Accessibility links

logo-print
გორში ოპოზიციის მხარდამჭერების, თამაზ ტლაშაძის და დავით გუდაძის სასამართლო პროცესები დასრულდა. ტლაშაძეს 3 , გუდაძეს კი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. სამართალდამცავები ტლაშაძეს ნარკოტიკული ნივთიერების შენახვაში, გუდაძეს კი საბრძოლო მასალის შენახვა-გადატანაში სდებდნენ ბრალს. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის წარმოდგენილი მტკიცებულება ხელყუმბარაზე ჩატარებული დაქტილოსკოპური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც საბრძოლო მასალაზე განსასჯელის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა და მან პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა სასჯელის შეფარდების შესახებ.

ბოლო პროცესამდე განსასჯელთა ოჯახის წევრები და მეგობრები, ძალოვანი მინისტრებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის გამო იმედიანად იყვნენ განწყობილი, რადგან იმ პოლიტპატიმართა სიაში, რომელიც ჯერ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს, შემდეგ კი ვანო მერაბიშვილს გადაეცა, გუდაძე და ტლაშაძეც იყვნენ. გორში გამართულ ბოლო პროცესს დაესწრო რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილიც, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ პარტია თანამოაზრეების გასათავისუფლებლად ბრძოლას აგრძელებს.

სასამართლოს დასრულების შემდეგ განსასჯელთა ოჯახის წევრები და გორის საზოგადოების ნაწილი გამოტანილი გადაწყვეტილების გამო აღშფოთებას არ მალავდნენ.

დავით გუდაძის ადვოკატი გიორგი რაზმაძე გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

რესპუბლიკური პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით რაზმაძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეც, პროკურორიც და მოწმე პოლიციელებიც საზოგადოებისთვის საშიშნი არიან.

დავით გუდაძე და თამაზ ტლაშაძე პოლიციამ 16 ივნისს დააკავა. მას შემდეგ გორში პერმანენტულად მიმდინარეობდა ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის საპროტესტო აქციები დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით. ამ ხნის განმავლობაში არც ხელისუფლებას და არც პროკურატურას ამ დაკავების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. ერთადერთი კომენტარი რადიო თავისუფლებასთან შიდა ქართლის პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა გააკეთა იმავე დღეს და მათი დაკავების გარდა გუდაძისა და ტლაშაძის ოპოზიციის აქციებში მონაწილეობაზეც ისაუბრა.

დაკავებულების მეგობრები, თანაპარტიელები და ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და იმ შემთხვევაში, თუ ზემდგომი სასამართლო უწყებები დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, საქმეს სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში წაიღებენ.
XS
SM
MD
LG