Accessibility links

logo-print

საქართველო დსთ-ს ოფიციალურადაც ტოვებს


დსთ-ის სამიტი ყაზახეთში, 22 მაისი, 2009წ.

დსთ-ის სამიტი ყაზახეთში, 22 მაისი, 2009წ.

2009 წლის 18 აგვისტოს სრულდება საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გასვლის ფორმალური პროცედურა, რომელიც ერთი წლის წინ საგარეო უწყების მიერ თანამეგობრობის აღმასრულებელი კომიტეტისათვის ოფიციალური ნოტის გაგზავნით დაიწყო. დსთ-ს შემადგენლობაში საქართველომ თითქმის 15 წელი დაყო, თუმცა უკანასკნელი სამი-ოთხი წლის განმავლობაში ეს წევრობა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. საქართველოს ხელი არ მოუწერია არც ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტისათვის - მათ შორის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებისათვის.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვების გადაწვეტილება პრეზიდენტმა სააკაშვილმა საზოგადოებას ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებამდე, 2008 წლის 12 აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე გამართული მიტინგის მსვლელობისას გააცნო:

„პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დესეთეს დატოვების შესახებ. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ვემშვიდობებით საბჭოთა კავშირს.“

მომიტინგეთა მსგავსად, თანამეგობრობის დატოვებას მხარი უკლებლივ ყველა დეპუტატმა დაუჭირა, თუმცა შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა ორი დღის შემდეგ, 2008 წლის 14 აგვისტოს, მიიღო.

„კენჭი ეყრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ 1991 წლის 8 დეკემბრის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე. გთხოვთ მოემზადოთ კენჭისყრისათვის”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ერთი წლის წინ.

ვიდრე დადგენილებას ერთხმად დაუჭერდნენ მხარს, დეპუტატების წინაშე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია წარდგა. მან ვრცლად ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ ცდილობს რუსეთი საბჭოთა კავშირის აღდგენას, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საქართველოს საუკუნოვან ოცნებას, თავი დააღწიოს რუსეთის იმპერიას. გიგა ბოკერიამ ასევე გაიხსენა ის მოვლენები, რომლებიც 1994 წლის თებერვალში საქართველოს დსთ-ში შესვლას უძღოდა წინ:

”ეს მოხდა სოხუმის დაცემის და აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ. ეს მოხდა საკვანძო თანამდებობებზე რუსეთის რეზიდენტების დანიშვნის პარალელურად. ეს იყო აქტი ქვეყნის ჩაბარებისა აგრესორის ხელში.”

გიგა ბოკერიას ამ ერთი წლის წინანდელ მოსაზრებას მთლიანად იზიარებს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე. მისი თქმით, საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გვიან და მეტად რთულ ვითარებაში გახდა.

„შევედით დსთ-ში მაშინ, როცა სხვა გზა აღარ იყო. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ შევარდნაძის მთავრობას აერიდებინა თავიდან საქართველოს დაშლა და საკუთარი პოზიციების დაკარგვა. ანუ დსთ-ში შევედით ჩვენთვის ყველაზე მძიმე პერიოდში. ჩვენი შესვლა ძალიან ჰგავდა პატიების თხოვნას, რათა საქართველო რაღაც ფორმით დაეტოვებინა მთლიანი “, - განუცხადა რადიო თავისუფლებას თორნიკე შარაშენიძემ.

თუმცა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც დაირღვა. შესაბამისად, თორნიკე შარაშენიძის თქმით, აზრი დაკარგა დსთ-ს წევრობამაც:

„წარმოუდგენელია დარჩე ორგანიზაციაში, რომლის წამყვანი წევრი არ სცემს პატივს შენს ტერიტორიულ მთლიანობას. დსთ-ში ჩვენი ყოფნა იქნებოდა კაპიტულაციისა და რუსეთის მიერ შექმნილ რეალობასთან შეგუების მანიშნებელი. გამოსვლით კი დროულად და სწორად გამოვედით. იქამდე გამოსვლა აღქმული იქნებოდა როგორც გამაღიზიანებელი და პროვოკაციული ჟესტი. თანაც, დსთ-ში ყოფნას ჰქონდა თავისი დადებითი მომენტები, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, რაც რუსეთმა საკუთარი ხელით მოსპო.“

რუსეთმა, ანუ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წამყვანმა ქვეყანამ, საქართველოსთან ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის გარდა, ასევე მოსპო ყველა სახის სხვა ეკონომიკური ურთიერთობა, რის გამოც, ეკონომიკის ექსპერტის გია ხუხაშვილის თქმით, დსთ-ს დატოვება საქართველოსთვის მტკივნეული არ ყოფილა:

„ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა. არც ამის შემდეგ შეიცვლება რამე, თუკი საქართველოს ყველაფერი წესრიგში ექნება ორმხრივ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით დსთ-ს წევრ ქვეყნებთან.“ გია ხუხაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად იმუშავებს და დანაკარგი, რომელიც დსთ-დან გასვლას შეიძლება მოჰყვეს, თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ხელშეკრულებების გაფომებით აღმოიფხვრება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებაშიც აცხადებენ, რომ 18 აგვისტოდან, ანუ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ოფიციალურად დატოვების შემდეგ, საქართველოს პრობლემა არ შეექმნება თანამეგობრობის არც ერთ ქვეყანასთან. მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია იშველიებს ვენის 1969 წლის კონვენციას, რომლის თანახმადაც, საქართველო კვლავ რჩება მრავალმხრივი ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნად დსთ-ს ფარგლებში. ასე რომ, ძალაში რჩება მთელი რიგი ხელშეკრულებებისა:
„მათ შორის ისეთი, როგორიც არის დსთ-ს წევრი ქვეყნის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლა ერთმანეთის ქვეყნებში, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ასევე ხელშეკრულება სისხლის სამართლის საკითხებში თანამშრომლობის თაობაზე და სხვა. სულ 75-მდე ასეთი ხელშეკრულებაა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა მზად არის დსთ-ს წევრ ქვეყნებთან ორმხრივ ფორმატში გააგრძელოს კეთილმეზობლური, ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა, ერთმანეთის პატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრის ურღვეობის პრინციპის დაცვითა და ორმხრივი პატივისცემის გათვალისწინებით“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ.
XS
SM
MD
LG