Accessibility links

logo-print

ჰამიდ კარზაი დარწმუნებულია გამარჯვებაში


ჰამიდ კარზაი (მარჯვნივ) ინტერვიუს აძლევს ჩვენი რადიოს ავღანური რედაქციის დირექტორს, აკბარ აიაზის

ჰამიდ კარზაი (მარჯვნივ) ინტერვიუს აძლევს ჩვენი რადიოს ავღანური რედაქციის დირექტორს, აკბარ აიაზის

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მატულობს პრეზიდენტის პოსტის ამჟამინდელი მფლობელის, ჰამიდ კარზაის, რწმენა, რომ 20 აგვისტოს არჩევნებში სწორედ ის გაიმარჯვებს. რადიო თავისუფალი ავღანეთისათვის მიცემულ ინტერვიუში ჰამიდ კარზაიმ ავღანეთის მომავლის საკუთარ ხედვაზე ისაუბრა.

ზოგიერთები ჰამიდ კარზაის ამომრჩევლებისაგან განკერძოებულ და იზოლირებულ პიროვნებად წარმოაჩენენ, თუმცა, როგორ ჩანს, ავღანეთის პრეზიდენტი კარგად არის გაცნობიერებული ყველაფერში და დარწმუნებულია, რომ ხელახალი ვადით აირჩევენ.

ჰამიდ კარზაი 20 აგვისტოს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი ფავორიტია და არ აპირებს ვადაზე ადრე საპრეზიდენტო სასახლიდან წასვლას. გასულ კვირაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ავღანელთა 62 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. იმავე გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა 44- პროცენტი სწორედ ჰამიდ კარზაის მისცემს ხმას. თავად კარზაის კი ოპონენტების მიმართ ყველაზე კარგ პასუხად მიაჩნია ის მიღწევები, რაც ქვეყანას ბოლო 5 წლის განმავლობაში აქვს:

“დღეისათვის ეროვნულ ვალუტასა და ოქროში ჩვენი დეპოზიტები 3. 7 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაშინ როცა 7 წლის წინ ეს ციფრი 180 მილიონი იყო. ავღანეთის ვაჭრობის, წარმოებისა და შიდა შემოსავლების მოცულობა 3-ჯერ, 4-ჯერ გაიზარდა. მანამდე ქვეყენაში ერთი კილომეტრი გზაც არ დაგებულა, ჩვენ კი დღეისათვის დაგებული გვაქვს 5,500 კილომეტრის გზა. ამას გარდა, ავღანეთი ამაყობს თავისი იდენტურობით და იმით, რომ მისი დროშა მთელ მსოფლიოში ფრიალებს. და ეს განადგურებული მიწა კვლავ ყველა ავღანელის სამკვიდროდ იქცა.”

შეკითხვაზე, თუ როგორია მისი დამოკიდებულება რეგიონების გავლენიან პოლიტიკურ ლიდერებსა და საველე მეთაურებთან, კარზაი ამბობს, რომ ის მოქმედებს მხოლოდ ეროვნული ინტერესების შესაბამისად და რომ ავღანეთის გულისათვის ათასჯერ უფრო დიდი კომპრომისებისათვის არის მზად:

“ეს დიდი წარმატებაა. განვაგრძობ თანამშრომლობის ამ პროცესს იმისათვის, რომ ავღანეთის მთავრობაში ყველა ხედავდეს საკუთარ თავს; იმისათვის, რომ თითოეულმა ავღანელმა იგრძნოს, რომ ის ამ მიწას ეკუთვნის და რომ ის ამ მიწის პატრონია და რომ მისი ადგილი არის ამ მთავრობაში და ამ საზოგადოებაში. საქმე არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის ძალაუფლების განაწილებას. ეს არის თანამშრომლობისა და შერიგების პროცესის განვითარება, როდესაც ყველა ეთნოსისა და ჯგუფის წარმომადგენლებს შეეძლებათ მოვიდნენ აქ, იმუშაონ ერთად და გაიუმჯობესონ საკუთარი ცხოვრება.”

საერთაშორისო ურთიერთობებზე როცა საუბრობს, ჰამიდ კარზაი ახსენებს ზოგიერთ სიძნელეს, რომელსაც ის წააწყდა. კარზაის თქმით, იგი ცდილობდა დაერწმუნებინა ირანის ხელისუფლება, რომ მას საფრთხეს არ უქმნიდა შეერთებული შტატების ავღანეთში ყოფნა, ხოლო ვაშინგტონს უმტკიცებდა, რომ მისი ქვეყანა ირანთან მხოლო სტაბილური და მეგობრული ურთიერთობის დამყარებას ესწრაფვის.

ინტერვიუში კარზაიმ ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მხარდამჭერი ოპერაციის მიმართ მის კრიტიკას განაპირობებდა მშვიდობიან მოსახლეობაში არსებული მსხვერპლი, რის გამოც ერთხანს დასავლეთთან ურთიერთობაც გაუფუჭდა.

“შეთანხმების შემდეგ, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის ბოლო მსხვერპლისა და სახლების ჩხრეკის შემდეგ დაიდო, ვითარება გაუმჯობესდა. მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტს ვესწრაფვით. ჩვენ არ შეგვიძლია გავამართლოთ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. ვიმეორებ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ომი არ მიმდინარეობს ავღანეთის შიგნით, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ეს ომი, რომლის მოგებაც არ შეიძლება ჩვენი ხალხის დაჭერით, არ მიმდინარეობს ჩვენს სახლებსა და სოფლებში. ეს ომი უნდა წარმოებდეს ტერორისტების თავშესაფრებსა და საწვრთნელ ცენტრებში, ეს თავშესაფრები და ცენტრები კი, როგორც ამჟამად დამტკიცდა, არ არის ავღანეთის შიგნით.”

ჰამიდ კარზაი დარწმუნებულია, რომ 20 აგვისტოს შემდეგ ავღანეთში არ იქნება არეულობა, იმის მსგავსი, რაც იყო ირანში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ავღანეთის პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა ავღანელს, მათ შორის თალიბებს, რომ არჩევნებში მონაწილეობით განსაზღვრონ სტაბილური და მშვიდობიანი ავღანეთის ბედი.

"ჩვენი 5 წლის ბავშვები 20 წელიწადში 25 წლისანი იქნებიან და მათ დღევანდელზე ბევრად უფრო მშვიდობიანი ავღანეთი ექნებათ. ის უფრო განვითარებული, მდიდარი და პროგრესული იქნება, დღევანდელთან შედარებით. ეს იქნება ავღანეთი, სადაც არავინ იქნება იძულებული უცხოეთში გაემგზავროს სამკურნალოდ; ეს იქნება ავღანეთი, სადაც ხალხი იძულებული არ იქნება უცხოეთში გაემგზავროს სარჩოს საშოვნელად. ეს იქნება ქვეყანა, რომელიც თვითონ მოახერხებს თავის გამოკვებას."
XS
SM
MD
LG