Accessibility links

logo-print
ადამიანის უფლებათა დამცველებმა მადლობა უნდა გადაუხადონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს. მის ამაყად ნათქვამ რეპლიკას მამათმავლების დასჯის აუცილებლობაზე საქართველოში მოჰყვა არა მარტო "ენჯეოშნიკების სიცილი" (როგორც პრესა.გეს ჟურნალისტმა გვითხრა), არამედ დისკუსიის დაწყება ჰომოსექსუალიზმის შესახებ. მადლობა უნდა გადაუხადონ გია ჭანტურიას (ახლა უკვე საზოგადოებრივი ტვ-ს გენერალურ დირექტორს), სიტყვა "პიდარასტის" ხმარებისთვის ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" მრგვალ მაგიდაში, რითაც, თავის მხრივ, განახლდა მსჯელობა ეთიკის კოდექსზე ჟურნალისტიკაში. ამასობაში ჩემმა კოლეგებმა გამახსენეს რადიო თავისუფლების პროგრამა "ოქროს საუკუნის" ხუთი წლის წინანდელი გამოშვება, რომელიც საბჭოთა კავშირში სექსუალურ უმცირესობათა დევნას მივუძღვენით (ეს გადაცემა 2004 წლის ზამთარში გავიდა ეთერში). ინტერნეტში ამ თემაზე უამრავ საინტერესო ამბავს გადავაწყდი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ გადაცემის ეს ტექსტი ხუთი წლის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდებოდა.

1933 წლის დეკემბერში იოსებ სტალინმა ახალი მუხლი დაუმატა საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კოდექსს - ჰომოსექსუალიზმი (მამათმავლობა) კანონის დარღვევად იქნა მიჩნეული. იმ დღიდან საბჭოთა ჰომოსექსუალისტებს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.

დასრულდა ის დრო, როცა ბოლშევიკების რევოლუცია ყველანაირი ბორკილისგან - მათ შორის, "სექსუალური ბორკილისგან" - განთავისუფლებად მოიაზრებოდა. რევოლუციის მე-15 წლისთავზე ბოლშევიკური სახელმწიფო უკვე საბჭოთა იმპერიად იქცა. ის ხალხი კი, ვინც იმპერიის სათავეში დგას, მოგეხსენებათ, ყველგან და ყოველთვის გამოირჩეოდა ეჭვიანობით. თუ ჰომოსექსუალები უკვე დამკვიდრებულ "სექსუალურ სისტემას" ეწინააღმდეგებიან, ე.ი. ისინი წინააღმდეგობას უწევენ, საერთოდ, სისტემას, დესტრუქციული ვნებებით ცხოვრობენ. ამიტომ მათი იზოლირება აუცილებელია.

1933 წლის შემოდგომაზე "პრავდაში" გამოქვეყნდა მაქსიმ გორკის წერილი "პროლეტარული ჰუმანიზმი", რომელშიც პროლეტარული ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი მოსახლეობას ფაშიზმის დამარცხების კონკრეტულ გზას სთავაზობდა:

"არა ათობით, არამედ ასობით ფაქტი ამტკიცებს, თუ როგორ რყვნის ფაშიზმი ევროპის ახალგაზრდობას. ამ ფაქტების ჩამოთვლა გულს მირევს... კულტურულ ქვეყანაში, დიდი ფილოსოფოსების, მეცნიერების, მუსიკოსების ქვეყანაში, ისინი თავისუფლად დანავარდობენ. გავანადგუროთ ჰომოსექსუალიზმი და ფაშიზმი აღარ იარსებებს."

ფაშიზმის სწრაფი განადგურების პერსპექტივამ გორკის წერილის გამოქვეყნების შემდეგ ფრთები შეასხა ხელისუფლებას. 1933 წლის მიწურულს გაჩაღდა საიდუმლო მიმოწერა ОГПУ-ს ხელმძღვანელს, გენრიხ იაგოდასა და კრემლის მაღალჩინოსნებს შორის.

იაგოდა:
მოსკოვსა და ლენინგრადში კონტრრევოლუციური მიზნით იქმნება პედერასტების ორგანიზებული ჯგუფების სალონები, გარყვნილების ბუნაგები, საროსკიპოები... მათი მიზანია გაათახსირონ ჩვენი ახალგაზრდობა, განსაკუთრებით მუშა-ახალგაზრდობა, შეაღწიონ საბჭოთა არმიასა და ფლოტში.

