Accessibility links

„რუსთავწყალკანალის“ ინვესტორებმა მომხმარებელს ტარიფი გაუძვირეს


რუსთავი

რუსთავი

2008 წლის გაზაფხულიდან „რუსთავწყალკანალი“, სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი ორგანიზაცია, რომლის ფუნქციონირებისათვის ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონამდე ლარი იხარჯებოდა, შვეიცარიული კომპანია “მულტიპლექსის” საკუთრება გახდა, ისევე როგორც თბილისის წყალი და გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა.

თუმცა დღეს რიგით რუსთაველს რომ ჰკითხოთ, იცით თუ არა, ვინ განაგებს რუსთავის სასმელი წყლის სისტემასო, მოგიგებთ: მე ეგ საკითხი არ მაინტერესებს, მე ის უფრო მაღელვებს, რატომ არის ასეთი დიდი წყლის გადასახადიო.

მართლაც, „რუსთავწყალკანალმა“ პრივატიზების შემდეგ ტარიფი გააძვირა და ერთ სულ მოსახლეზე გადასახდელი თანხა 2 ლარი და 70 თეთრით განსაზღვრა. ამაში შედის ის საფასურიც, რომელიც მომხმარებელს საკანალიზაციო სისტემის გამოყენებისთვის დაუწესეს.

„რუსთავწყალკანალის“ გენერალური დირექტორის ნოდარ შეროზიას განცხადებით, თუ გავითვალისწინებით, რომ ქალაქის სასმელი წყლით უზრუნველყოფაზე კოლოსალური რაოდენობის ელექტროენერგია იხარჯება, დავრწმუნდებით, რომ მოსახლეობისთვის დაწესებული ფიქსირებული გადასახადი არის ის მინიმუმი, რომლის შემცირება, სურვილის შემთხვევაშიც კი, ვერ მოხერხდება.

მაგრამ, მისივე აღიარებით, მოსახლეობიდან გადასახადების ამოღების მაჩვენებელი 35-40 პროცენტს უტოლდება, მაშინ როცა საწარმოებსა და ბიზნესობიექტებთან დაკავშირებით ეს მაჩვენებელი ლამის 100 პროცენტამდე აღწევს.

თუმცა, ნოდარ შეროზიას თქმით, მოსახლეობამ უკვე დაიწყო წყლის მრიცხველების დაყენება, რათა უფრო ნაკლები გადაიხადოს, რასაც წყლის დანახარჯების ეკონომიით მიაღწევს.

მრიცხველი უკვე 4300 მომხმარებელს აქვს დაყენებული. ერთი კუბური მეტრი წყლის ხარჯი 35 თეთრი ღირს, ამას ემატება ის 5 თეთრიც, რომელსაც მომხმარებელი იმავე მოცულობის წყლის კანალიზაციის მილში ჩაშვებისთვის იხდის.

შეროზიას თქმით, მომხმარებელს უღირს სასმელი წყლის გადასახადის დაფარვა, რადგან რუსთაველებს დღესაც კარგად ახსოვთ ის დრო, როცა ქალაქს წყალი 3-4 დღეს არ მიეწოდებოდა, 9-სართულიანი შენობების ზედა სართულების მცხოვრებნი კი წყალს საერთოდ ვერ ღებულობდნენ და ამის გამო ეზოების ონკანებთან დილიდანვე გრძელ რიგებში დგებოდნენ.

”დღეს, - ამბობს შეროზია, - წყლის მიწოდებაც და მისი ხარისხიც გაუმჯობესებულია და ამის მიღწევა წყლის გამანაწილებელი სისტემის, ამ რთული და მოძველებული საინჟინრო ნაგებობის, ყველაზე დაზიანებული უბნების რეაბილიტაციით მოხერხდა. სამუშაოები დღესაც გრძელდება და ამაში ფულს ინვესტორი კომპანია იხდის. ეს თანხა კი, შეროზიას თქმით, არც ისე ცოტაა, თუმცა რამდენი, ამის დაკონკრეტება შეროზიას უჭირს.
XS
SM
MD
LG