Accessibility links

მთავრობამ გამოაცხადა, რომ საქართველოს მიმართ უცხოური ბიზნესის ინტერესი გაიზარდა


ნიუ-იორკის ბირჟა

ნიუ-იორკის ბირჟა

საქართველოში პოლიტიკური სტაბილიზაციის ფონზე, ქვეყნის ეკონომიკამ გამოცოცხლება იწყო. ამას თან დაერთო ისიც, რომ მსოფლიოში წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ნაწილმა რეცესიიდან გამოსვლა დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში ბიზნესაქტივობა იზრდება. ასეთი ტენდენციის ფონზე, მოიმატა საქართველოს მიერ გამოშვებული ევროობლიგაციების ფასმაც.

ბოლო ერთი თვის მანძილზე საქართველოს ევროობლიგაციების ფასი გაიზარდა და 91 აშშ დოლარს გადააბიჯა. საქართველოს მიერ ერთი წლის წინ გამოშვებული ევროობლიგაციის ფასი 100 დოლარს შეადგენდა და მიმდინარე წლის გაზაფხულზე 62 დოლარამდე დაეცა. ახლა ფასი მატულობს, რაც საქართველოს პრემიერ–მინისტრს ნიკა გილაურს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს:
„ევრობონდების ფასის ზრდა, გარკვეულწილად, მიანიშნებს საერთაშორისო ეკონომიკურ საზოგადოებაში გარკვეულ ეკონომიკურ ნდობას ქვეყნის ეკონომიკის წინსვლასთან დაკავშირებით.“

ნიკა გილაურმა ისიც აღნიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს სახაზინო ვალდებულებების (შიდა ობლიგაციების) გამოშვება. მისი საპროცენტო განაკვეთი 6 პროცენტზე დაბალია, რაც საბანკო–საფინანსო სექტორის სიჯანსაღესა და ეკონომიკური წინსვლის ნდობაზე მეტყველებსო, დასძინა გილაურმა.

საქართველოს მიმართ უცხოელი ბიზნესმენების ნდობა და ინტერესის ზრდა რომ შეიმჩნევა, ამას თავად საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებიც ადასტურებენ. ბიზნესმენთა ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ახლა კი თავად მოქმედი ბიზნესმენის გიორგი ისაკაძის აზრით, მოლოდინის რეჟიმის დასრულება აშკარაა:

„ნამდვილად ჩანს, რომ აშკარად ამოძრავებულია სიტუაცია. ჩანს, ოპტიმიზმი ინტერესთან დაკავშირებით არის მობრუნებული. თუ ეს აქტივობა საშემოდგომოდ ბუნებრივად გაიზრდება, მე ვიტყოდი, რომ გამოჩნდა პირველი ნიშნები კრიზისის დაძლევისა.“

ბიზნესმენებიც და ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ ევროობლიგაციების ფასის ზრდა, მართლაც, შეიძლება იყოს საქართველოს მიმართ უცხოელი ინვესტორების ნდობისა თუ ინტერესის მაჩვენებელი.

ობლიგაციების გამოშვების ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ საქართველოსთვის საერთაშორისო იმიჯის შექმნა წარმოადგენდა. ქვეყნის ეკონომიკის მიმართ ნდობის ამ ფაქტორის არსებობის მიუხედავად, ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოსადმი ინტერესის მატებას, დიდწილად, ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა და ლიბერალური ბიზნესგარემო განსაზღვრავს.
XS
SM
MD
LG