Accessibility links

ცხინვალელი მეცნიერები კვლავ რუს მშენებლებს დაუპირისპირდნენ


სარეკონსტრუქციო სამუშაოები ცხინვალის რეგიონში

სარეკონსტრუქციო სამუშაოები ცხინვალის რეგიონში

კულტურული და ისტორიული ძეგლების განადგურება რუსულ სამშენებლო კომპანიებთან ცხინვალელი მეცნიერების დაპირისპირების მიზეზად რჩება. უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთში მივლინებულმა მშენებლებმა ცხინვალის ძველ უბნებში არსებული შენობები დაანგრიეს. ამ ფაქტმა პროტესტი გამოიწვია ადგილობრივ არქეოლოგებსა და ისტორიკოსებში, რომლებმაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას მიმართეს და ვანდალიზმის შეჩერება მოითხოვეს. ცოტა ხნის წინ დე ფაქტო მთავრობას სათავეში ერთ-ერთი რუსული სამშენებლო ფირმის ხელმძღვანელი ჩაუდგა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის კომპანიისა და სხვა სამშენებლო ფირმებისადმი ცხინვალელ მეცნიერებს ახალი პრეტენზია გაუჩნდათ. ისინი აცხადებენ, რომ რუსი მშენებლები ისტორიულ სამარხებს ძარცვავენ.

კოკოითის ხელისუფლება რუსეთის დახმარებით „ახალი ცხინვალის“ აშენებას აპირებს. ოსი მეცნიერები კი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ცდილობენ და ადგილობრივ მთავრობას ზოგიერთი ძეგლის კონსერვაციისკენ მოუწოდებენ. ამჟამად ცხინვალში უკვე განადგურებულია ისტორიული „ებრაელების უბანი“ და დანგრეულია წითელი მონასტერი.

ოსმა მეცნიერებმა დე ფაქტო ხელისუფლებას არაერთხელ სთხოვეს, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მშენებლობა დროებით შეჩერებულიყო, რათა გახსნილ სამარხებში აღმოჩენილი ნივთების გატანა და ისტორიულ–კულტურული ძეგლებისთვის ფოტოების გადაღება მაინც მოესწროთ, მაგრამ, როგორც არექოლოგები და ისტორიკოსები აცხადებენ, მათ არავინ უსმენს, ძეგლების განადგურებას კი უკვე მათი ძარცვაც დაერთო. ისტორიკოსი ნელი თაბოევა მშენებლობებზე საკუთარი ფოტოაპარატით დადის და ჯერჯერობით გადარჩენილ ძეგლებს იღებს. მან ადგილობრივი ტელევიზიით მშენებლებს და ქალაქის მცხოვრებთ მოუწოდა, ქრისტიანობის წინა პერიოდის სამარხებიდან მოპარული ნივთები დააბრუნონ. თაბოევა ირწმუნება, რომ ქურდების ვინაობა იცის და ადგილობრივ მილიციას მიმართავს. ცხინვალში ისტორიული სამარხების ძარცვა იმდენად გახშირდა, რომ საქმეში თვითაღიარებული ალანთა ეპარქიის ეპისკოპოსი გიორგი ჩაერთო. მან ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას მოპარული ნივთების სახელმწიფოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

აგვისტოს ომის შემდეგ ქართველი მეცნიერები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვეღარ შედიან, ამიტომ მათთვის როგორც ცხინვალის, ასევე ლიახვის ხეობის ისტორიული მემკვიდრეობის ამჟამინდელი მდგომარეობა უცნობია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ცხინვალში საქართველოს ისტორიის ნაწილს შლიან. ის ოსი მეცნიერების პოზიციას იზიარებს და რუსული სამშენებლო კომპანიების საქმიანობას ვანდალიზმს უწოდებს. ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თქმით, სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებზე თბილისიდან რეაგირება შეუძლებელია. ქართველი მეცნიერები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, მხოლოდ ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არსებული ძეგლების რესტავრაციაზე მუშაობენ.
XS
SM
MD
LG