმპსტროის” ხელმძღვანელად აირჩიესო. ეს სახელმწიფო კორპორაცია სოჭს და რეგიონს თამაშებისთვის ამზადებს. ოლიმპიადას უკან პუტინი უდგას, პეტერბურგელი ბოლოევი კი, რუსეთის ლუდის კომპანიის, “ბალტიკის”, დამაარსებელი, ყოფილი გენერალური დირექტორი, პუტინთან უნდა იყოს დაახლოებული.

კოკოითისთან ზემოხსენებულ ინტერვიუში საუბარი იყო ქართველებზე, რომლებმაც დატოვეს ამჟამად რუსეთისა და ნიკურაგუის მიერ დამოუკიდებლად აღიარებული ტერიტორია. მისი ნათქვამის თანახმად, ლენინგორის რაიონში ქართველების დიდი ნაწილი დაბრუნდა, რადგან იქ ნორმალური პირობები ექმნებათ, ელექტროენერგიას უფრო იაფად იღებენ, ვიდრე საქართველოში.

ედუარდ კოკოითი იმასაც ამბობს, რომ ქართველების დაბრუნება ყველგან ვერ ხერხდება, რადგან არ არის მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი, რაც გვაშფოთებს და ამიტომ ეს საკითხი უნდა მოვიფიქროთო.

მანამდე ცხინვალის მმართველი ლაპარაკობს ქართული მხარის ქმედებაზე შარშანდელი ომის დროს, რაც ოსებს არ ავიწყდებათ და რითაც ის ქართველებისთვის არსებულ საფრთხეს ხსნის. მაგრამ ედუარდ კოკოითის თავისი აზრი აქვს დევნილებზე: “სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან არავითარი ქართველი დევნილები არ არსებობენ. ეს არის ხალხი, რომელმაც ნებაყოფლობით დატოვა თავისი სახლ-კარი, წინასწარ გაიტანა თავისი ქონება”, ამტკიცებს კოკოითი.

მიუხედავად ჩვენი არაერთი გაფრთხილებისა, არ დაეთმოთ საქართველოს სამხედრო ძალებისთვის თავიანთი ტერიტორია, მათ ეს გააკეთეს და ბევრი ჩაეწერა კიდეც შეიარაღებულ ძალებში და მონაწილეობა მიიღო ოსი ხალხის გენოციდშიო, დასძენს ცხინვალის ხელისუფლების ლიდერი. ისინი ომის დამნაშავეები არიან და არა ლტოლვილებიო. რაც შეეხება მშვიდობიან პირებს, მათ ყველა პირობა ექმნებათ იმისათვის,რომ დაბრუნდნენო, ამბობს კოკოითი, რომელმაც თავის დროზე ერთ უცხოელ ჟურნალისტს უთხრა, ქართველებით დასახლებულ სოფლებს ვანადგურებთ, რათა უკან დაბრუნება ვერ შეძლონო.

„8 აგვისტოს ჩრდილოეთ ოსეთს სტუმრობდა რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი“, წერს თავის წერილში ვალერი ძუცევი, რომელიც შეგვახსენებს, რომ, ბოლო თვეში, ეს მისი მეორე ვიზიტი იყო რეგიონში. როცა მედვედევი საქართველოსთან ომში მონაწილე სამხედროებს მიმართავდა, მილიციას არ შეუშვია შენობაში “ბესლანის ხმის” აქტივისტი ქალები - “ბესლანის ხმისა”, რომელიც ბესლანის 2004 წლის ტრაგიკული მოვლენის მსხვერპლთ აერთიანებს. მაშინ, საშუალო სკოლაში მძევლად აყვანილი ასეულობით ადამიანის განთავისუფლებისას, 300 ადამიანი დაიღუპა - უმეტესობა ბავშვები - და “ბესლანის ხმა”, დანაშაულის უშუალო ორგანიზატორებსა და შემსრულებლებთან ერთად, მთავრობასაც სდებს ბრალს.

მოკლედ, ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთისადმი დამოკიდებულება რთულია. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა რა გითხრათ, მაგრამ მათი ლიდერი, კოკოითი, ამბობს, რომ ის რუსეთთან ინტეგრაციის - და არა რუსეთში ინტეგრაციის -მომხრეა. „ჩვენ აღიარებული ვართ და ამ გზას ვადგავართო”, უთხრა მან ჩვენს კორესპონდენტს, რომელიც ჩააცივდა კოკოითის, რა ფორმით წარმოგიდგენიათ ეს ინტეგრაცია, თუკი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანდებით, - ის ხომ რუსეთის ნაწილიაო: “რატომღაც ევროპას შეუძლია გაერთიანდეს, ჩვენ კი რუსეთთან შეერთება, როგორც მოკავშირე სახელმწიფოსთან, სტრატეგიულ პარტნიორთან, არ შეგვიძლიაო”, უპასუხა კოკოითიმ.

ვარაუდით შეიძლება ითქვას, რომ კოკოითი არც იქნება წინააღმდეგი შეერთებისა, მაგრამ ამის აღიარება უჭირს, რადგან “დამოუკიდებელი” ქვეყნის პრეზიდენტია. მაგრამ რუსული პასპორტები? კოკოითის თქმით, სამხრეთ ოსეთის კონსტიტუცია ამას არ კრძალავს და, თან, მალე ჩვენი პასპორტებიც გვექნებაო, თქვა მან ამ ინტერვიუში. აქვეა გამოთქმული კიდევ ერთი აზრი - თრუსოს ხეობის შესახებ. ედუარდ კოკოითი მშვიდობიანი და არააგრესიული სახელმწიფოს მეთაურად წარმოდგება და, ამასთან ერთად, აცხადებს, ეს ტერიტორია თავის დროზე ჩრდილოეთ ოსეთისა იყო და კომუნისტების მიერ მიწების განაწილების დროს დიდი ნაწილი საქართველოს ჩააბარესო: “დღეს პრეტენზიის სახით ამ საკითხს არ ვაყენებთ, მაგრამ შეშფოთებული ვარ იმ ადამიანების ბედით, რომლებიც ამ ხეობაში ცხოვრობენო.”

თრუსოს ხეობაში კი, ისევე როგორც, შიდა ქართლის გარდა, საქართველოს სხვა არაერთ ქალაქსა და სოფელში, როგორც ოსი ლიდერები უწოდებენ, მათი თანამემამულეები ცხოვრობენ.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ თეიმურაზ მამსუროვის ღია წერილს. რატომ დასჭირდა მამსუროვს ტკაჩოვისთვის მაინცდამაინც ღია წერილის მიწერა? ამ ფორმას ხომ გამოუვალ მდგომარეობაში მიმართავენ ხოლმე? გარდა იმისა, რომ მამსუროვს სურს არჩევნების წინ ოსებზე მზრუნველის სახელი გაითქვას, საფიქრებელია, ის ახლა, როცა მოსკოვი სამხრეთელი ოსების დაცვას იჩემებს, კრემლს მიანიშნებდეს, სხვაგანაც დასაცავად გვაქვს საქმეო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG