Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი სესიაშვილი


ირაკლი სესიაშვილი

ირაკლი სესიაშვილი

17 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი სესიაშვილი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი, ასოციაციის ”სამართალი და თავისუფლება” ხელძღვანელი. მან ისაუბრა ქართველი სამხედროების ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში ჩართვის პერსპექტივაზე. სესიაშვილის თქმით, ის, რომ აშშ რუსეთს აყენებს საქმის კურსში საქართველოში ინსტრუქტორების გამოგზავნის შესახებ, სავარაუდოდ ”გადატვირთვის” პოლიტიკის ნაწილია. ექსპერტის აზრით, ამ პოლიტიკაში ცუდი არაფერია, თუმცა, რუსეთის პრეტენზიებმა ნაყოფი გამოიღო და ნატო და შტატები საჭიროდ თვლიან რუსეთი საქმის კურსში ჩააყენონ ისეთ ოპერაციებზე, რომლებიც რუსეთს არ ეხება. სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალებში ზოგიერთი ქვეყნის მონაწილეობა წარმოდგენილი კონტინგენტის რაოდენობის მიხედვით, შეიძლება, შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, თუმცა, ეს აუცილებლად არ გულისხმობს იმას, რომ ისინი სამხედრო ოპერაციებში იღებენ აქტიურ მონაწილეობას. ამის მაგალითად სესიაშვილს გერმანია მოყავს, რომელსაც ავღანეთში 4050 მოსამსახურე ჰყავს გაგზავნილი, თუმცა, უშუალოდ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ იღებს. რეალურად, საბრძოლო კონტინგენტი შედგება აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, საფრანგეთის, იტალიისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან. სესიაშვილის ვარაუდით, ქართველ სამხედროებს პატრულირებასა და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობისთვის მოამზადებენ. სესიაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციაში, რადგან ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყანაზე დასავლელი ექსპერტების მიერ წარმოდგენის შექმნაში ეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სესიაშვილმა ინტერვიუში გაიხსენა აგრეთვე თავისი ავღანელი მეგობრების ნათქვამი: ”არ არსებობს ქვეყანაში ძალა, რომელიც ავღანელს გააკეთებინებს იმას, რაც მას არ უნდა”-ო.
XS
SM
MD
LG