Accessibility links

logo-print

ევროკავშირისა და მისი სამეზობლოს სიახლეები


ინციდენტის ადგილი ნაზრანში

ინციდენტის ადგილი ნაზრანში


ინგუშეთში მომხდარი აფეთქების გამო ევროკავშირი რუსეთის მთავრობას მხარდაჭერას უცხადებს


ინგუშეთში ორშაბათს მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც, სულ მცირე, 21 პოლიციელი შეეწირა და კიდევ 130 ადამიანი დაიჭრა, ევროკავშირმა რუსეთის მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

”ევროკავშირი გმობს დღევანდელ ტერორისტულ თავდასხმას... და უსამძიმრებს ამ სასტიკი აქტის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს. ევროკავშირის თავმჯდომარეობა ამ რთულ დროს რუსეთის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერას უცხადებს”, – ნათქვამია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, შვეციის მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული მანქანა ნაზრანში, პოლიციის სადგურის წინ, ორშაბათს, დილის 9 საათზე, აფეთქდა. ეს ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა ინგუშეთში ბოლო პერიოდში გახშირებული ძალადობის ფონზე. მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ინგუშეთში სხვადასხვა თავდასხმას 25 პოლიციელი შეეწირა.

საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს ანალიტიკოსის ნიკუ პოპესკუს აზრით, ორშაბათის აფეთქება ინგუშეთის პრეზიდენტის, იუნუსბეკ ევკუროვის, დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული. აქვე შეგახსენებთ, 22 ივნისს თავად ევკუროვზე განხორციელდა თავდასხმა: დაუდგენელმა პირებმა მისი მანქანა ააფეთქეს, რის შედეგადაც ის მძიმედ დაიჭრა. ევკუროვი მოსკოვის საავადმყოფოდან გასულ კვირაში გაწერეს და, სავარაუდოდ, სამუშაოს მომავალ კვირებში დაუბრუნდება.

ევკუროვი ხელისუფლებაში 2008 წლის ოქტომბერში მოვიდა და ზომიერ მუსულმანებთან შერიგების პროგრამის განხორციელება დაიწყო, რაც რადიკალი ისლამისტი ჯგუფებისთვის პოტენციურ მხარდამჭერთა ბაზის შესუსტებას მოასწავებდა. ევკუროვის წინამორბედმა, მურატ ზიაზიკოვმა, პოლიციური სისასტიკითა და კორუფციის გავრცელებით ძალადობრივი წინააღმდეგობის რიგები მნიშვნელოვნად გაზარდა.

პოპესკუს აზრით, ნაზრანში განხორციელებული თავდასხმების რომელიმე ჯგუფისა ან იდეისთვის მიკუთვნება ძალიან რთულია.

”ხალხი ბევრი მიზეზით იბრძვის. ზოგს ჩრდილოკავკასიური ხალიფატის დაარსება სურს, ზოგს, უბრალოდ, - ქაოსი. სხვა შემთხვევებში, ამით პოლიციას სისასტიკისთვის უხდიან სამაგიეროს”, - ამბობს ექსპერტი.

ევროკავშირს ბევრჯერ გაუკრიტიკებია რუსეთი ჩრდილოკავკასიაში გატარებული პოლიტიკისთვის. ბოლო კვირებში ევროკავშირი შეშფოთებით გამოეხმაურა ჩეჩნეთში გახშირებულ უფლებადამცველთა მკვლელობებს.

”სტაბილიზაციას აფერხებს შიშის ატმოსფერო და ადამიანის უფლებების დამრღვევთა დაუსჯელობა... რაც ამწვავებს რადიკალიზაციას, დაუცველობის განცდას და ადგილობრივი მთავრობებით უკმაყოფილებას”, - ნათქვამია 2008 წლის ნოემბერში შემუშავებულ, ევროკავშირის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილ, დოკუმენტში, რომელიც ჩრდილოკავკასიაში არსებულ ვითარებას ასახავს. ”ადამიანის უფლებების დარღვევისა და მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შესახებ კვლავ დიდძალი ინფორმაცია ვრცელდება. მათ შორის არის ცნობები ადამიანების გაქრობის და ... უშიშროების ძალების მიერ ადამიანების წამების შესახებ”, - ნათქვამია დოკუმენტში.

