Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არამეგობრული კიევი და მეგობრული სოხუმი


დმიტრი მედვედევი (მარცხნივ) და ვიქტორ იუშჩენკო
დმიტრი მედვედევი (მარცხნივ) და ვიქტორ იუშჩენკო
ორშაბათს რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა. ამის მიზეზად საქართველო დასახელდა. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა თავის მიმართვაში განაცხადა, რომ თავს იკავებს რუსეთის ახალი ელჩის უკრაინაში გაგზავნისგან და ამის მიზეზად კიევის არამეგობრული საქციელი დაასახელა.

მედვედევის კომენტარს უკრაინელმა და ქართველმა ექსპერტებმა რუსეთის იმპერიალისტური, აგრესიული პოლიტიკის შესაბამისი, ანუ ლოგიკური, უწოდეს. ექსპერტები იმასაც ამბობდნენ, უკრაინასა და საქართველოსთან კრემლს ერთი და იმავე ტიპის სიყვარული აკავშირებსო და კითხულობდნენ, აგვისტოს ომის შემდეგ უკრაინის ჯერიც ხომ არ დადგაო.

თავად უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, საპასუხო წერილში განაცხადა, რომ ”ძალიან იმედგაცრუებულია” მედვედევის კრიტიკული წერილის ”არამეგობრული” შინაარსის გამო. თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პასუხში იუშჩენკომ აღიარა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ”სერიოზული პრობლემებია”, მაგრამ იქვე აღნიშნა, საკვირველია, რომ ასეთი ვითარების შექმნის გამო მედვედევი რუსეთის პასუხისმგებლობას გამორიცხავსო.

კვირის დასაწყისში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები ახალ გენერალურ დირექტორს ირჩევდნენ. კონკურსის მეორე ტურში სამი კანდიდატი იყო გასული - გიორგი ჭანტურია, ზვიად ქორიძე და გიორგი კაჭარავა. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძემ გამარჯვებულად გიორგი ჭანტურია გამოაცხადა.

მან არჩევნების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში გიორგი ჭანტურიას არჩევა საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნია და იმედი გამოთქვა, რომ ახალი გენერალური დირექტორი მოახერხებს იმას, რაც წინა წლებში, მისი აზრით, ვერ მოხერხდა - არხს ყველასთვის საინტერესოს გახდის.

ოთხშაბათს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრა ჩატარდა. ამ შეხვედრას ქართული მედია წინა დღეებშიც დიდ ყურადღებას უთმობდა, თუმცა საგაზეთო ინტერვიუებში ექსპერტებთან და თავად ავტორების მოსაზრებებში ჭარბობდა აზრი - შეხვედრას შედეგი მაინც არ მოჰყვებაო. ამის მიუხედავად, შეხვედრის შემდეგ მასში მონაწილე პოლიტიკოსებმა ის პოზიტიურ, წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. დაითქვა ერთკვირიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც ხელისუფლება გადახედავს ოპოზიციის მიერ ამ სამუშაო შეხვედრაზე წაყენებულ მოთხოვნებს, - პირველ რიგში, ეს უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაა, -ოპოზიციას კი ექნება საშუალება 24 საათის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდეს ძალოვან მინისტრებთან და ინფორმაცია მიიღოს.

„ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში გამოჩნდება, რა პერსპექტივა აქვს ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობას.

შეხვედრის მონაწილეთაგან ყველაზე სკეპტიკურად საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იყო განწყობილი. მას შეხვედრის შედეგიანობის არ სწამს, მაგრამ მიაჩნია, რომ თავისი მაინც უნდა გაეკეთებინა.

კომენტარი შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმაც გააკეთა. მან შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და ხელისუფლების გახსნილობაზე ისაუბრა, თუმცა მეორე დღეს გაკეთებულ კომენტარში დაამატა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ოპოზიციის მიერ მათთვის გადაცემულ სიაში ბევრია მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი თუ ბრალდებული.

12 აგვისტოს, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის წლისთავზე, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი აფხაზეთს ეწვია. ვიზიტი დაიწყო იმით, რომ პუტინმა ყვავილების გვირგვინით შეამკო აფხაზეთში 1992-93 წლების ომის მსხვერპლთა მემორიალი, რის შემდეგაც იქ მყოფ აფხაზებს მადლობა გადაუხადა სიმტკიცისა და მამაცობისთვის. შეკრებილებმა მადლობითვე უპასუხეს - მხარდაჭერისათვის.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი აფხაზებს დაჰპირდა, რომ განაგრძობს მხარდაჭერას სოციალურ სფეროში და დიდ ფულს ჩადებს სოხუმის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

პუტინმა აფხაზეთში უცხოელი ინვესტორებიც მიიპატიჟა, თან დააჩქარა - დროზე თუ არ იმოქმედებთ, მოგვიანებით ყველაფრის ძვირად ყიდვა მოგიწევთო.

ამის საპასუხოდ, თბილისმა მოსკოვს შეახსენა, რომ უცხოელი ინვესტორების აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის საკითხს კრემლი არც ახლა წყვეტს და ვერც მოგვიანებით გადაწყვეტს.

სოხუმში ყოფნით ვლადიმირ პუტინი, როგორც ჩანს, კმაყოფილი დარჩა. აფხაზეთიდან სოჭში დაბრუნების შემდეგ ის რუსეთის პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს, შეხვდა. სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი რუსეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ღამის სოჭით ტკბებოდნენ და ხალხის გაოცებული სახეების დანახვით ერთობოდნენ. შემდეგ ისინი კაფეში შევიდნენ და დროის მხიარულად გატარება იქ გააგრძელეს.

შაბათს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება საქართველოში საზღვაო ქვეითების გაგზავნის შესახებ. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ჩამოვა 60-დან 70-მდე ამერიკელი სამხედრო, რომელიც ქართულ ბატალიონს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად მოამზადებს.
საქართველოში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ ქროულიმ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მან თქვა, ამერიკელი საზღვაო ქვეითი ბრიგადის წარმომადგენლები საქართველოში 15 აგვისტოს გაემგზავრებიან, ქართული ბატალიონის სწავლება კი პირველი სექტემბრიდან დაიწყებაო. სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთმა სამხედრო წვრთნების პროცესის გაგრძელება მის მიმართ აგრესიულ ნაბიჯად არ უნდა აღიქვას.

დაბოლოს, საინფორმაციო სააგენტო „აფსნი პრესმა“ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოხუმმა რუსეთ-საქართველოს ომის დროს კოდორის ხეობაში მიტაცებული ქართული შეიარაღების სია გამოაქვეყნა. დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აფხაზურმა შენაერთებმა კოდორის ხეობიდან ქართული არმიის კუთვნილი იარაღი და საბრძოლო მასალები 50 სატვირთო ავტომობილით გაიტანეს, მათ შორის, „РПГ-7“ ყუმბარმტყორცნის 10 ათასი ჭურვი, 4 ერთეული მსუბუქად შეჯავშნული გამწევი, 1 ერთეული 57 მილიმეტრიანი ქვემეხი, ЛАР-ის ტიპის ერთი სარაკეტო სისტემა და კიდევ ბევრი სხვა.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG