Accessibility links

logo-print

რას გვეუბნება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე?


რუსეთი მოქალაქენი წითელ მოედანზე რუსეთის დღეს აღნიშნავენ

რუსეთი მოქალაქენი წითელ მოედანზე რუსეთის დღეს აღნიშნავენ

ორიოდე დღის წინ გაგაცანით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომლებიც ასახავდა რუსების დამოკიდებულებას შეერთებული შტატების, ევროკავშირის, უკრაინისა და საქართველოს მიმართ. შეგახსენებთ, რომ ყველაზე უარყოფითი შეფასება საქართველოს მიმართ გამოითქვა: ამ ქვეყნისადმი ძირითადად ცუდი, ან ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვს რუსეთის გამოკითხულ მკვიდრთა 63 პროცენტს. ყოველ შემთხვევაში, ეს აჩვენა რეპრეზენტაციულმა გამოკითხვამ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ლევადას ცენტრმა” ჩაატარა გასულ თვეში, 17-დან 20 ივლისამდე. დღეს საზოგადოებრივი აზრის კიდევ ორი გამოკითხვის შედეგებს გაგაცნობთ: ეს ორიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ასახავს.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში შარშანდელი ომი რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა - თვით ომის გარდა, მისი შედეგებითაც ჩანს: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით, ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებით, ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტით... და ჩანს მკვეთრი ცვლილებით რუსეთისადმი საქართველოს მკვიდრთა დამოკიდებულებაშიც - ეს ცვლილება ასახულია გამოკვლევაში, რომელიც შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა გელაპის ორგანიზაციამ ჩაატარა. ორგანიზაცია, 1958 წელს დაარსებული ჯორჯ გელაპის მიერ, რამდენიმე მიმართულებით აწარმოებს კვლევას - თუმცა ყველაზე ცნობილია მისი საქმიანობა საზოგადოებრივი აზრის კვლევის სფეროში.

აი, რა გვითხრა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ჩატარებული კვლევის თანაავტორმა, ნელი ესიპოვამ:

“საქართველოში 4 წელია - პირველივე წლიდან, როცა იქ კვლევა დავიწყეთ - ვსვამთ შემდეგ შეკითხვას: - არსებობს სხვადასხვა მოსაზრება საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე. თუ შეიძლება გვითხარით, რომელს იზიარებთ შემდეგი მოსაზრებებიდან? - გამოკითხულებს შეუძლიათ ერთ-ერთის არჩევა სულ სამიდან. პირველია: საქართველო ნებისმიერ შემთხვევაში კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს რუსეთთან. მეორე: საქართველოს ძალიან პრინციპული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს რუსეთთან, და მესამე - საქართველომ უნდა გაწყვიტოს რუსეთთან ურთიერთობა. საქართველოში იმათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ მათ ქვეყანას აუცილებლად კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს რუსეთთან, იზრდებოდა: 2006 წელს იყო 53, 2007-ში 59, 2008-ში 64”.

სარეკორდო 64 პროცენტი - რომელიც რუსეთთან ნებისმიერ შემთხვევაში კარგ ურთიერთობას ემხრობოდა - შარშან ივლისში აღირიცხა, მიუხედავად, დაძაბულობის გამწვავებისა. მომდევნო თვის ომმა კი, როგორც ჩანს, გარდატეხა მოიტანა: საქართველოში წელს მაისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, 64 პროცენტი 47 პროცენტამდე შემცირდა... შესაბამისად, გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისი აზრითაც საქართველოს “ძალიან პრინციპული” პოზიცია უნდა ჰქონდეს რუსეთთან მიმართებით. ასე ფიქრობს გამოკითხულების 37 პროცენტი - შარშანდელი 21 პროცენტისაგან განსხვავებით. და კიდევ: 5 პროცენტამდე გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, ვისი აზრითაც რუსეთთან ურთიერთობა საერთოდ უნდა გაწყდეს. შარშან ასე ფიქრობდა სულ ერთი პროცენტი.

მთლიანობაში, რაც უნდა მკვეთრი იყოს ცვლილება რუსეთისადმი დამოკიდებულებაში, ქართველების უმრავლესობა მაინც კარგი ურთიერთობის მომხრეა, ომის მიუხედავად. მეტიც - იმ ქვეყნებს შორის, რომლებთანაც საქართველო “ყველაზე მჭიდრო ურთიერთობას ისურვებდა - დესეთეს წევრებიდან, პირველ ადგილზეა კვლავინდებურად რუსეთი, 25 პროცენტით! რა არის ამის მიზეზი - შევეკითხეთ გელაპის გამოკვლევის თანაავტორს?

“პირველ რიგში, ამ ორ ერს მჭიდრო ისტორიული კავშირები აქვს. და ეკონომიკური თვალსაზრისით - საქართველომ ბევრი დაკარგა რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების შედეგად და ხალხი ამას გრძნობს. ამას ემატება ის გარემოება, რომ რუსეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს - ბევრი ქართველია სამუშაოდ ჩასული. საქართველო ეკონომიკურად დამოკიდებულია რუსეთზე - ამ საკითხის ემოციური მხარე რომ დავივიწყოთ კიდეც”.

რუსეთში გაცილებით უფრო თავშეკავებული დამოკიდებულება ვლინდება საქართველოს მიმართ: ყოველ შემთხვევაში, წელს ივნისში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ რუსეთის მკვიდრთა სულ 15 პროცენტი ემხრობა საქართველოსთან ნებისმიერ შემთხვევაში კარგ ურთიერთობას. უმრავლესობა მიზანშეწონილად მიიჩნევს ძალიან პრინციპულ პოზიციას, ხოლო ათი პროცენტი საქართველოს ურთიერთობის გაწყვეტას.

