Accessibility links

logo-print

ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები საქართველოში ჩადიან


საქართველოსა და ამერიკის სამხედროთა ერთობლივი წვრთნა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. 2008 წლის ივლისი

საქართველოსა და ამერიკის სამხედროთა ერთობლივი წვრთნა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. 2008 წლის ივლისი

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების პრესსამსახური ავრცელებს განცხადებას საქართველოში საზღვაო ქვეითების გაგზავნის შესახებ. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ჩავა 60-დან 70-მდე ამერიკელი სამხედრო, რომელიც ქართულ ბატალიონს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში (ISAF) მონაწილეობის მისაღებად მოამზადებს.

„მიღებულია გადაწყვეტილება, გავგზავნოთ საქართველოში საზღვაო ქვეითები, რომლებიც 750-კაციან ქართულ ბატალიონს სწავლებას ჩაუტარებენ. 6-თვიანი სწავლება პირველ სექტემბერს დაიწყება, ხოლო საზღვაო ქვეითთა რაოდენობა 60-დან 70-მდე იმერყევებს“,- ვკითხულობთ ამერიკის შერთებული შტატების შეიარაღებული ძალების განცხადებაში.საქართველოში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ ქროულიმ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მან თქვა, რომ ამერიკელი საზღვაო ქვეითი ბრიგადის წარმომადგენლები 15 აგვისტოს საქართველოში გაემგზავრებიან, ქართული ბატალიონის სწავლება კი პირველი სექტემბრიდან დაიწყება.

ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი ჯარისკაცების გაგზავნაზე თანხმობის გაცემის მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს 6 აგვისტოს მიმართა. საკანონმდებლო ორგანოს პასუხი დადებითი იყო. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ქართულ-ამერიკული ურთიერთობა გრძელდება:

”ბაიდენის ვიზიტამდეც და მის შემდეგაც გვესმის, რომ, გამომდინარე სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიიდან, იქნება ძალიან მჭიდრო კოოპერაცია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, რომ ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობაზე იზრუნებენ ამერიკელი პარტნიორები.”

ამერიკელი საზღვაო ქვეითები საქართველოში ჯერ კიდევ 1990-იან წლებში იმყოფებოდნენ, ნატოს პროგრამის - „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ - ფარგლებში. სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ სამხედრო წვრთნების პროცესის გაგრძელება რუსეთმა არ უნდა აღიქვას მის მიმართ აგრესიულ ნაბიჯად:

”‘პარტნიორობა მშვიდობისათვის’ პროგრამის ფარგლებში ხდება ნატოს და, ამ შემთხვევაში, ამერიკის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენა, რომელიც რეალურად არის უკურეაქცია იმ თვალსაზრისით, რომ ეს ყველაფერი კეთდება ნატოს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად და აქ რაიმე აგრესიული ნაბიჯი რუსეთის მიმართ ან მისი პოლიტიკის მიმართ არ იგულისხმება და, თუ სურვილი აქვს კრემლს, რომ ეს ყველაფერი ადეკვატურად აღიქვას, მას ამის რეალური საშუალება აქვს.”

მით უმეტეს, რომ, გვიხსნის სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, ”არსენალის”, მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, წვრთნების მიზნების შესახებ ამერიკამ რუსეთს ღია მესიჯი გაუგზავნა:

”ამერიკის მხარეს ჰქონდა კონსულტაცია კრემლთან, რომ ამერიკელები ქართულ ჯარს მოამზადებენ არა რუსეთის რეგულარული არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ მხოლოდ ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისათვის.”

ასეთი განცხადება პენტაგონის წარმომადგენელმა ბრაიან უიტმენმაც გააკეთა. მან თქვა, რომ ტრენინგი მხოლოდ ავღანეთის მისიაზე იქნება ორიენტირებული.

რას მოიცავს ამჯერად აღნიშნული სამხედრო წვრთნა? - ვკითხეთ ირაკლი ალადაშვილს:

”ავღანეთში უნდა გაიგზავნოს ორი ჯგუფი. პირველი იქნება ასეულის დონეზე, დაახლოებით 170 კაცი, რომელიც იმსახურებს საფრანგეთის კონტინგენტში, ხოლო მეორე - ბატალიონის დონეზე, 730 სამხედრო, რომელიც იმსახურებს ამერიკელებთან. პირველი ჯგუფი შემოდგომაზე გაემგზავრება საქართველოდან, ხოლო მეორე 2010 წლის გაზაფხულზე დატოვებს სამშობლოს.”

ალადაშვილს რამდენიმე კრიტიკული მოსაზრება აქვს. პირველი ქართველი სამხედროების რაოდენობას ეხება - ფიქრობს, რომ 750 კაციანი კონტინგენტის გაგზავნა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ დიდი რიცხვია:

”ჩვენ, საერთო ჯამში, 920 სამხედროს ვაგზავნით, ანუ ქართულ არმიას თითქმის ათასი სამხედრო აკლდება გარკვეულ პერიოდში. ეს, დაახლოებით, არის ქართული შეიარაღებული ძალების, დაახლოებით, 5% და მგონია, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. ჩვენ რას გვაძლევს ეს? შეიძლებოდა ჩართვა ასეულის დონეზე, როგორც დაგეგმილი იყო, და იქნებოდა სიმბოლური დახმარება და ჩაითვლებოდა, რომ პატარა საქართველო ეხმარება ნატოს.”

და მეორე: მისი თქმით, აგვისტოს ომმა აჩვენა, რომ ერაყში მომზადებულმა სამხედროებმა, ფაქტობრივად, საკუთარი შესაძლებლობები ვერ აჩვენეს. თუ ავღანეთში ჯარი მხოლოდ ანტიპარტიზანული ბრძოლებისთვის მომზადდება, რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში, საქართველო იმავე პრობლემის წინაშე დადგება. გაწვრთნილი ქართველი სამხედროები ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო ბრძოლებისთვის მზად კვლავ არ იქნებიან:

”სწორედ ამაში არწმუნებს ამერიკაც რუსეთს, რომ ჩვენ ქართველებს მოვამზადებთ, მაგრამ მათ არ შეეძლებათ ტანკებისა თუ თვითმფრინავების წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ კი გვჭირდება ისეთი მომზადებული ძალა, რომელიც შეძლებს ჯავშანტექნიკასთან ბრძოლას, ასევე მოიერიშე და ბომბდამშენი ავიაციის წინააღმდეგ სპეციალური იარაღის გამოყენებას.“

თუმცა ირაკლი ალადაშვილი არ უარყოფს ამერიკის, საფრანგეთის, ნატოს საქართველოსთან სამხედრო პოლიტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამბობს, რომ ისინი რეალურად წარმოადგენენ რუსეთის შემაკავებელ ძალას: ”ცხადია, ჩვენ რომ ნატომაც მიგვატოვოს, ამერიკამ და ევროპამ, რუსეთი მთლიანად ჩაგვყლაპავს. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი სწრაფვა იყო ნატოსკენ და ნატოშიც არ მიგვიღეს, თავად ეს სწრაფვა რუსეთმა მშვენივრად გამოიყენა.”

XS
SM
MD
LG