Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საშინაო დავალება“


გასულ კვირაში „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა დისკუსია, რომელშიც ცნობილი ექპერტები – ბრიტანელი ედვარდ ლუკასი და ამერიკელი ლინკოლნ მიჩელი – მონაწილეობდნენ. დისკუსიის სამუშაო სახელწოდება იყო „საქართველო, რუსეთი და დასავლეთი ომიდან ერთი წლის შემდეგ“. საუბრის დასასრულს შემაჯამებელ ფრაზად ითქვა: „საქართველო ახლა პოლიტიკური თვალსაზრისით ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისი ხელმძღვანელობა და ხალხი უნდა დასხდნენ და საკუთარი საშინაო დავალება შეასრულონ“.

ვინც თვალს ადევნებს უცხოურ პრესას საქართველოს შესახებ, იცის, რომ აგვისტოს პირველივე რიცხვებიდან ერთბაშად გააქტიურდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის კრიტიკა ქვეყნის საშინაო პოლიტიკის გამო. ლოგიკური ბმა ასეთია: საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირის სივრცეში, ასევე, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დიდწილად არის დამოკიდებული საშინაო პოლიტიკაზე. ექსპერტების აზრით, „გარე სამყაროში ხალხი საკმარისად არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოს ხელისუფლება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ერთგულია“.

ერთი მხრივ, აშკარაა დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოში კონსტიტუციური პროცესისადმი, რაც გულისხმობს ხელისუფლების შეცვლას არჩევნებით და კონსტიტუციურ ვადებში, აგრეთვე, გულისხმობს პრობლემების გადაწყვეტას არა ქუჩის აქციებითა და რევოლუციით, არამედ, დიალოგით ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ხელისუფლებასა და ხალხს შორის.

მეორე მხრივ, აშკარაა ევროპული და ამერიკული პრესის საერთო განწყობა, რომ დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში უკუსვლა საქართველოს ხელისუფლებას უკარგავს ნდობას და ქვეყნის უსაფრთხოებაზეც აისახება. ნიშანდობლივია ედვარდ ლუკასის ციტატა ზემოთ ხსენებული დისკუსიიდან: „ერთია, დაიცვა ქვეყანა, რომელსაც სწამს პოლიტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის. მაგრამ როცა ერთ კორუმპირებულ ქვეყანას ჩაგრავს მეორე კორუმპირებული, ავტორიტარული ქვეყანა, ასეთ შემთხვევაში, ვაშინგტონში ძალზე ძნელია მხარდაჭერის მოპოვება. ამიტომ, საქართველოს ყველაზე მეტად იმით შეუძლია შეამციროს ომის ალბათობა, რომ მაქსიმალურად სუფთად და შთამბეჭდავად მოაგვაროს შიდაპოლიტიკური საკითხები“.

„საშინაო დავალების“ შესახებ სააკაშვილმა, ცხადია, ჩვენზე ადრე შეიტყო. ამ დავალების პასუხად უნდა მივიჩნიოთ პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა მიმდინარე წლის 20 ივლისს, რომელიც რვა ძირითად თემაზე შეთავაზებებისგან შედგებოდა. მათ შორის იყო თბილისის მერის პირდაპირი არჩევა მომავალი წლის მაისის ბოლოს, საარჩევნო სისტემის დახვეწა და ცესკოს თავმჯდომარის შეცვლა; საკონსტიტუციო ცვლილებებით პარლამენტის გაძლიერება; სასამართლოს რეფორმა, მოსამართლეზე ზეწოლისთვის სასჯელის გამკაცრება; ცვლილებები მედიაში – „მაესტროსთვის“ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზიის მიცემა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში ოპოზიციისთვის და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ადგილების დათმობა, მეორე არხის პოლიტიკურ არხად ჩამოყალიბება; უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომებზე ოპოზიციის მიწვევა; ოპოზიციისთვის საპარლამენტო მანდატების დაბრუნება; დიდი სახალხო დიალოგის დაწყება – ხელისუფლების შეხვედრები ხალხთან; პარლამენტის ნაწილობრივ გადატანა ქუთაისში.

უხვსიტყვა პრეზიდენტის მორიგი გამოსვლა საზოგადოებამ მაშინვე მიივიწყა. მივიწყების მიზეზი, ალბათ, მიხეილ სააკაშვილის რეფორმატორული ინიციატივების მიმართ უნდობლობაა, უნდობლობის მიზეზი კი ისიცაა, რომ ზოგიერთი წინადადება ახალ შეთავაზებაშიც თავიდანვე ფორმალური იყო. მაგალითად, მოსამართლეებზე ზეწოლის გამო ჩინოვნიკების მიმართ კანონი რომ გამკაცრდა, ის კანონი თავად იმ ჩინოვნიკებმა უნდა აღასრულონ; არჩევნების დანიშვნა საკვებით ტრადიციულად მწირი გაზაფხულის ბოლოს უპირატესობას სწორედ ხელისუფლებას ანიჭებს; სახალხო დიალოგის ეფექტიანობა ეჭვს იწვევს; პირველი არხის სამეურვეო საბჭოში უმრავლესობა ისევ ხელისუფლებას ჰყავს და სხვებისთვის ნაჩუქარი ადგილები შინაარსს კარგავს; არც მეორე არხის ისმის რამე და „მაესტროც“ ისევ გათიშულია რუსთავსა და ახმეტაში.

როდესაც ჩვენი ქვეყნის მეგობრები ამბობენ, რომ „საქართველოს ხელმძღვანელობა და ხალხი უნდა დასხდნენ და საკუთარი საშინაო დავალება შეასრულონ“, ათვლის მთავარ წერტილად, ისევ და ისევ, ხელისუფლების სამართლიანი არჩევნებით შეცვლა უნდა მივიჩნიოთ, რადგან დემოკრატია სწორედ ამით იწყება. 20 ივლისის საპარლამენტო გამოსვლა ადასტურებს, რომ პრეზიდენტის მიერ საშინაო დავალება მოსმენილია, მაგრამ ბოლომდე შესმენილი არ არის. ხალხიც, დიდწილად, ხელისუფლების შემყურე რჩება. არადა, დრო გარბის და საფრთხის სასარგებლოდ მუშაობს, რადგან ჩვენი ქვეყნის დაცვა ჩვენ არ შეგვიძლია, სხვებს კი, როგორც ჩანს, ჩვენი დაცვის სურვილი სულ მეტად და მეტად უქრებათ.
XS
SM
MD
LG