Accessibility links

„ანტიმიტინგური“ კანონი ძალაში შედის, მთავრობა ვენეციის დასკვნას არ ელოდება“- ესაა სათაური გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატიისა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში“ შეტანილი ცვლილებები ვენეციის კომისიის დასკვნამდე ამოქმედდა, თუმცა პარლამენტის იურიდიულ საკითხა კომისიის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები საერთაშორისო ნორმებს არ ეწინააღმდეგება და, შესაბამისად, არც არის მოსალოდნელი, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა უარყოფითი იყოს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ მოხდა, საპარლამენტო უმრავლეოსობა მზადყოფნას აცხადებს, შეცვალოს ცვლილებების ის ნაწილი, რაზეც ვენეციის კომისია რეკომენდაციას შეიმუშავებს. „რეზონანსთან“ საუბარში რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ არ გაუკვირდება, თუ ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნების შემთხვევაშიც კი ხელისუფლება შენიშვნებს საერთოდ არ გაითვალისწინებს.

დღესვე გაზეთ „რეზონანსში“ წაიკითხავთ, რომ ტელეკომპანია „202“-ის დამფუძნებელი ჟურნალისტი შალვა რამიშვილი საპატიმროს 8 დღეში დატოვებს.

სად გააგრძელებს იგი კარიერას, ჯერ უცნობია, თუმცა „რეზონანსთან“ საუბარში მისი მეგობარი და კომპანიონი დავით კოხრეიძე ამბობს, რომ შალვა რამიშვილი ახალ სისხლს შეიტანს არსებულ რეალობაში, თუმცა ჟურნალისტიკის გზით გააკეთებს ამას იგი თუ პოლიტიკის, არ იცის.

ქვეყანაში განვითარებულ შიდაპოლიტიკურ პროცესებს დღეს გაზეთი „ალია“ დემოკრატიული მოძრაობა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან ვრცელი ინტერვიუთი ეხმიანება. „ ნინო ბურჯანაძემ „ალიას“ საპროტესტო აქციების დაფინანსების წყარო გაუმხილა“, - ვკითხულობთ სათაურში, თავად ინტერვიუში კი კითხვაზე, „ რა თანხა დახარჯეთ საპროტესტო აქციების დასაფინანსებლადო, ნინო ბურჯანაძე პასუხობს: „ არც ცოტა, მაგრამ არც იმდენი, რამდენიც უნდათ, რომ წარმოაჩინონ. ამ აქციების მთავარი და ერთადერთი დამფინანსებელი მე ნამდვილად არ ვიყავი. ამას მართლა გულწრფელად გეუბნებით. ციფრებს ნამდვილად ვერ დაგისახელებთ, რადგან არ მინდა, რომ შეცდომაში შეგიყვანოთ. მოვა დრო და ჩვენ ამ მონაცემებს გამოვაქვეყნებთ.“

გაზეთი „24 საათი“ კი ოპოზიციური სპექტრიდან „ საზოგადოებრივ მოძრაობა-დაიცავი საქართველოსა“ და „ალიანსი საქართველოსთვის“ გეგმებზე ამახვილებს ყურადღებას. სტატიაში, სათაურით „ ოპოზიციის აქცენტები“, ნათქვამია, რომ

„ დაიცავი საქართველო“ არის, ფაქტობრივად, ქართული სოლიდარობა. ორგანიზაცია რამდენიმე მიმართულებით აპირებს საქმიანობის წარმართვას და, თავდაპირველად, რეგიონალური ქსელის შექმნა, შემდეგ კი სხვადასხვა დაწესებულებებში პროფესიული კავშირების ჩამოყალიბება აქვს განზრახული. „ხელისუფლების კონტროლისა და ზეწოლის გამო, სამედიცინო და განათლების სტრუქტურებში შეღწევა საკმაოდ რთულია. მიუხედავად ამისა, აქ შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით გარკვეული აქტივობები იგეგმება“, - აღნიშნა კოკა გუნცაძემ „24 საათთან“ საუბარში. რაც შეეხება „ალიანსს საქართველოსთვის“, რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა „24 საათს“ განუცხადა, რომ „ალიანსი“ მოქმედების გეგმას მხოლოდ არდადეგების სეზონის დასრულების შემდეგ გააცნობს საზოგადოებას.
XS
SM
MD
LG