Accessibility links

logo-print

რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვარზე მხოლოდ კედლის მშენებლობის განზრახვა დასტურდება


აფხაზეთის ე.წ. საზღვარი

აფხაზეთის ე.წ. საზღვარი

საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ითხოვს ადეკვატურ რეაგირებას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალები გალის რაიონში დანარჩენი საქართველოსგან გამყოფი კედლის მშენებლობას იწყებენ. 17 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, რომ რუსეთი, როგორც დამპყრობელი ძალა, უკანონოდ მოქმედებას განაგრძობს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელიც მხოლოდ სამხედრო პლაცდარმად სჭირდება, 21-ე საუკუნის ევროპაში გამყოფი კედლის აღმართვას ცდილობს. ოკუპირებულ გალის რაიონში რუსი ჯარისკაცების მიერ კედლის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ გაავრცელა. მისმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში თორნიკე კილანავამ 18 აგვისტოს რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ „კედელი უფრო პირობითი რამაა და მას ფიზიკური სახე ჯერჯერობით არ მიუღია“. კილანავას ინფორმაციით, ადმინისტრაციული საზღვრის პერიმეტრზე უშუალოდ კედლის მშენებლობა არ მიმდინარეობს, თუმცა ზოგიერთი ადგილი მავთულხლართებით უკვე შემოღობილია, ჩატარებულია მიწის აზომვითი სამუშაოც და დიდი რაოდენობით სამშენებლო მასალაა შეტანილი.

გალის რაიონში კედლის მშენებლობის განზრახვა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ უარყო. დე ფაქტო უშიშროების სამსახურის სასაზღვრო განყოფილების უფროსმა ზურაბ მარღანიამ სოხუმში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გალის რაიონში არ შენდება თბილისის მიერ „ახალ ბერლინის კედლად“ შეფასებული არანაირი ნაგებობა. მარღანიას მტკიცებით, გალის რაიონში მიმდინარეობს მხოლოდ ის სამუშაოები, რომელიც აფხაზი და რუსი მესაზღვრეების მიერ საზღვრის ერთობლივად დაცვას სჭირდება. სამუშაოების მიმდინარეობას ადასტურებენ ის ადამიანები, რომლებიც გალიდან და ოჩამჩირიდან დღეს ზუგდიდში ჩამოვიდნენ. ქალაქ გალის მკვიდრმა რადიო თავისუფლებას უამბო, რომ, მავთულხლართებისგან განსხვავებით, საზღვარზე კედლის მსგავსი ნაგებობის მშენებლობა არ უნახავს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს რუსმა სამხედროებმა უკვე აცნობეს, რომ უახლოეს ხანში საზღვრის გადაკვეთას მხოლოდ ენგურის ცენტრალური ხიდით შეძლებენ. ოჩამჩირელმა ქალმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სამეგრელოს რეგიონისკენ ოჩამჩირიდან და სოხუმიდან მიმავალი ქართველები ე.წ. საზღვარზე 25 ლარს იხდიან. ამ ტერიტორიაზე კედლის მსგავსი ნაგებობის მშენებლობის დაწყებას ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში როგორც ფეხით, ასევე ავტოტრანსპორტით ჩამოსული ადამიანები არ ადასტურებენ.
XS
SM
MD
LG