Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანელები მიგრანტებს კარგებად და ცუდებად ყოფენ - რომელ ნაწილს ეკუთვნიან ქართველები?


გიორგი ხონელიძე
გიორგი ხონელიძე
დღევანდელი სიუჟეტი არის მეორე ნაწილი ჟურნალისტური გამოკვლევისა, რომელიც ჩეხეთსა და გერმანიაში ჩატარდა. წინა სიუჟეტში ჩვენ გერმანიაში მცხოვრები ქართველების ცხოვრებაზე გიამბეთ. ამჯერად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა სურს გერმანიას, როგორც მიმღებ ქვეყანას, რატომ გამკაცრდა კანონები მიგრანტების მიმართ, როგორია ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკა. შევიხედავთ მიუნხენის ციხეში, სადაც არაერთი ადამიანი ელის სამშობლოში დეპორტაციას. ვნახავთ, რას ფიქრობენ გერმანელი პოლიტიკოსები და მოვისმენთ იმ ერთი დეპორტირებული ქართველის ამბავს, რომელიც ამბობს, რომ გერმანიაში აღარასოდეს წავა.

გიორგი ხონელიძეს გერმანიაში ცხოვრების ხანმოკლე პერიოდი ცუდი სიზმარივით ახსენდება. ქუთაისში პირველი ფმ რადიოს დამფუძნებელმა, სამშობლოს დატოვება და გერმანიის მთავრობისათვის თავშესაფრის თხოვნა 2000 წელს ორი მიზეზით გადაწყვიტა. პირველი ის, რომ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება და მუშაობა სურდა და მეორეც ის, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასა და პოლიციასთან თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ურთიერთობა იმდენად გაუფუჭდა, რომ მაშინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაიწყო პოლიტიკური დევნა.

გიორგი ხონელიძე: ”ამ ყველაფერს გერმანიაში არც ისე სერიოზულად მოეკიდნენ, თუმცა ჩვენ ყველა საჭირო დოკუმენტაცია გვქონდა, რომ საქართველოში გვდევნიდნენ და ამიტომ ვითხოვდით პოლიტიკურ თავშესაფარს. როდესაც გაიგეს, რომ ჟურნალისტი ვიყავი, გერმანიის მთავრობამ თანამშრომლობა შემომთავაზა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ლტოლვილებად ჩაბარებული ქართველების და რუსების ნამდვილი ვინაობის გარკვევაში უნდა დავხმარებოდი. მხოლოდ ამ შემთხვევაში დამტოვებდნენ. ეს კი არ გავაკეთე. ქართული მენტალიტეტი არ მაძლევდა ამის უფლებას.”

იქ მცხოვრებ ქართველებზე დაკვირვება რამდენიმე თვე გაგრძელდა. გიორგი ფიქრობს, რომ თურქებისა და ვიეტნამელებისგან განსხვავებით, ქართველები ისე ხშირად არ ყოფილან კრიმინალში შემჩნეული. ამბობს, სულ მიკვირდა, გერმანიის მთავრობა გაცილებით უკეთ რომ ექცეოდა მათ, ვიდრე ქართველებსო. პოლიტიკურ თავშესაფარზე მას უარი უთხრეს. იხსენებს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ერთი დროებითი თავშესაფრიდან მეორეში გადაჰყავდათ:
”გამანაწილებელი ბანაკის შემდეგ სხვა თავშესაფარში გაგვიშვეს - მიუნხენთან ახლოს პატარა საკურორტო ქალაქია, ბადაიბლინგი. იქ გერმანელები ძალიან თბილად გვექცეოდნენ, ხალხს ვგულისხმობ. აზულიანტის პირობაზე, ვერ დავიჩივლებ, კარგად ვიყავით. მხოლოდ ერთხელ წავიმუშავეთ თურქებთან, ავტო ჰაუს ”პორშეში”, რადგან იქ გერმანელები არალეგალებს სამუშაოზე არ იღებენ.”

გიორგი ამბობს, რომ, მისი და მისი მეგობრის მცდელობის მიუხედავად, გერმანიის მთავრობამ არ გაითვალისწინა სამშობლოში მათი დევნის ფაქტი და პოლიტიკურ თავშესაფარზე საბოლოოდ უარი განაცხადა. მწარედ ახსოვს ისიც, რომ ადვოკატი, რომელსაც 3000 მარკა გადაუხადეს, უკვალოდ გაუჩინარდა.
”არასოდეს გერმანიაში აღარ წავალ. არ მჯერა, რომ იქ ნამდვილი დემოკრატიაა და ადამიანის უფლებებს იცავენ. ჩვენ მათთან პატიოსნად მივედით და ყველაფერი მოვუყევით, მათ კი ერთხელაც არ გადახედეს ჩვენს საქმეს და რვა თვის შემდეგ გვითხრეს, უკან დაბრუნდითო. ხოლო როდესაც უკან გამოგვიშვეს, მთელი ნახევარი წელი ისევ ვიმალებოდი საქართველოში, რომ იმ პოლიციის უფროსთან ისევ კონფლიქტი არ მომსვლოდა. მათ ჩემი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს. არასოდეს იქ დახმარების სათხოვნელად არ წავალ. მხოლოდ ტურისტად.”

