Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გენერალ დოსტუმის დაბრუნება შეშფოთებას იწვევს


გენერალი დოსტუმი
გენერალი დოსტუმი
თურქეთში ემიგრაციიდან ავღანეთში დაბრუნდა გენერალი აბდულ რაშიდ დოსტუმი, ეთნიკური უზბეკი, რომელსაც მშობლიურ ქალაქში დიდი დახვედრა მოუწყვეს. თუმცა დოსტუმის ავღანეთში ჩასვლას, ავღანეთშიც და მის გარეთაც, ყველა დადებითად არ მიიჩნევს, მისი წარსულის გამო. არადა, არჩევნების წინ ასეთი პირის ავღანეთში ჩასვლა პრეზიდენტ კარზაის განმეორებით არჩევას შეიძლება წაადგეს. კარზაის ადრეც აკრიტიკებდნენ, რომ საეჭვო წარსულისა და საქმიანობის ხალხი ჰყავდა მთავრობაში.

ავღანეთის ჩრდილოეთში, შირბერღანში, დოსტუმს ათასობით მომხრე და თაყვანისმცემელი დახვდა, როცა ის, თითქმის ერთწლიანი ემიგრაციის შემდეგ, მთავრობის თანხმობით, უკან დაბრუნდა.

დოსტუმის მომხრეებმა არჩევნების წინა პერიოდში ღიად განაცხადეს, რომ კარზაის მხარს დაუჭერდნენ, თუკი დოსტუმს უკან დააბრუნებდა. აქვე გეტყვით, რომ 20 აგვისტოს ავღანეთში პრეზიდენტს აირჩევენ და იქვე ადგილობრივი საბჭოების შემადგენლობასაც უყრიან კენჭს. თავის მომხრეებს დოსტუმმა მოუწოდა მხარი დაუჭირონ კარზაის და იმის იმედიც გამოთქვა, რომ მისი პოლიტიკური მომხრეები შეძლებენ ავღანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენა იქონიონ.
„ აღსავსე ვართ მოქმედების სურვილით. გენერალ დოსტუმთან საქმის დაჭერა მილიონობით ადამიანთან საქმის დაჭერას ნიშნავს. გენერალ დოსტუმთან საქმის დაჭერა ნიშნავს ცეცხლთან თამაშს. გენერალ დოსტუმთან საქმის დაჭერა რთულია და გაბრაზებასაც გამოიწვევს.”



დოსტუმი თურქეთში მას მერე გადასახლდა, რაც ის შინა პატიმრობაში იყო, თავის მოწინააღმდეგე აქბარ ბაისთან დაპირისპირებისას თავისებური მოქმედების გამო. ავღანეთში დოსტუმის დაბრუნებამდე ჩატარებული გამოკითხვით, მას ყველაზე უარყოფითი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ მისი განსაკუთრებული უნარი, მიიმხროს ხალხი, როგორც გითხარით, ჰამიდ კარზაის 20 აგვისტოს არჩევნებში გამარჯვების შანსს აძლევს. გამოკითხვებით, კარზაის 45 პროცენტამდე ამომრჩეველი მიემხრობა, მაგრამ გამარჯვებისთვის 50 პროცენტი პლუს ერთი ხმა მაინცაა საჭირო. ამ მხრივ, დოსტუმის მხარდაჭერა იოლი გამარჯვების საწინდარი შეიძლება გახდეს. 2004 წელს დოსტუმი კარზაის მეტოქე იყო არჩევნებში და მაშინ 10 პროცენტი მიიმხრო. შირბერღანში მან თავის მომხრეებს გამოუცხადა, რომ იმედი აქვს, უფრო ფართო პოლიტიკური ფუნქცია შეიძინოს:

“ინშალაჰ, ჩვენ შევქმნით ავღანეთში ისეთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ექვს წელიწადში გაიზრდება და გაძლიერდება და შეძლებს თქვენი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ეს არის ის, რასაც თქვენ და თქვენი მარტვილები იმსახურებენ.”
ორი სიტყვა დოსტუმზე. ის ყოფილი კომუნისტი გენერალია, 55 წლისაა. 1990-იან წლებში, სამოქალაქო ომების დროს, ფრონტს იცვლიდა ხოლმე, სანამ 1998 წელს, თალიბანის მიერ მისი საბრძანებლის დაკავების შემდეგ, იძულებული არ გახდა უცხოეთში წასულიყო. ერთ-ორ წელიწადში ის კვლავ დაბრუნდა, თალიბანის წინააღმდეგ ომში ჩაერთო და მისმა ძალებმა დიდი როლი ითამაშეს თალიბანის რეჟიმის დამხობაში. იმავე პერიოდზე მოდის ბრალდება, რომ დოსტუმმა არაერთი სისასტიკე ჩაიდინა, მათ შორის, თალიბი ტყვეები გაჟუჟა.

დოსტუმის ავღანეთში დაბრუნება არც დასავლეთს მოსწონს. აშშ-ის საელჩომ ქაბულში გაავრცელა განცხადება: ჩვენ ავღანეთის მთავრობას განვუმარტეთ, რომ დიდად შეშფოთებული ვართ დღევანდელ ავღანეთში დოსტუმის სამომავლო როლის გამო. მასთან დაკავშირებული საკითხები უფრო მწვავდება ახლა, არჩევნების წინ მისი დაბრუნებით. მისი წარსული, სხვა შემაშფოთებელ გარემოებებთან ერთად, კითხვებს აღძრავს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებთან დაკავშირებითაც. ასე ფიქრობს აშშ-ის საელჩო. პრეზიდენტ კარზაის წარმომადგენელი სიამაკ ჰერავი კი სხვა აზრისაა. ის ფიქრობს, რომ დოსტუმს სრული უფლება ჰქონდა დაბრუნებულიყო და დაებრუნებინა ცერემონიული სამხედრო თანამდებობა პრეზიდენტის ოფისში:
“დაპირისპირება გენერალ აბდულ რაშიდ დოსტუმსა და აკბარ ბაის შორის ჩრდილოეთის რეგიონის უხუცესთა მიერ ჯერ კიდევ ათი თვის წინ მოგვარდა და მისი განხილვის საფუძველი აღარ არის. მოხარული ვართ, რომ ახლა ის სამშობლოს დაუბრუნდა და შეუძლია არჩევნებში მონაწილეობით თავისი სახელმწიფო მოვალეობა შეასრულოს. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, განკარგულების ძალით, მას თანამდებობა დაუბრუნა და ახლა შეუძლია თავისი მოვალეობა შეასრულოს.”

კარზაის ოპონენტების აზრით, აქედანაც ჩანს, რომ კარზაი ძალაუფლების შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად ცდილობს.

18 აგვისტოს საპრეზიდენტო კანდიდატმა აშრაფ ღანიმ ასე განაცხადა: არ არის საიდუმლო, რომ ჰამიდ კარზაი საეჭვო პირებთან ურთიერთობს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ ავღანელი ხალხი ხედავს მის ამ ბინძურ პოლიტიკას და აღარ სურს ამ პირების შიშის ქვეშ კიდევ დიდხანს იცხოვროს.”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG