Accessibility links

logo-print

ოკუპირებულ სოფელ პერევში კომენდანტის საათი მოქმედებს


პერევი, რუსეთის საოკუპაციო ჯარის ბლოკ-პოსტი

პერევი, რუსეთის საოკუპაციო ჯარის ბლოკ-პოსტი

საჩხერის რაიონის სოფელ პერევში, რომელიც ერთი წელია რუსი სამხედროების მიერაა ოკუპირებული, ადგილობრივ მოსახლეობას 21 საათიდან გადაადგილება აუკრძალეს. რაიონის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ, საოკუპაციო ძალების მიერ დაწესებული კომენდანტის საათის გამო, რუსმა ჯარისკაცებმა სოფელში სასწრაფო დახმარების მანქანაც კი არ შეუშვეს. ამასთან, ცერცვაძე ჯერჯერობით ვერ ადასტურებს, თუმცა ვერც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სექტემბრიდან პერევის მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების დარიგებას აპირებენ, რისთვისაც სპეციალური ანკეტები შეავსებინეს. გამგებლის განცხადებით, ოკუპირებული პერევის და მასთან მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობა დაძაბულ ვითარებაში ცხოვრობს. ზურაბ ცერცვაძის ინფორმაციით, ადგილობრივ მცხოვრებთ ოსური ფორმირებები მსხვილფეხა საქონელს პარავენ, რუსი ჯარისკაცები კი საყოფაცხოვრებო ნივთებს და პროდუქტებს ართმევენ; გარდა ამისა, საქონლისა და შინაური ფრინველის დაკვლას და პურის გამოცხობას აიძულებენ.

მსგავსი ფაქტები, ისევე როგორც კომენდანტის საათის ამოქმედება, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დაადასტურა თამილა სადღობელაშვილმაც, რომელიც პერევთან ახლომდებარე სოფელ ჭალის მკვიდრია. მისი ინფორმაციით, მოსახლეობის შევიწროება და ძარცვა ხშირია. უშუალოდ პერევის მცხოვრებნი ჟურნალისტებთან საუბარს ერიდებიან. ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაცით, ოკუპირებული პერევი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა და სოფელში 200-დან დაახლოებით 60 კომლი დარჩა. დანარჩენები თავს მეზობელ სოფლებში მცხოვრებ ნათესვებს აფარებენ.
XS
SM
MD
LG