ამბავი იმით დასრულდა, რომ შემდეგ საქართველოში 2003 წლის ვარდების რევოლუცია მოხდა. პოლიციის შეფს კი, ვისაც თავის დროზე გიორგი ხონელიძე გაექცა, თავად მოუწია ქვეყნის დატოვება.

გერმანიის მთავრობისგან იმედგაცრუებული არაერთი ადამიანი არსებობს. რა არის იმის მიზეზი, რომ გერმანიამ ასე გაამკაცრა მიგრანტების მიმართ კანონმდებლობა, მაშინ როდესაც რამდენიმე ათეული წლის წინ ის თავად იწვევდა სხვადასხვა ქვეყნებიდან დამხმარე მუშახელს, ე.წ. სტუმარ მუშებს? გერმანელი ექსპერტები ამას მარტივად ხსნიან: ერთწლიანი კონტრაქტებით ჩასულმა ადამიანებმა ინტენსიურად დაიწყეს ქვეყანაში სამუდამოდ დარჩენაზე ფიქრი. მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდებოდა, რამაც გერმანულ მთავრობას პრობლემები შეუქმნა. მიგრაციის ექსპერტი ფილიპ ანდერსონი, რომლის მიერ ჩატარებულ კვლევას მიგრანტების მდგომარეობის შესახებ მიუნხენში ადგილობრივ დონეზე კანონში ცვლილებები მოჰყვა, ამბობს, რომ გერმანიიის მთავრობის დამოკიდებულება მიგრანტების მიმართ და, ზოგადად, მიგრაციის პოლიტიკა, სხვა დასავლურ ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით მკაცრია. მიგრანტების პრობლემებით აქაც სამოქალაქო საზოგადოება უფროა დაკავებული, ვიდრე სამთავრობო სტრუქტურები:

”რაც შეეხება სამართალდამცველებს, პოლიტიკოსებს, მთავრობას, მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ისინი აიგნორებენ მიგრანტების უფლებებს, უარყოფენ, რომ ამ სფეროში პრობლემები საერთოდ არსებობს.”

საინტერესოა, რომ, გერმანული კანონმდებლობით, კანონით ისჯება ყველა ის პირი, რომელიც პოლიციას არ აცნობებს არალეგალი მიგრანტის იდენტიფიცირების შემთხვევაში. ფედერალურ დონეზე ეს კანონი ახლაც მოქმედებს, თუმცა მიუნხენში, სამოქალაქო საზოგადოების ჩარევის შემდეგ, ეს კანონი ნაწილობრივ შერბილდა. პედაგოგსა და ექიმს აღარ მოეთხოვება არალეგალ მოსწავლესა თუ პაციენტზე ინფორმაცია გაამჟღავნოს. ამას მიუნხენში დიდ მიღწევად მიიჩნევენ. თუმცა ანდერსონი გვეუბნება, რომ მიგრანტების უფლებები - მათ შორის, ქართველი არალეგალებისაც - სათანადოდ დაცული არ არის. ადგილობრივი მთავრობა მათ ორ ნაწილად ყოფს - კარგ და ცუდ მიგრანტებად:

”ისინი, რომლებიც ჩვენს მოლოდინს ამართლებენ, პროფესიონალები არიან, შესაბამისი გამოცდილებით, - მაგალითად, ბიზნესმენები, - საინფორმაციო ტექნოლოგიების მცოდნე ხალხი და ა.შ. მაგრამ არის გერმანიის მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელიც დიდადაა დამოკიდებული მიგრანტების მეორე ნაწილზე - დამლაგებლებზე, შავ მუშებზე, მომვლელებზე... ისინი ითხოვენ იმ ანაზღაურებას, რაც აქაურებისთვის მისაღებია.”

ანდერსონი ამბობს, რომ საქართველოდან გერმანიაში ჩასული ხალხიც, ძირითადად, ძალიან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, მსგავსად ევროკავშირში შესვლამდე პოლონეთიდან და უნგრეთიდან ჩამოსული მიგრანტებისა.
გერმანიის მთავრობაში მიგრაციის პოლიტიკაზე განსხვავებული აზრი არსებობს. მათი დამოკიდებულება ჩვენთვის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც გერმანიაში, არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 50 000 ქართველი ცხოვრობს. ჩვენ შევხვდით მიუნხენის პარლამენტის წევრს, ბავარიის მმართველი პარტიის, ქრისტიან-სოციალისტური კავშირის, წარმომადგენელს მარიო შმიდბაუერს, რომელსაც, მისივე პარტიასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმაში ადანაშაულებდნენ, რომ მათ ე.წ. გერმანიზაცია სურდათ. ეს მაშინ, ამბობს შმიდბაუერი, როდესაც, სხვა პოლიტიკური პარტიების თქმით, გერმანიის კარი მიგრანტებისათვის ფართოდ უნდა გაღებულიყო. თუმცა ასეთმა პოლიტიკამ გერმანიის ეკონომიკას კარგი შედეგი ვერ მოუტანა:

