Accessibility links

ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება


ქუთაისი

ქუთაისი

ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის მიერ ქუთაისში ჩატარებული გამოკითხვით, კომუნალური პრობლემებიდან პირველი ადგილი წყალმომარაგების საკითხს ერგო. მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება.

ქუთაისში ამჟამად სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტის დაწყებას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქუთაისში მთავრობის სხდომაც მიუძღვნა.

ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციამ პროექტის მიმდინარეობისას გარკვეული ხარვეზები აღმოაჩინა. ზაზა ხელაძის თქმით, სამუშაოები უხარისხოდ სრულდება. მისი ინფორმაციით, ჩეხოვის ქუჩაზე ახალი მილებიდან წყალი იღვრება. ზაზა ხელაძე ამბობს, რომ საქმისადმი არაკვალიფიციური მიდგომა ჩანს. მას ეჭვი აქვს, რომ პროექტის შედეგი არაეფექტური იქნება და მოსახლეობა, დაპირებისამებრ, წყალს 24 საათის განმავლობაში ვერ მიიღებს.

ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა კრიტიკას არ იზიარებს. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის აკაკი ბობოხიძისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის ლაშა გოცირიძის თქმით, რეაბილიტაციის სამუშაოები ოცდარვა ქუჩაზე ქსლის შეცვლას და სათავე ნაგებობების რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. დამონტაჟდება თანამედროვე ტუმბოები, რაც ენერგოხარჯებს მინიმუმამდე შეაცირებს. აქედან გამომდინარე, წყლის ტარიფი უცვლელი დარჩება.

ხელისუფლების დაპირებით, 2010 წლის ბოლოს ქუთაისელები 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ. ქუთაისში წყალგაყვანილობის რეაბილიტაციაზე ოცდაშვიდი მილიონი ლარი იხარჯება. ეს თანხა შვედეთის განვითარების ფონდიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
XS
SM
MD
LG