Accessibility links

logo-print

გარემოს დამცველები ავტომაგისტრალის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან


ნიკოლოზ მჟავანაძე

ნიკოლოზ მჟავანაძე

თბილისის მერიამ ვაკე-საბურთალოს გზაზე, სატრანსპორტო მოძრაობის განმუხტვის მიზნით, ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოყო. თანხა უახლოესი ერთი წლის განმავლობაში თამარაშვილის გამზირისა და ვარაზის ხევის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობას მოხმარდება. პროექტის მიხედვით, მდინარე ვერეზე გაიდება ხუთამდე ხიდი, აშენდება ორდონიანი კვანძი და სამი ესტაკადა. მერიის ინფორმაციით, მაგისტრალი გადაკვეთს, მაგრამ არ დააზიანებს ზოოპარკისა და საბავშვო ქალაქ „მზიურის“ ტყეპარკებს. მერიისაგან განსხვავებით, გარემოს დამცველი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ახალი მაგისტრალის მშენებლობით გამოუსწორებელი ზიანი მიადგება დედაქალაქის ისედაც მწირ ბუნებას.

არაოფიციალური ინფორმაციით, თბილისში ყოველდღიურად დაახლოებით 300 ათასამდე ავტომობილი მოძრაობს, ქუჩების უმეტესობის სიგანე და, შესაბამისად, გამტარიანობა კი, შეზღუდულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მშენებარე გზა, რომლის სიგრძე სამი კილომეტრი, სიგანე კი თექვსმეტი მეტრი იქნება, მნიშვნელოვნად შეამცირებს დედაქალაქის გზებზე საავტომობილო ხერგილების რაოდენობას.

„გზატკეცილის, ანუ თბილისის ორი დიდი რაიონის, გავლას თავიდან ბოლომდე 6 წუთი დასჭირდება. გარდა ამისა, იქნება ძაან ლამაზი კონსტრუქცია, როგორიც თბილისში არ ყოფილა“, განაცხადა რამაზ ნიკოლაიშვილმა.

თბილისის მერიამ ახალი გზის მშენებლობის შესახებ საზოგადოებას დაახლოებით ერთი თვის წინ ამცნო. მერმა გიგი უგულავამ თქვა, რომ მასშტაბური პროექტი რამდენიმე ათას ადამიანს დაასაქმებს:

„ეს არის პროექტი, რომლის მსგავსი თბილისში დიდი ხანია არ განხორციელებულა. ეს, ფქტიურად, სასუნთქი დერეფანი იქნება ტრანსპორტისთვის.“

გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ მშენებარე მაგისტრალი, გარდა იმისა, რომ ვაკე-საბურთალოს გზაზე სატრანსპორტო მოძრაობას განტვირთავს, გამოასწორებს ვარაზისხევში ეკოლოგიურ სიტუაციასაც, მერის ამგვარი დაპირებისა არ სჯერათ გარემოს დაცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამასთან, „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ პროექტი ეწინააღმდეგება თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას, რომელიც სარეკრეაციო ზონებში მშენებლობას კრძალავს.

„გამარჯვებული პროექტის ავტორი შეეცადა ნაკლებად შეხებოდა „მზიურს“, მაგრამ ჩვენ საკუთარი ფეხით შემოვიარეთ ტერიტორია და ვნახეთ, რომ ბოლომდე ეს ვერ მოხერხდა. მერე ჩვენ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ არ მოხდება გზის მიმდებარე ტერიტორიის ათვისება, არ აშენდება კაფე-ბარები და სხვადასხვა სახის ობიექტები“, განუცხადა რადიო თავისუფლებას ნიკოლოზ მჟავანაძემ.

თუმცა თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ პროექტი არ ითვალისწინებს მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებას. სამსახურის უფროსმა გიორგი ლიპარტიამ პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ, სხვა ყველაფერთან ერთად, გათვალისწინებულია ეკოლოგიური ფაქტორიც. მისი თქმით, საფრთხე არ ემუქრება არც ზოოპარკს და არც „მზიურს“. ამგვარი განცხადებებით მერიის სამსახურებმა „მზიურის“ დირექტორის ქეთი დუმბაძის დამშვიდებაც სცადეს. შესაბამისად, ნოდარ დუმბაძის ოცნების ქალაქში უკვე მძიმე ტექნიკა მუშაობს.

ქეთი დუმბაძე: „ყველამ დამარწმუნა იმაში, რომ ეს „მზიურს“ არ დააზიანებს, თუმცა ვერ წარმომიდგენია ეს როგორ უნდა მოხდეს. გასაგებია, რომ გზა გადაივლის „მზიურზე“ ზემოდან, მაგრამ ხიმინჯები ხომ მზიურში უნდა დადგან?“
პარკის დირექტორისა და თბილისელთა ერთი ნაწილის მსგავსად, „მზიურის“ ბედი პროფესიონალ არქტექტორებსაც აშფოთებთ. ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე ამბობს, რომ არქიტექტორთა ჯგუფი მერიას მაგისტრალის პროექტში ცვლილებების შეტანას და ერთგვარი კომპრომისული პროექტის განხორციელებას სთავაზობს.

„ქალაქგანვითარება, საერთოდ, და ეს კონკრეტული შემთხვევა არ შეიძლება დავინახოთ შავ-თეთრ ფერებში. ამას დადებითი მხარეც აქვს; რასაკვირველია, რაღაც მინუსებიც აქვს. ძალიან დიდი კატეგორიულობა არ უნდა გამოჩნდეს არც ხელისუფლების და არც მოსახლეობის მხრიდან“, უთხრა რადიო თავისუფლებას ლადო ვარდოსანიძემ.

თუმცა მოსახლეობა, რომელიც ახალი გზის მშენებლობის წინააღმდეგია, როგორც ჩანს, უკან დახევას არ აპირებს. კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი, ამბობს, რომ რამდენიმე ათასი მოქალაქის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოში მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა:

„ერთი მხრივ, ვითხოვთ ამ პროექტის დაუყოვნებლივ შეჩერებას, ხოლო, მეორე მხრივ, დაევალოს ქალაქის მერიას, კანონმდებლობის თანახმად, ჩაატაროს პროექტის სრულფასოვანი განხილვა და ჩაატაროს ამ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება.“

სასამართლოში სარჩელი შეაქვს „ეკოლოგიური სამართლის ცენტრსაც“, რომლის იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ 6 აგვისტოს მერიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა და დამტკიცებული პროექტის ბათილად ცნობა მოითხოვა:
„ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, გზები უნდა გაკეთდეს, „საცობები“ უნდა განიმუხტოს, მაგრამ არა ეკოსისტემის ხარჯზე.“

თბილისის მერიაში კი კვლავინდებურად ამტკიცებენ, რომ პროექტი, გარკვეულწილად, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. ავტომაგისტრალის მშენებლობასთან ერთად, გაკეთდება თანამედროვე ტიპის საკანალიზაციო კოლექტორი, რომელიც, პროექტის ავტორთა აზრით, მდინარე ვერეს დაწმენდასა და ხეობაში ეკოლოგიური მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესებას გამოიწვევს. გზის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2010 წელს დასრულდება.
XS
SM
MD
LG