”მიგრანტების ჩამოსვლის მიზანი ხშირად ის კი არაა, რომ იმუშაონ, არამედ ის, რომ სარგებელი ნახონ ჩვენი სოციალური დაცვის სისტემიდან. გერმანია მათზე უზარმაზარ თანხას ხარჯავს და ეს ცუდია, რადგან ეს ჩვენი მოქალაქეების გადასახადების ფულია. ჩვენ არ ვართ მოვალე გადავწყვიტოთ სხვა ქვეყნების მოქალაქეების სოციალური პრობლემები იმ ფონზე, როდესაც თავად გერმანიას ჰყავს 4 მილიონი უმუშევარი. მიგრანტების ჩამოსვლა ნიშნავს, რომ მათ უნდა იმუშაონ არალეგალურად, შავ ბაზარზე. ეს ყველაფერი კი ჩვენს ეკონომიკას აზარალებს. აქ 100 მილიარდ ევროს დანაკარგზეა საუბარი. რომ ამბობენ, აი, რა მდიდარია დასავლეთი - გერმანელები ცხოვრობენ ძალიან კარგად და ხეები შემწვარ მტრედებს ისხამენო, ასე არ არის.”

მიუნხენის ციხეში გადაღებისა და ჩაწერის უფლება არ მოგვცეს. იქ დეპორტაციას ჩვენი ვიზიტის დროს ელოდნენ არალეგალი თურქები, ერაყელები, მიგრანტები აფრიკიდან და არაბეთიდან, ერთი უკრაინელი, ერთი სლოვაკი, 2 ალბანელი, 2 ხორვატი, 1 სერბი. ქართველი იქ არ დაგვხვედრია. თუმცა ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ

ქართველები ხშირად ამბობენ, რომ აფხაზეთიდან ან სამხრეთ ოსეთიდან არიან. რადგან მათ დოკუმენტაცია არა აქვთ, თან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული არ არის, მათი დეპორტაცია ვერ ხერხდება. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან იქ უკრაინელ ვალერი შოროკოვს შევხვდით.
”ვერავინ მპასუხობს, რატომ არ შეიძლება მოწესრიგებული საბუთებით, ლეგალურად ჩამოვიდე და ვიმუშაო. ამიტომაა, რომ სხვა გზა აღარ რჩება და ისევ არალეგალურად ჩამოვდივარ ხოლმე. კრიმინალები გარეთ არიან, მე კი შრომისათვის ციხეში ვზივარ. რატომ არ შეიძლება მომცენ სამუშაო ვიზა და მუშაობის უფლება მქონდეს?” - კითხულობს ვალერი. ხოლო ჩვენს კითხვაზე, რას იზამს, როდესაც უკრაინაში დააბრუნებენ, გვპასუხობს, რომ ისევ შეეცდება უკან, გერმანიაში, წამოსვლის გზები ეძებოს.
გერმანიის მთავრობის მიგრაციის პოლიტიკას აკრიტიკებს ბუნდესტაგის წევრი მემარცხენეთა პარტიიდან ულა ჯელპკე, რომელიც ერთადერთი პოლიტიკოსი აღმოჩნდა ბერლინში, ვინც ჩვენთან ამ თემაზე საუბარი ისურვა. მან გვითხრა, რომ მის კომიტეტს ბუნდესტაგში ქართველი მიგრანტების საკითხი არასოდეს განუხილავს, რადგან საქართველოდან ჩამოსულების რიცხვი ძალიან მცირეა. ფიქრობს, რომ ევროპული პოლიტიკა მიგრანტების მიმართ არასწორია:

” ჩემი აზრით, ევროპული მიგრაციული პოლიტიკის მთავარი შეცდომა ისაა, რომ გამუდმებით ვმსჯელობთ უსაფრთხოებაზე და იმაზე, თუ რა უნდა მოვუხერხოთ სხვა ქვეყენებიდან დევნილ ადამიანებს, მაგრამ არასოდეს არ განვიხილავთ საკითხს, თუ რატომ ტოვებენ ეს ადამიანები საკუთარ ქვეყნებს. მე მგონია, რომ ეს არის სწორედ ამ პრობლემის გასაღები. თუ ადგილზე არ შევცვლით სიტუაციას, შედეგი არ იქნება. ყოველთვის უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ არც ერთი ადამიანი უმიზეზოდ სამშობლოს არ ტოვებს, რომ მას არ შეიძლება ამისათვის არ ჰქონდეს სერიოზული მიზეზები.“

მისივე ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის მიერ გამკაცრებული პოლიტიკის შედეგია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში მიგრანტებმაც შეცვალეს თავიანთი მარშრუტი და, გერმანიის ნაცვლად, ფინეთსა და შვეციაში ჩადიან. ეს სტატისტიკა ჯერჯერობით არ ვრცელდება ქართველებზე, რომლებისთვისაც გერმანია დღესდღეობით ისევ იმ ქვეყანად რჩება, სადაც ჯერ კიდევ ბევრსა აქვს წასვლის სურვილი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG