Accessibility links

logo-print

1989 წლის 19 აგვისტო - დღე, როდესაც რკინის ფარდა გაიბზარა


აღმოსავლეთ გერმანელი მამაკაცი რომელმაც 1989 წელს უნგრეთ-ავსტრიის საზღვარი გადაკვეთა

აღმოსავლეთ გერმანელი მამაკაცი რომელმაც 1989 წელს უნგრეთ-ავსტრიის საზღვარი გადაკვეთა

ავსტრიისა და უნგრეთის საზღვარზე დღეს საზეიმოდ აღნიშნავენ მეოცე წლისთავს დღისა, რომელიც რკინის ფარდაში პირველი ბზარის შემტანად არის მიჩნეული. 1989 წლის 19 აგვისტოს აღმოსავლეთ გერმანიის ასობით მოსახლეს შესაძლებლობა მიეცა უნგრეთიდან ავსტრიაში გადასულიყო ისე, რომ ამაში უნგრეთის უშიშროების ძალებმა მათ ხელი არ შეუშალეს. გაქცევა ე.წ. ”პანევროპული პიკნიკის” დროს მოხდა, რომელიც უნგრეთ-ავსტრიის საზღვართან მდებარე ქალაქ შოპრონში უნგრეთის ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით ტარდებოდა.

ერთი შეხედვით, ეს ცენტრალური ევროპის ერთ ჩვეულებრივ სოფლის ნაკვეთს ჰგავს. მაგრამ სწორედ ეს იყო ის ადგილი, სადაც რკინის ფარდა, რომელიც ევროპას ოთხი ათწლეულის განმავლობაში ულმობლად ყოფდა, პირველად გაიბზარა.
ნაკვეთი ავსტრია-უნგრეთის საზღვართან მდებარეობს, უნგრეთის ქალაქ შოპრონის გარეუბანში. ზუსტად ოცი წლის წინ - 1989 წლის 19 აგვისტოს - სწორედ ამ ადგილას მოაწყო უნგრეთის პოლიტიკურმა ოპოზიციამ ”პანევროპულ პიკნიკად” წოდებული ღონისძიება.

საბჭოეთის ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის მიერ ”საჯაროობის” პოლიტიკის წამოწყების ფონზე, უნგრეთი და ავსტრია შეთანხმდნენ, რომ იმ დღეს შოპრონთან მდებარე საზღვრის მონაკვეთს სამი საათით გახსნიდნენ და მოსახლეობას ერთმანეთთან გამოლაპარაკების საშუალებას მისცემდნენ.
მაგრამ, უნგრელი ორგანიზატორების წახალისებით, საზღვარს აღმოსავლეთ გერმანიის ასობით მოქალაქე მოადგა. უნგრეთის სასაზღვრო მცველებს იმ დღეს მეთაური არპად ბელა ხელმძღვანელობდა და ამ ისტორიას სწორედ ის იხსენებს.

ბელა ჰყვება, რომ დაინახა უნგრეთის მხრიდან როგორ მიუახლოვდა მას დაახლოებით ასი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი - მათ შორის, ბავშვები, ქალები და მოხუცები. აშკარა იყო, რომ მათ საზღვრის გადაკვეთა სურდათ.

მცველებს მიღებული ჰქონდათ მითითება, ცეცხლი გაეხსნათ ყველასთვის, ვინც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შეეცდებოდა. ბელა იხსენებს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ”რამდენიმე წამი” ჰქონდა მხოლოდ. ის სინდისის კარნახს მიჰყვა და ჯგუფს საზღვრის გადაკვეთის საშუალება მისცა.

იმ მომენტში, როდესაც ჯგუფმა საზღვარი გადაკვეთა, საზღვრის მცველებმა მათ აშკარად აარიდეს თვალი:
”მეორე მხარეს საოცარი რამ დავინახე. ბევრი უკვე ავსტრიის მხარეს იყო გადასული, მაგრამ კვლავ პანიკურად გარბოდა. სხვები კი, უბრალოდ, საზღვრის მეორე მხარეს მიწაზე ისხდნენ, იცინოდნენ ან ტიროდნენ. დაუჯერებლად ემოციური სცენა იყო.”

აღმოსავლეთ გერმანელების ჯგუფში დიტმარ პუგუნტკეც იყო - მაშინ 26 წლის სტუდენტი:

”მეორე მხარეს გადავედი თუ არა, ერთმა ავსტრიელმა, რომელსაც ხელში ეკლიანი მავთული ეჭირა, ვარდის მსგავსად, მითხრა, ”კეთილი იყოს შენი ფეხი თავისუფლებაშიო”. თვალებს არ ვუჯერებდი. წარმოდგენილი მქონდა ერთი კედელი, მერე მეორე, მესამე. მან კი მითხრა, რომ უკვე ავსტრიაში ვიყავი. ვუპასუხე, არ მჯერა-მეთქი. უკან გავბრუნდი და საზღვარზე კიდევ ერთხელ გადავხოხდი - თავი ისე მეჭირა, თითქოს ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო. ყველა ტაშს მიკრავდა და ძალიან ბედნიერი იყო.”

20 წლის შემდეგ საზღვარზე იმ დღის აღსანიშნავი ღინისძიებები იმართება, რომელთაც უნგრეთის პრეზიდენტი ლასლო შოიომი, პრემიერ-მინისტრი გორდონ ბაინაი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ესწრებიან. გაიხსნება საგანგებო მონუმენტიც.
უნგრეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მიკლოშ ნემეტმა, გასულ კვირაში, შოპრონში ყოფნისას, თქვა, რომ საზღვრის გადაკვეთის მომენტი ერთგვარი გამოცდა იყო გორბაჩოვის სიტყვის, რომ ხალხის საზღვრებზე გადასვლას სამხედრო ძალით არ შეეწინააღმდეგებოდა. 1989 წლის 19 აგვისტოს თავის სიტყვას საბჭოთა ლიდერმა მართლაც უერთგულა.
უნგრეთის დასავლეთის საზღვარი საბოლოოდ 11 სექტემბერს გაიხსნა - 7 ოქტომბრამდე საზღვარი აღმოსავლეთ გერმანიის დაახლოებით 50 ათასმა მოსახლემ გადაკვეთა ისე, რომ მათთვის საბჭოთა მთავრობას ხელი არ შეუშლია.

ძალიან მალე - 1989 წლის ნოემბერში - გერმანიის გამყოფი ბერლინის კედელიც დაეცა.

თავის ოფიციალურ ბლოგზე 18 აგვისტოს გაკეთებულ ჩანაწერში ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - შვეციის - საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა თქვა: ”ეს მოვლენა ყურადღების ცენტრში მოექცა და ამით დაიწყო პროცესი, რომელმაც 9 ნოემბერს ბერლინის კედლის დაცემა მოიტანა. იმ ხელოვნურმა სახელმწიფოებრივმა წარმონაქმნმა - გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ - არსებობა შეწყვიტა.”
ბილდტის თქმით, ”რკინის ფარდაში ნახვრეტის გაჩენა იმას ნიშნავდა, რომ მთლიანად ფარდა გახდა უსარგებლო. ეს ჰგავდა გიგანტურ კაშხალს, რომელსაც მოულოდნელად პატარა ნახვრეტი გაუჩნდება. ამ თვალსაზრისით, სწორედ შოპრონში დაიწყო ყველაფერმა სერიოზული რღვევა.”
XS
SM
MD
LG