Accessibility links

logo-print
18 აგვისტოს კინოს მოყვარულები დიდი ფრანგი რეჟისორის, ”პოეტური რეალიზმის” ერთ-ერთი ფუძემდებლის მარსელ კარნეს დაბადების ას წლისთავს აღნიშნავენ. თუმცა კარნეს სახელგანთქმული ფილმების, ”ნისლიანი სანაპიროს”, ქანდარის შვილების”, ღამის კარიბჭის” ჩვენება მთელი წელია გრძელდება რეჟისორის სამშობლოში, საფრანგეთში, სადაც 2009 წელი მარსელ კარნეს წელიწადად გამოაცხადეს.

მარსელ კარნე ვერასდროს იფიქრებდა, რომ მისი ფილმის, ”ღამის კარიბჭისთვის” დაწერილი სიმღერა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ჰიტი გახდებოდა. უბრალოდ სთხოვა თავის კომპოზიტორს, ჟოზეფ კოსმას, შეექმნა სევდიანი და ნოსტალგიური მელოდია, რომელიც იმხანად - ე.ი. 1946 წელს - ჯერ კიდევ თითქმის სრულიად უცნობ მსახიობსა და მომღერალს, ივ მონტანს მოუხდებოდა. სიმღერა, ”დამჭკნარი ფოთლები” ჟაკ პრევერის ტექსტზე თავად ივ მონტანმა შეასრულა.

სიმღერა აიტაცეს, მაგრამ ფილმი დიდი ხნის მერე დააფასეს. საფრანგეთში ჯერ კიდევ მარსელ კარნეს წინა სურათის, ”ქანდარის შვილების” შესახებ მსჯელობდნენ - სამსაათიანი ფილმი, რომლის პრემიერა მეორე მსოფლიო ომის დასრულებას დაემთხვა, და რომლის გადაღება ოკუპირებულ საფრანგეთში მიმდინარეობდა, აღიქვეს, როგორც სიმბოლო ეროვნული კულტურის გადარჩენისა. თანაც, აქ უკვე კარგად გრძნობდნენ მარსელ კარნეს სტილს, იცოდნენ, რომ კარნე - განსაკუთრებით ოკუპაციის ეპოქაში გადაღებულ ფილმებში - ერთს ამბობდა და მეორეს გულისხმობდა, ერთს აჩვენებდა და სულ სხვას ეუბნებოდა მაყურებელს. ეს პრინციპი მისი ფილმების გადაღების ტექნიკაშიც კი აისახა - ჯერ კიდევ ომამდე, თავისი პოპულარული სურათის, ”ჩრდილოეთის სასტუმროს” გადაღებისას, კარნემ მიკროფონი დადგა პარიზში, სენმარტენის არხის მიდამოებში - ჩაიწერა ხმაურები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მსახიობების, ჟან-პიერ ომონისა და არლეტის გახმოვანება.

კადრი ფილმიდან "ქანდარის შვილები"
დიახ, ატმოსფეროს შექმნის თვალსაზრისით მსოფლიო კინოში მარსელ კარნეს მხოლოდ ჰიჩკოკს თუ გავუტოლებთ. მოგვიანებით კარნეს მოწაფე, მიქელანჯელო ანტონიონი იტყვის, რომ სწორედ მოქმედების ატმოსფეროს შექმნის ვნებამ ათქმევინა კარნეს უარი რეალისტურ გამოსახულებაზე, კვაზიდოკუმენტურ მიზანსცენებზე (რაც მოდაში იყო 30-იანი და 40-იანი წლების კინოში) და დეკორაციებში გადაღება დააწყებინა. ამიტომაც შეარქვეს სტილს, რომელიც ჯერ ჟან ვიგომ, მერე კი მარსელ კარნემ დანერგეს მსოფლიო კინოში - ”პოეტური რეალიზმი”. თუმცა მარსელ კარნეს ფილმებში ეს სტილი უფრო პოეზიისა და რეალიზმის, ამაღლებულისა და ყოფითის კონფლიქტში გამოიხატა - კონფლიქტში, რომელსაც იგონებდა კარნეს თითქმის მუდმივი თანაავტორი, მწერალი ჟაკ პრევერი...

ამ კონფლიქტის თავისებური სახე იყო მარსელ კარნეს საყვარელი მსახიობი ჟან გაბენიც, რომელმაც პირველი დიდი გამარჯვება სწორედ კარნეს ფილმში - ”ნისლიან სანაპიროში” მოიპოვა. უფრო მეტიც, კარნემ აიძულა გაბენი, სიმღერაშიც გამოეცადა თავი. ”კონტრაპუნქტი ხომ შენი და ჩემი ცხოვრების პრინციპიაო” - უთქვამს ერთხელ მარსელ კარნეს გაბენისთვის.

ფრანგული კინოს იმ კლასიკოსებისგან განსხვავებით, რომლებმაც 30-იან წლებში გაითქვეს სახელი, მარსელ კარნე მაინც და მაინც არ უყვარდათ ”ახალი ტალღის” რეჟისორებს. ანუ იმათ, ვინც ამინდს ქმნიდა 60-იანი წლების ფრანგულ კინოში და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კინოკრიტიკაში. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ კარნე, რომელიც 1996 წელს გარდაიცვალა და თითქმის სიცოცხლის ბოლომდე იღებდა ფილმებს, სულ რამდენიმე წელია, რაც ხელახლა დააფასეს. შარშან, ფრანგული ჟურნალის, ”პოზიტივის” გამოკითხვით მარსელ კარნეს ფილმი ”ქანდარის შვილები” ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ათ ფილმს შორის მოიხსენიეს.
XS
SM
MD
LG