“ამის ახსნა იმით შეიძლება, რომ რუსეთი - ძლიერის პოზიციაშია და, სავარაუდოდ, ეკონომიკურად ნაკლებს კარგავს, ვიდრე საქართველო, თუ ურთიერთობას ბოლო მოეღო. რუსები საქართველოში არ ჩადიან სამუშაოს საძიებლად. და რუსეთს ეკონომიკური ურთიერთობები აქვს ბევრ სხვა ქვეყანასთან”. ამ ბევრ სხვა ქვეყანას რაც შეეხება... შეერთებული შტატებთან და ევროკავშირთან ახლო ურთიერთობის მხარდაჭერამ მკვეთრად იმატა საქართველოში - აგვისტოს ომის შემდეგ. თუ შარშან ივნისში გამოკითხულების სულ 11 პროცენტი ფიქრობდა, რომ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს შეერთებულ შტატებთან - თუნდაც რუსეთთან ურთიერთობის საზიანოდ, ეს 11 პროცენტი წელს 24-მდე გაიზარდა.
ამ და ბევრ სხვა ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ გელაპის პუბლიკაციაში, რომელიც 12 აგვისტოს გამოქვეყნდა.

12 აგვისტოსვე კიდევ ერთმა ორგანიზაციამ - “სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა” - აბრევიატურით ვციომ - წარმოადგინა თავისი კვლევის შედეგები: მონაცემები იმის შესახებ, თუ ჯერ ერთი, როგორია რუსეთის მკვიდრთა დამოკიდებულება საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და მეორე - როგორ ფასდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივა. ჩვენ მოსკოვში დავურეკეთ ამ ორგანიზაციის პოლიტიკურ კვლევათა განყოფილების დირექტორ, სტეპან ლვოვს და მას ვთხოვეთ გამოკითხვის მთავარი შედეგების შეჯამება: აქვე ვიტყვი, გამოკითხვა 25-26 ივლისს ჩატარდა.

“რუსეთის მკვიდრთა დიდი უმრავლესობა - 79 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო იმსახურებს უფრო ღირსეულ პრეზიდენტს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილია. გამოკითხულთა 11 პროცენტი ფიქრობს, რომ ქართველი ხალხის არჩევანისადმი უარყოფითი დამოკიდებულებაც რომ ჰქონდეს, მაინც პატივს სცემს ამ არჩევანს, ქართველების არჩევანს. და გამოკითხულთა მხოლოდ ორი პროცენტი გამოხატავს პატივისცემასა და სიმპათიას პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ.”

ეს მონაცემები გვაჩვენებს, “საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის” წარმომადგენლის განმარტებით, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე - ანუ მას შემდეგ, რაც სააკაშვილისადმი დამოკიდებულების საკითხზე გამოკითხვა ჩატარდა 2004 წელს - შეფასება მკვეთრად არის შეცვლილი.

“თუ ოთხი, უფრო სწორედ, 5 წლის წინ მოსაზრებას - რომ სააკაშვილის მმართველობის პირობებში შესაძლებელია რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება - იზიარებდა გამოკითხულთა მესამედი, ახლა 78 პროცენტი ფიქრობს, რომ სააკაშვილის მმართველობისას, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში კარგი შედეგები არ იქნება!”

რუსეთში სააკაშვილისადმი დამოკიდებულების გასარკვევად გამოკითხვის წელს ივლისში ჩატარება “საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა” ცხადია, რატომაც გადაწყვიტა: რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით. ჩვენ ამ ცენტრის პოლიტიკური განყოფილების დირექტორ სტეპან ლვოვს ვკითხეთ, რამდენად განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტისადმი რუსეთის მკვიდრთა დამოკიდებულებას ამ ქვეყნის მასმედია:

“რუსეთში, ბუნებრივია გარკვეულ გავლენას ახდენს მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, მაგრამ ჩვენ მაინც დარწმუნებული ვართ იმაში, რომ რუსეთის მკვიდრთა უმრავლესობა დამოუკიდებლად აკეთებს დასკვნებს და რომ მათ დამოუკიდებელი აზრი აქვთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ რუსეთში ჯერ არ დავიწყებიათ ის დრო, როცა იყო რკინის ფარდა, როცა იზღუდებოდა სიტყვის თავისუფლება. ჩემი აზრით, მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ დამოუკიდებლად აზროვნება და ასეთი, სავსებით გააზრებული დასკვნებისა და გადაწყვეტილებების მიღება”.

დამოუკიდებელია თუ არა - დასკვნები, რომლებიც რუსეთის მკვიდრთ გამოაქვთ საქართველოსთან ურთიერთობის პერსპექტივაზე არც თუ სახარბიელოა: და ეს არა მარტო სააკაშვილისადმი უმეტესწილად უარყოფითი დამოკიდებულების გამო. იმ გამოკითხულებიდანაც კი, ვინც პატივს სცემს ქართველების არჩევანს, ანუ მისაღებად მიაჩნია სააკაშვილის პრეზიდენტობა - 44 პროცენტი ვერ ხედავს საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრობის პერსპექტივას. და ეს, როგორც ცენტრის წარმომადგენელი აღნიშნავს, ქართველი ხალხისადმი კეთილგანწყობის მიუხედავად...

“ჩვენი მთელი რიგი სხვა გამოკვლევები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რუსებს, პრინციპში, გულთბილი დამოკიდებულება აქვთ საქართველოსა და ქართველების მიმართ. მას სულიერად, თუ კულტურული კავშირებით ახლობელ ხალხად მიიჩნევს. პრინციპში, ქართველებისთვის ცუდი არაფერი უსურვიათ და, სავარაუდოდ, არც არასოდეს უსურვებენ”, ამბობს “სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის” თანამშრომელი სტეპან ლვოვი.
XS
SM
MD
LG