Accessibility links

logo-print

საზოგადოებრივი მაუწყებელი - Déjà Vu

  • ნინო როდონაია

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა

ამ კვირაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ახალი გენერალური დირექტორი აირჩია. ამ თანამდებობაზე 6 წლის ვადით დანიშნული გიორგი ჭანტურიას ორმა წინამორბედმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე უფლებამოსილების კანონით დადგენილი ვადა ვერ ამოწურა. თამარ კინწურაშვილი თანამდებობიდან ორი წლისა და 7 თვის შემდეგ გადადგა, ლევან ყუბანეიშვილი კი გენერალურ დირექტორად წელიწად-ნახევარზე ნაკლებ ხანს დარჩა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი სამეურვეო საბჭო პარლამენტმა ზუსტად 4 წლის წინ აირჩია. მეურვეთა შორის იყო თამარ კინწურაშვილი, რომელმაც მოგვიანებით გენერალური დირექტორობის კანდიდატობა არჩია. საბჭოს წევრებმა ყოფილი კოლეგა 24 კანდიდატს შორის გამოარჩიეს და საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელობა 6 წლით მიანდეს. საზოგადოების ნაწილის მიერ ხელისუფლების ფავორიტად მიჩნეულ კინწურაშვილს რამდენიმე თვეში თავად ხელისუფლების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის იმჟამინდელმა თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ თამარ კინწურაშვილი საკადრო პოლიტიკის გამო გააკრიტიკა. „ქალბატონმა თამარმა განაცხადა, რომ თურმე ჩვენ ვიცით კანონების წერა, მაგრამ კითხვა არ ვიცით და არ გვაქვს უფლება შიდა სამზარეულოში ჩავერიოთ. ძალიან კარგადაც ვიცით და ამიტომ მოვითხოვეთ შეხვედრა და არა ანგარიში“, - განაცხადა თევდორაძემ 2006 წლის მარტში, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას, და ისიც დასძინა, რომ ამ ტელევიზიას სხვა მოქალაქეებთან ერთად აფინანსებს და სურს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იმედს ამართლებდეს. თავად თამარ კინწურაშვილმა თანამშრომელთა დათხოვნას მაუწყებლის შიდა საქმე უწოდა და დეპუტატებს ურჩია, რომ თუ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნა არ სურთ და საკადრო პოლიტიკასა და შინაარსში ჩარევას აპირებენ, მაუწყებლობის კანონი შეცვალონ. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ თამარ კინწურაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადადგა. ოპოზიციურმა კოალიციამ, რომელმაც ვადამდელი არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და საპროტესტო აქციები დაიწყო, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭოს არჩევის და გენერალური დირექტორის შეცვლის თაობაზე ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმება სერიოზულ წარმატებად შეაფასა. საბჭოს შეთანხმებული შემადგენლობა პარლამენტმა 2008 წლის თებერვლის ბოლოს აირჩია. რამდენიმე დღეში მეურვეებმა პოსტიდან გადადგომის შესახებ თამარ კინწურაშვილის განცხადება დააკმაყოფილეს, ერთი თვის თავზე კი ახალ გენერალურ დირექტორად ლევან ყუბანეიშვილი დანიშნეს. მას, კინწურაშვილის მსგავსად, გამარჯვებას კონკურსის დასრულებამდე უწინასწარმეტყველებდნენ.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ოპოზიციამ ასევე გაყალბებულად გამოაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ პროტესტის ერთ-ერთ სამიზნედ იქცა. ანუ გაირკვა, რომ ოპოზიციის მიერ საკუთარ წარმატებად შეფასებული ცვლილება წარმატება სულაც არ ყოფილა. „მოვითხოვთ თავისუფალ ეთერს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, რომელიც რეალურად სააკაშვილის რეჟიმის არხია“, - აცხადებდნენ ტელევიზიის შენობასთან საპროტესტო აქციებზე შეკრებილი ოპოზიციის ლიდერები. მათი ბრალდებების საპასუხოდ, ლევან ყუბანეიშვილი ირწმუნებოდა, რომ ცალკეული პარტიების ან პიროვნებების ზეგავლენის ქვეშ არხი არ მოექცევა, მისი საინფორმაციო პროგრამების შინაარსი კი სრულიად მიუკერძოებელია. მიუხედავად გენერალური დირექტორის მტკიცებისა, რომ განწყობისთვის გარდაქმნილი პირველი არხი ობიექტურია, იმჟამინდელი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ერეკლე ტრიპოლსკიმ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად სწორედ ის დაასახელა, რომ ობიექტურობის უზრუნველყოფა ვერ შეძლო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ პროტესტი განსაკუთრებით ამ გაზაფხულზე გამწვავდა, როდესაც, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ოპოზიციამ მასშტაბური აქციები დაიწყო. ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ პროტესტი არა ჟურნალისტების, არამედ არხის ხელმძღვანელებისა და მათი პოლიტიკის წინააღმდეგაა მიმართული. ერთ-ერთ მიტინგზე გამოსვლისას ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა: „სისხლისღვრის სუნი მცემს ამ ტელევიზიიდან. ყუბანეიშვილმა გამომიგზავნა ინფორმაცია, რომ ასე რომ იქცევით, წუთნახევრიანი პირდაპირი ჩართვები დამთავრდაო. საჯაროდ, სადაც არ გადავეყრები, სილას გავაწნავ, სულ რომ 30 დღე ჩამსვან ამ სილის გამო.“

