Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტირლიცის კვალდაკვალ


ჩემს ბლოგზე „მუსიკის აუტანელი სიმსუბუქე“ მკითხველთა რეაქციის მიხედვით სამი დასკვნა გავაკეთე: 1) შტირლიცი (უფრო სწორად, იულიან სემიონოვი) მართალი იყო, როცა ამტკიცებდა, რომ მოსაუბრე ან რესპონდენტი, როგორც წესი, ამა თუ იმ ტექსტის მხოლოდ ბოლო ფრაზებს იმახსოვრებს; 2) კომენტარებში თითოეული მკითხველი, არსებითად, ბლოგის ავტორს კი არ ეხმაურება, არამედ, უბრალოდ, საკუთარ აზრებს გამოთქვამს; 3) თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში, სამწუხაროდ, აბსოლუტურად უარყოფილია გამოჩენილი ეზოტერიკოსის, გიორგი გურჯიევის, ცნობილი ფორმულა: „ტექსტის კულტურა, წესის კულტურა, დიალოგის კულტურა“. აქვე უნდა ვახსენო დათა თუთაშხია: „ჯერ წესია საქმე...“

ბლოგში აღწერილი იყო ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც მუსიკის სფეროში შეიქმნა - არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. შემიძლია ხელახლა სათითაოდ ჩამოვთვალო პრობლემები: კლასიკური მუსიკის ტოტალური იგნორირება, ხალხური მუსიკის პროფანაცია, პოპულარული მუსიკის კომერციალიზაცია, ჯაზისადმი ინტერესის მკვეთრი დაცემა და ა.შ.

ბლოგს მეტსახელით შენიღბული ბევრი ანონიმი გამოეხმაურა. ჩემი მისამართით რამდენიმე შეურაცხმყოფელი წერილიც წავიკითხე. მოვიყვან მაგალითებს: „საბოლოო ჯამში, საბჭოთა აკრძალვების ნოსტალგია უფრო გამოდის, ვიდრე კონკრეტულად მუსიკის მრავალფეროვნებაზე საუბარი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, მგონი, თავისუფალ არჩევანს უფრო უნდა სცემდეს პატივს“; „საწყალ მამარდაშვილს, ალბათ, ბევრს ასლოკინებს ამდენი უადგილო ხსენებით. ცოტათი მაინც დაასვენეთ, რააა, გემუდარებით“; „ზვიადის ხსენება ნებისმიერ კონტექსტში აურზაურს იწვევს ხოლმე და ამ სტატიაში კი სრულიად ზედმეტი იყო. თქვენი გადაცემა ერთხელ მოვისმინე და მეხუთეკლასელი მეგონა თავი“; „ზვიადის საყვარელი კომპოზიტორი იოჰანეს ბრამსი იყო. ეჭვი მეპარება, დღეს პოსტსაბჭოურ სახელისუფლო დერეფნებში დიდი გერმანელი ხელოვანის ბევრ თაყვანისმცემელს შეხვდეთ...“ არგუმენტია, - ქვას გახეთქავს. ამით რისი თქმა სურდა ავტორს, ვერ მივხვდი. უფრო სწორად, მივხვდი და გამეცინა..." „მერე რა, რომ გამსახურდიას ბრამსი უყვარდა? გაგიჟდები პირდაპირ. ნიკა რურუას რომ ჯაზი უყვარს, იცით, ბატონო იური? ანდროპოვს, რომელიც გვახსოვს როგორც ერთ-ერთი საბჭოური მონსტრი, ისე უყვარდა ჯაზი, რომ სურდა სსრკ-ში ჩამოეყვანა მაილს დევისი“ (სტილი ყველგან დაცულია).

დავიწყებ იმით, რომ თავისუფალი არჩევანის აკრძალვაზე არც მიფიქრია. მეტსაც გეტყვით: ჩემს ფონოთეკაში კომპაქტდისკების, დაახლოებით, სამ მეოთხედზე როკი, პოპ-მუსიკა და ჯაზია ჩაწერილი. დარწმუნებული ვარ, რომ წერილთა ავტორების უმრავლესობა ჯერ დაბადებული არ იყო, როდესაც თქვენი მონა-მორჩილი „ბიტლზს“, ფრენკ სინატრას, „სვინგლ სინგერსს“, დიუკ ელინგტონს, მოგვიანებით კი, „Earth, Wind and Fire“-ს, იენ გილანს, „Weather Report“-ს, ფრენკ ზაპას და სხვებს და სხვებს უსმენდა. ჩემი საყვარელი მომღერლები არიან სტინგი, პერი კომო, ლაიზა მინელი, პიანისტები - ეროლ გარნერი და ბილ ევანსი - რომელი ერთი ჩამოგითვალოთ!

ოღონდ, ბევრი თქვენგანისგან განსხვავებით, ისინი ინტერნეტით არ გამიცნია. კლასიკურ მუსიკაზე ყურადღება მხოლოდ იმიტომ გადავიტანე, რომ ის მუსიკის ანბანია. რაც შეეხება მერაბ მამარდაშვილს, შეგიძლიათ არ იღელვოთ: ქართულმა საზოგადოებამ უკვე საკმაო ხანია „დაასვენა“ მსოფლიოში მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე დიდ ფილოსოფოსად აღიარებული მეცნიერი. საქართველოში მასზე ჩამიჩუმი არ ისმის, „მეოცე საუკუნის სოკრატეს“ დიდუბის პანთეონიც კი არ აღირსეს! ის, რომ ზვიად გამსახურდიას სახელი ყველგან და ყოველთვის მხოლოდ „აურზაურს იწვევს“, ვფიქრობ, კომენტარს არ საჭიროებს - რესპონდენტის სინდისზე იყოს. და კიდევ ერთი: ჯაზისადმი ანდროპოვის სიყვარული იყო კაგებეს ჩვეულებრივი „დეზა“ - ეს მეხუთეკლასელმა ბავშვმაც კი იცის.

ცნობილია, რომ წარსულ საუკუნეებში შეურაცხყოფის პასუხად დუელში იწვევდნენ ხოლმე. იმ საუკუნეებს ისტორია „გალანტურს“ უწოდებს. გალანტურობა კი იყო, თუმცა, სამაგიეროდ, ჩვენს შორეულ წინაპრებს დემოკრატიაზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ. დემოკრატიის ეპოქაში არც გალანტურობა შეინიშნება და არც დემოკრატია. დუელის ინსტიტუტი წარსულს ჩაბარდა. მით უფრო, დუელი ანონიმთან აბსურდის თეატრს მიეკუთვნება.

ჩემი თაობისთვის ე.წ. „ანონიმკები“ ბოლშევიკური რეპრესიების საშინელ წლებთან ასოცირდება. „სათანადო ორგანოები“ მათ ხან უტყუარ სამხილად მიიჩნევდნენ, ხან კი სანაგვეში ყრიდნენ. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ასიათასობით საბჭოთა მოქალაქე, ანონიმური წერილების საფუძველზე, ციხეში და საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვდა. ბევრი მათგანი დაიღუპა. დღეს, სიტყვის თავისუფლების ეპოქაში, ალბათ, მეტყვიან: რა მოხდა? მეტსახელის ნიღაბს ამოფარებულმა ანონიმმა რაღაცები წამოროშა - მთავრობის წარმომადგენლებისგან უარესები მოგვისმენიაო! როგორც ერთი ცნობილი პიროვნება ბრძანებს: „ნურას უკაცრავად!“ თუ თავს დისკუსიის თანასწორუფლებიან მონაწილედ მიიჩნევთ, ჩამოიხსენით ნიღაბი, მოიშორეთ ლეღვის ფოთოლი, დემაგოგიური წარწერით „სიტყვის თავისუფლება“, და ესაუბრეთ ოპონენტებს პარიტეტულ საწყისებზე. სლენგის ენაზე, „აბანოში გამოჩნდება...“
XS
SM
MD
LG