სტალინი:
სასწრაფოდ უნდა დავსაჯოთ გაიძვერები. კანონმდებლობაში კი შევიტანოთ სათანადო მუხლი.

ჰომოსექსუალთა დაპატიმრებები თავდაპირველად უხმაუროდ მიმდინარეობდა. მოსამართლეები ჯერ კიდევ იზეპირებდნენ სისხლის სამართლის ახალ მუხლს. თუმცა, როგორც ამბობენ, სასამართლოზე განსასჯელებს უფრო მეტად პოლიტიკური ხასიათის კითხვებს უსვამდნენ: "რა კავშირი გაქვთ ანტისაბჭოთა ორგანიზაციებთან?", "გყავთ თუ არა ნათესავები გერმანიაში?" და ა.შ.

რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, სექსუალურ უმცირესობათა დევნას მაშინვე მოჰყვა მათი უფლებების დამცველთა გააქტიურება. ამ მოძრაობას ხელმძღვანელობდა გაზეთ "მოსკოუ ნიუსის" მოსკოველი კორესპონდენტი ჰარი უაიტი. ინგლისელმა ჟურნალისტმა სტალინს არაერთი წერილი გაუგზავნა. როგორც თავად აღნიშნავდა, ის "მარქსისტული პოზიციიდან" უმტკიცებდა კრემლის ლიდერს, რომ ახალი საბჭოთა კანონი "კომუნისტურ ჰუმანიზმს მოკლებულია". ჰარი უაიტი აღნიშნავდა:

"ის პირები, რომლებიც ჰომოსექსუალებად გარყვნილებამ აქცია, როგორც წესი, ბურჟუაზიას მიეკუთვნებიან. მათი ცალკეული წარმომადგენლები ამ გზას მაშინ დაადგნენ, როცა მეტისმეტად დანაყრდნენ ათასგვარი სიამოვნებითა და გარყვნილებით ქალებთან სექსუალურ ურთიერთობაში... მაგრამ არიან ჰომოსექსუალები, რომლებიც ასეთებად მატერიალური სიდუხჭირის გამო იქცნენ. ეს ხალხი იძულებული იყო, ამგვარად დაეკმაყოფილებინა სექსუალური მოთხოვნილება, რადგან უსახსრობა არ აძლევდა დაქორწინების ან მეძავებთან ურთიერთობის საშუალებას."

უაიტმა სტალინს "პროგრესული დასავლელი მეცნიერების" ახალი გამოკვლევების შედეგებიც გააცნო. მისი სიტყვებით, "არიან 'თანდაყოლილი ჰომოსექსუალებიც'. გამოკვლევები ამტკიცებს, რომ ასეთი ტიპის ადამიანები თანაბარი პროცენტით არსებობენ საზოგადოების განსხვავებულ კლასებში და ყველა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ორ პროცენტს შეადგენენ... ეს იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირში ორი მილიონი ჰომოსექსუალია, რომელთა შორის ბევრი აქტიურად მონაწილეობს სოციალიზმის მშენებლობაში. ნუთუ შეიძლება ამდენი ადამიანის დაპატიმრება?"

რამდენიმე კვირაში წერილების ავტორი საბჭოთა კავშირიდან გააძევეს. დღეს რუსი ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ უაიტს ბედმა გაუღიმა - იმხანად იგი თავისუფლად შეეძლოთ თავისი "ანომალიური სექსუალური მოთხოვნების" დასაკმაყოფილებლად რომელიმე საბჭოთა ბანაკში გამოემწყვდიათ - იქ, სადაც "სექსუალურ დისიდენტებს" გზავნიდნენ 1992 წლამდე, სანამ რუსეთის ხელისუფლება სექსუალურ უმცირესობათა დასჯის ამ მუხლს გააუქმებდა. ზოგიერთი რუსი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ამ მუხლით ზოგჯერ საბჭოთა სისტემის მიმართ არალოიალურად განწყობილ იმ ადამიანებსაც ასამართლებდნენ, რომელთაც ჰომოსექსუალიზმთან არაფერი ჰქონდათ საერთო. და პირიქით, "გამოჭერილი" ჰომოსექსუალი საბჭოთა ხელისუფლებისთვის მშვენიერი მასალა გახდა კაგებეს რიგების შესავსებად. სექსუალურ უმცირესობათა "შემჩნეული" წარმომადგენლები ხშირად იძულებული ხდებოდნენ სუკ-ის ინფორმატორებად ემუშავათ.