ლევან გაჩეჩილაძის „ჩასმის“ ამბავი არავის გაუგია, განსხვავებით ახალგაზრდისგან, რომელიც, ლევან ყუბანეიშვილისთვის ელექტრონული ფოსტით მუქარის შემცველი წერილის გაგზავნის გამო, პოლიციამ ოპერატიულად დააკავა, სასამართლომ კი, 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. სამართალდამცავები განსაკუთრებულად გულისხმიერნი აღმოჩნდნენ და დაცვა მიუჩინეს პირველი არხის ჟურნალისტს, რომელსაც, ოპოზიციის სახელით, ვინმე თენგო ემუქრებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ამ გაზაფხულზე განვითარებულ მოვლენებს შორისაა „სირცხვილის დერეფნები“ და საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ პირველი არხის ჟურნალისტის ცემა, რაც საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილმა დაგმო.

მაუწყებლის მიერ მოვლენათა არასრულყოფილად გაშუქების მიზეზით, აპრილში სამეურვეო საბჭო კიდევ ოთხმა წევრმა დატოვა. ერთი თვის წინ თანამდებობიდან ლევან ყუბანეიშვილიც გადადგა - თამარ კინწურაშვილისგან განსხვავებით, ხელისუფლების და ოპოზიციის საჯარო შეთანხმების გარეშე.

სამეურვეო საბჭოს მიერ გენერალურ დირექტორად 10 აგვისტოს არჩეულმა გია ჭანტურიამ, ორი წინამორბედის მსგავსად, განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლას არც ერთი პოლიტიკური პარტიისგან არ დაუშვებს, თუმცა ყველასთან დიალოგი აუცილებელია. სხვათა შორის, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მაუწყებლის ხელმძღვანელად ჯერ კინწურაშვილის, შემდეგ კი ყუბანეიშვილის დანიშვნაში დარწმუნებული კონკურსის დასრულებამდე იყო, რადგან მათ ხელისუფლებისთვის სასურველ კანდიდატებად მიიჩნევდა, ამავე მიზეზით, ეჭვი არც ჭანტურიას არჩევაში შეჰპარვია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გამო გამუდმებული ვნებათაღელვისა და პროტესტის დასრულებას მხოლოდ საქართველოში არსებული საერთო ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში ელის მედიის მკვლევარი მარინა მუსხელიშვილი. მისი შეფასებით, პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაცვლად, საზოგადოებამ სახელმწიფო ძალებისგან მართული ტელევიზია მიიღო. ექსპერტი ამბობს, რომ საქართველოს მსგავს ქვეყნებში ეს ხშირად ხდება. მარინა მუსხელიშვილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ მაუწყებლობის კანონის არსებობა არაფერს შეცვლის და მოქალაქეთა მიერ დაფინანსებული ტელევიზია პოლიტიკური კონტროლისგან ვერ გათავისუფლდება, თუ ქვეყანაში მთლიანად პოლიტიკური სიტუაცია და დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების მხრივ არსებული რთული ვითარება არ შეიცვლება.
XS
SM
MD
LG