Accessibility links

logo-print

სერგეი ბაღაფში თბილისს ვითარების დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს


სერგეი ბაღაფში

სერგეი ბაღაფში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას სიტუაციის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს და ადეკვატურ შეფასებას საერთაშორისო თანამეგობრობისგან ითხოვს. გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროკავშირისა და საფრანგეთის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ მიმართვაში სერგეი ბაღაფში აღნიშნავს, რომ 17 აგვისტოს, ქართველმა მესაზღვრეებმა უკვე მესამედ დააკავეს უცხოური ხომალდი, რომელიც სოხუმის პორტისკენ მიემართებოდა. ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის გარდა, ბაღაფში თბილისს ტერაქტების ორგანიზებაშიც ადანაშაულებს და ბოლო მაგალითად მოჰყავს 12 აგვისტოს, გაგრაში მომხდარი აფეთქება, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, მისი ხელისუფლება დიდ იმედს ამყარებდა სარკოზი-მედვედევის შეთანხმებასა და ჟენევის კონსულტაციებზე, თუმცა, საქართველოს პროვოკაციული მოქმედებებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ ყოვლისა, ევროკავშირის დუმილის გამო, იძულებულია ამ მექანიზმების ეფექტურობაში ეჭვი შეიტანოს. ბაღაფში საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, საქართველოს ვითარების დესტაბილიზაციის შეწყვეტა მოსთხოვოს. დე ფაქტო პრეზიდენტი ქართველი მესაზღვრეების მიერ დაკავებული ხომალდის გათავისუფლებასაც ითხოვს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, აფხაზური მხარე ტვირთების დასაცავად პროპორციულ ზომებს მიმართავს, შესაძლო შედეგების პასუხისმგებელი კი - თბილისი იქნება.
XS
SM
MD
LG