მოსკოვმა ნაზრანის აფეთქების გამო ადგილობრივ ხელისუფლებას უსაყვედურა - რუსეთის პრეზიდენტმა ინგუშეთის შს-თა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

რადიოთი გამოსვლისას, ევკუროვმა ”არაბ დამფინანსებლებზე” ისაუბრა და მიანიშნა, რომ აფეთქების ორგანიზებაში, შესაძლოა, გარეშე ძალა იყო ჩარეული.


ევროკავშირის ქალაქებს იმიგრანტების საკითხთან დაკავშირებით მეტი ავტონომია სურთ

ევროპის 130-მა ქალაქმა ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართა თხოვნით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მეტი ავტონომია მიეცეთ იმიგრაციასთან დაკავშირებულ დისკუსიაში და აღიარებულ იქნეს ის ეკონომიკური მოგება, რომელიც მიგრაციას მოაქვს.

130 ქალაქის წარმომადგენლების მიერ შედგენილ მიმართვაში ვკითხულობთ: „იმის გამო, რომ მიგრაციასთან დაკავშირებით როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე შემუშავებული რეგულაციები ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ურბანულ სივრცეზე ახდენს, ადგილობრივ მთავრობებს ამ რეგულაციების თუ სტრატეგიების ამუშავებაში მკაფიოდ უნდა განესაზღვროთ პარტნიორის როლი“.


ეს მიმართვა წარმოადგენს პასუხს ამ ზაფხულს ევროპის კომისიის მიერ შემუშავებულ ”სტოკჰოლმის პროგრამაზე”, რომელიც ხუთი წლის მანძილზე გაწერილი გეგმაა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები იმიგრაციის, თავშესაფრის გამოყოფის და ინტეგრაციის საკითხებს. ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ეს გეგმა შემოდგომაზე უნდა დაამტკიცონ და, როგორც ვარაუდობენ, ზოგიერთი წევრი ქვეყნის ინიციატივით, დოკუმენტში შესწორებებიც შევა.

ევროპის ქალაქების მიმართვაში ნათქვამია, რომ იმიგრაციაზე დისკუსია უნდა გასცდეს უსაფრთხოების საკითხებს და აღიარებულ იქნეს ”მიგრაციის დადებითი მხარეები”.

”თუ ამჟამინდელი დემოგრაფიული და მიგრაციული ტენდენციები შენარჩუნდება, ოცდამეერთე საუკუნის შუა პერიოდისთვის ევროკავშირი 65 მილიონ მოსახლეს დაკარგავს. ეს განსაკუთრებით სამუშაო ძალაზე აისახება”, - წერია დოკუმენტში. ევროკავშირში უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რომ, შობადობის კლებისა და ხანდაზმულთა რაოდენობის ზრდის ფონზე, კავშირს შრომისუნარიანი მოსახლეობა აკლდება.

იქვე გამოთქმულია მოწოდება, ხელი შეეწყოს საკუთრივ ევროკავშირის შიგნით მიმდინარე მიგრაციულ პროცესებს და ინტეგრაციაზე გამიზნულ პროგრამებში - იქნება ეს ენის კურსები თუ სოციალური მომსახურება - ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტებიც ჩაერთონ.

უკანასკნელი მონაცემებით, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, - იქნება ეს ესპანეთი, ირლანდია თუ სხვა, - უმუშევრობის ზრდის პარალელურად, აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიგრაციული პროცესებიც შემცირდა. ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნებიდან - განსაკუთრებით პოლონეთიდან - დასავლეთში სამუშაოდ ხალხის შედარებით ნაკლები რაოდენობა მიდის. ინტეგრაციის პროცესებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ევროკავშირის შიგნით მიგრაციული პროცესების წახალისებისთვის აუცილებელია პოტენციური მიგრანტებისთვის ბიუროკრატიული რეგულაციების გამარტივება და ევროკავშირის ინსტიტუტებისგან დაფინანსების მოპოვებაში დახმარება.
XS
SM
MD
LG