მაქსიმ გორკის წინასწარმეტყველების მიუხედავად, "პედერასტების დაპატიმრებით" ფაშიზმის დამარცხება შეუძლებელი აღმოჩნდა. მეტიც, სისხლის სამართლის საბჭოთა კოდექსში ამ ცვლილების შეტანის შემდეგ იოსებ სტალინს ადოლფ ჰიტლერმაც მიბაძა და ჰომოსექსუალების დევნა დაიწყო.

საინტერესოა, რომ ჰიტლერიც და სტალინიც ახალგაზრდობაში ჰომოსექსუალებთან მეგობრობდნენ: ერთი რემთან, მეორე - ჩიჩერინთან. და, რაც მთავარია, ელემენტარული ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების თანახმად, რომელიმე იდეის მიმართ მტრული დამოკიდებულება იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არ არის გულგრილი იმის მიმართ, რასაც ასე დუჟმორეული ებრძვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აგრესიული ჰომოფობია იმის მანიშნებელია, რომ საქმე გვაქვს ტიპურ ლატენტურ ჰომოსექსუალიზმთან - ე.ი. ადამიანი ამ დროს, პირველ რიგში, საკუთარ თავს ებრძვის. თუმცა, ბოლო დროს გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ისტორიკოსები იმასაც ამტკიცებენ, რომ ჰიტლერი და სტალინი სულაც არ ყოფილან "ლატენტური ჰომოსექსუალები"... სიტყვით, ორივე ბელადი ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა სექსუალურ უმცირესობებს, მაგრამ ორივეს გული უჩუყდებოდა ფილმებზე, რომელთა გმირები - მათ შორის, მამაკაცები - აცხადებდნენ, რომ სტალინი (ან ჰიტლერი) მამაზე, ძმაზე, დედაზე, ცოლზე მეტად უყვარდათ. გული უჩუყდებოდათ სიმღერებზე, რომლებშიც პერვერსიულობითაა გაჟღენთილი მუსიკაც და ტექსტიც.

ძველი ბოლშევიკი ბორის ნიკოლაევსკი ამტკიცებდა, რომ სტალინს ასეთი სიმღერების მოსმენისას თვალები უბრწყინავდა, მის სახეზე "სექსუალური სიამოვნების განცდა" აღიბეჭდებოდა ხოლმე... ასეთი იყო იგი ნასვამ მდგომარეობაშიც, როცა, როგორც ჩანს, ნაკლებად აკონტროლებდა თავის ქცევას. ასეთ მდგომარეობაში იხილა სტალინი 30-იანი წლების მიწურულს ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა ელჩმა საბჭოთა კავშირში უილიამ ბულიტმა, რომელიც მოგვიანებით დაწერს:

"სტალინი ჩემ მიმართ ნაზ გრძნობებს არასდროს მალავდა. ერთხელ საკმაოდ ნასვამი იყო, როცა გადამეხვია და ტუჩებში მაკოცა. ღმერთო ჩემო, როგორი ზიზღი ვიგრძენი მაშინ, რომ იცოდეთ..."

პარანოია, რომელიც ნებისმიერი დიქტატორის სენია, როგორც წესი, ამძაფრებს ლატენტურ ჰომოსექსუალიზმს. თავის წიგნში "ფსიქოპათოლოგია და პოლიტიკა" ამერიკელი მეცნიერი ჰაროლდ ლასუელი ამტკიცებს, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ადამიანებს არ ენდობიან, მუდმივი ეჭვი და მტრის ძიება ტანჯავთ, უბრალოდ, იძულებული ხდებიან, ერთსა და იმავე ხალხში, ე. ი. "სანდო ხალხში", იტრიალონ - იმუშაონ და გაერთონ მათთან ერთად, მოაწყონ ღრეობები, იქეიფონ და დრო ატარონ ერთ, ვიწრო წრეში. დაახლოებით ისე, როგორც პიერ-პაოლო პაზოლინის ფილმში "სალო, ანუ სოდომის 120 დღე", რომელშიც გენიალური იტალიელი რეჟისორი ამტკიცებს, რომ სისტემა, რომელიც არ აძლევს საშუალებას ადამიანს მაქსიმალურად შეძლოს თავისი გრძნობების რეალიზაცია, თავისთავადაა პათოლოგიური. სადისტი ხდება ის, ვისაც არა მარტო გრძნობით-ადამიანური, არამედ ხორციელი, ცხოველურიც კი ჩაკლული აქვს. ამიტომაც, ყველაზე დიდი გარყვნილება ძალაუფლებაა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG